აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ რუსეთის გავლენის საწინააღმდეგო კანონი მიიღო
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობითმა პალატამ აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში რუსეთის ფარული გავლენის საწინააღმდეგო საკანონმდებლო აქტი მიიღო. ამ დოკუმენტთან ერთად პალატამ რუსეთის წინააღმდეგ ქმედებების დასაფინანსებლად ბიუჯეტიც დაამტკიცა.
დოკუმენტი ითვალისწინებს სხვადასხვა ზომის მიღებას მოსკოვის გავლენის შესამცირებლად ამერიკის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე და ამერიკაში რუსული საიდუმლო სამსახურების საქმიანობის აღსაკვეთად. დოკუმენტში ასევე საუბარია სპეციალური კომიტეტის შექმნაზე, რომელიც რუსეთის გავლენას სხვა ქვეყნებში შეეწინააღმდეგება.
ამერიკის წარმომადგენლობითი პალატა რუსეთის გავლენის ისეთ ფორმებზე საუბრობს, როგორებიცაა: ორგანიზაციების შექმნა, მედიით მანიპულირება, დეზინფორმაციის გავრცელება, პროვოკაციების მოწყობა, ადამიანის უფლებების დარღვევა, კორუფცია, პოლიტიკური ოპონენტების მკვლელობა და ტერორისტული თავდასხმები.
უკრაინისა და საქართველოს მთლიანობის დაცვა
დოკუმენტის ერთ-ერთი თავი უკრაინისა და საქართველოს მთლიანობის დაცვას ეხება. აშშ-ის ადმინისტრაციას ეკრძალება იმ ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას აღიარებენ. ასევე ეკრძალება – რუსეთის მიერ ამ ორი რეგიონის ოკუპაციის მხარდაჭერა.
ამერიკის ადმინისტრაციამ არ უნდა დაუჭიროს მხარი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას, ასევე უნდა შეუშალოს ხელი ამერიკული ინვესტიციების გადინებას ყირიმში.
100 მილიონი დოლარი სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად
დოკუმენტის მიხედვით, ამერიკა ევროპის, მათ შორის, პოსტსაბჭოთა ქვეყნების მხარდასაჭერად 100 მილიონ დოლარს გამოყოფს. ეს თანხა გათვალისწინებულია ამ ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიული ინსტიტუტების დასაფინანსებლად და მედიის თავისუფლების უზრუნველსაყოფად. დოკუმენტში ასევე საუბარია რუსეთში დემოკრატიის მხარდაჭერის პროგრამებზე, მათ შორის, თავისუფალი ინტერნეტის უზრუნველყოფაზე.
ასევე საუბარია განიხილება აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების დაფინანსება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდაჭერის კუთხით. ამერიკის მიზანია, შემცირდეს ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა ევროპაზე რუსეთის მხრიდან.
აღნიშნული დოკუმენტი უახლოეს მომავალში უნდა დაამტკიცოს სენატმა და მას ხელი პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა მოაწეროს.
სტატიის მომზადებისას გამოყენებულია Deutsche Welle-ს ინფორმაცია