აშშ-ს ქარიშხალი "ფლორენსი" უახლოვდება. მილიონზე მეტი ადამიანი ევაკუაციის მოლოდინშია
აშშ-ს სამხრეთ აღმოსავლეთ სანაპიროს ქარიშხალი „ფლორენსი“ უახლოვდება. მას საშიშროების მეხუთე, ყველაზე მაღალი ხარისხი აქვს მინიჭებული. ქარის სისწრაფე საათში 200 კილომეტრს აღწევს, – იუწყება CNN.
ხელისუფლებამ მოსახლეობა შესაძლო ევაკუაციის თაობაზე გააფრთხილა. სტიქიის ზონიდან მთლიანობაში, შესაძლოა, მილიონზე მეტი ადამიანი გაიყვანონ.
„ფლორენსი“ წყნარ ოკეანეში კვირას წარმოიშვა და სისწრაფე მალევე აკრიფა. პროგნოზების თანახმად, ის აშშ-ს სანაპიროს ხუთშაბათს მიუახლოვდება. საფრთხე პირველ რიგში სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინასა და მერილენდის შტატებს ემუქრება. იქ გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. მოსახლეობა სასმელ წყალს, საკვებ პროდუქტებსა და აკუმულატორებს ყიდულობს.
აქამდე შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე დამანგრეველ ქარიშხლად მიჩნეულია „კატრინა“. მისი მოქმედების შედეგად ახალი ორლეანი დაიტბორა, დაიღუპა 1836 ადამიანი, ზარალმა კი 125 მილიარდი დოლარი შეადგინა.