ბაქოს საერთო საცხოვრებელში ხანძრის დროს ორი ადამიანი დაიღუპა
მეუღლეები სურჰაი და ელზა ალიევები ბაქოს საერთო საცხოვრებელში 6 მარტს ღამით მომხდარი ხანძრის დროს დაიღუპნენ. დაღუპულები ყარაბაღიდან დევნილები იყვნენ.
ცოლ-ქმარმა მეზობელი ბინიდან გამოსული ბოლი როდესაც იგრძნო, დერეფნისკენ გაიქცნენ, გონება დაკარგეს და გაიგუდნენ, – იუწყება Qafqazinfo.
საერთო საცხოვრებლის ყველა ბინადარი ევაკუირებულია. მთლიანობაში 22 ადამიანი დაზარალდა, ხუთი მათგანი ჰოსპიტალიზებულია.
• გამოწვევა რუსეთის მაგნიტოგორსკში: გაზის გაჟონვა თუ ტერაქტი?
ბინა, რომელშიც ხანძარი გაჩნდა, მთლიანად დაიწვა. წინასწარი ვერსიით, იქ ცეცხლი ელექტროგამყვანს წაეკიდა. შენობის დანარჩენი ნაწილი გადარჩა.
ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად ასობით ათასი აზერბაიჯანელი სომხეთიდან, მთიანი ყარაბაღიდან და მიმდებარე რაიონებიდან დევნილად და იძულებით გადასახლებულად იქცა. ბაქოში მოხვედრის შემდეგ ისინი სხვადასხვა ადგილებზე დასახლდნენ, მათ შორის – საერთო საცხოვრებლებშიც. მოგვიანებით ბევრი მათგანი სახელმწიფომ საცხოვრებლით დააკმაყოფილა, თუმცა ათასობით ადამიანი დღემდე ასე ცხოვრობს.
გასული წლის ნოემბერში მსგავსი შემთხვევა მოხდა კიდევ ერთ შენობაში, რომელიც იძულებით გადასახლებული პირებით იყო დასახლებული. მაშინ ხანძარმა 46 ოჯახი უსახლკაროდ დატოვა.