აფხაზეთში 25 აგვისტოს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების წინ პასპორტების გაცემა დააჩქარეს
აფხაზეთში მკვეთრად დააჩქარეს პასპორტების გაცემის პროცესი, რათა მოსახლეობის დიდ ნაწილს 25 აგვისტოს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის შესაძლებლობა მისცენ.
ახლა პასპორტის მიღება შაბათ-კვირასაც ხდება, ავადმყოფებსა და ქმედუუნარო ადამიანებს კი, სურვილის შემთხვევაში, ინსპექტორები სახლში აკითხავენ და პასპორტებს იქ უფორმებენ.
• მოსახლეობის აპათიის ფონზე, აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნები არაპროგნოზირებადი იქნება
ეს აფხაზეთისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა იმდენად, რამდენადაც ბევრმა ადგილობრივმა პასპორტის აღება ჯერ კიდევ ვერ მოახერხა, არადა ის მოქმედებაში 2016 წელს შევიდა.
ქართველების პასპორტებთან დაკავშირებულმა სკანდალმა 2014 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, ალექსანდრ ანქვაბის ვადამდელი გადადგომა გამოიწვია. მაშინ პრეზიდენტი გახდა რაულ ხაჯიმბა, რომლის უფლებამოსილების ვადაც 25 აგვისტოს იწურება.
ახალმა კანონმა აფხაზეთის მცხოვრებლები ორ კატეგორიად დაყო – ეთნიკურად აფხაზები და ყველა დანარჩენი.
• არააფხაზებმა აფხაზეთში მოქალაქეობის უფლება უნდა დაამტკიცონ
აფხაზებს არაფრის დამტკიცება არ სჭირდებათ, მათ შორის იმისაც, რომ მათ, პოტენციურად, შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეობაც ჰქონდეთ.
მაგრამ ყველა დანარჩენს – ქართულ საზოგადოებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო – დაწესებული აქვს შეზღუდვები და ის აფხაზეთის ბევრ მცხოვრებს პრობლემას უქმნის.
აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება „საპასპორტო მაგიდების“ შვიდდღიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლასთან დაკავშირებით, „იმ ადამიანების რიცხვის გაზრდის გამო, რომლებიც პასპორტების მისაღებად, და რიგების თავიდან ასარიდებლად“საბუთებს აბარებენ.
ახალი აფხაზური პასპორტი უკვე, დაახლოებით, 130 ათასმა ადამიანმა მიიღო. კიდევ დაახლოებით სამი ათასი პასპორტის მიღებას ელოდება.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და ,პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო