აფხაზეთში ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერი პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრა
9 იანვარს, ოპოზიციის ათასამდე მხარდამჭერმა ალყა შემოარტყა აფხაზეთის პრეზიდენტის სასახლეს, კარი შეამტვრია და შიგნით შეიჭრა.
Posted by Низфа Аршба on ხუთშაბათი, 09 იანვარი, 2020
მოხდა რამდენიმე ლოკალური შეტაკება. არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტი სასახლეში არ იმყოფება.
ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა – არალეგიტიმურად გამოცხადდეს 2019 წლის 8 სექტემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, როდესაც პოსტზე ხელახლა აირჩიეს რაულ ხაჯიმბა.
ოპოზიციის მთავარი არგუმენტი – ხაჯიმბამ მეორე ტურში მოწინააღმდეგეზე მეტი ხმა დააგროვა, მაგრამ მხოლოდ 47 პროცენტი, იმ დროს, როდესაც კანონის მიხედვით, გამარჯვებისთვის საჭიროა 50%-ს +1 ხმა.
ოპოზიცია ახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვს. ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება 9 იანვარს, უზენაესი სასამართლოს საკასაციო ინსტანციას უნდა მიეღო. სწორედ ეს სხდომა გახდა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის მთავარი მიზეზი.
თუმცა, სხდომა მას შემდეგ გაუქმდა, რაც სასამართლომ ოპოზიციის პროტესტის გამო ერთი მოსამართლის კანდიდატურა გაიწვია – რომან კვარჩიასი. ოპოზიციამ ის დაინტერესებულ პირად მიიჩნია, რამდენადაც მისი კანდიდატურა, სხვა მოსამართლეებთან ერთად, პრეზიდენტის მიერ იყო წარდგენილი.
ახლა, ორი თვის განმავლობაში, საკასაციო ინსტანციის ახალი შემადგენლობის ფორმირება უნდა მოხდეს, რის შემდეგაც, ახლიდან განიხილავენ ოპოზიციის სარჩელს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ.
ოპოზიციურმა პარტია „აიტაირამ“ (ლიდერი – გავლენიანი პოლიტიკოსი, აფხაზეთის ექს-პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი) პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას სიტუაციის განსამუხტავად თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა.