აფხაზეთის ძველი ახალი პრემიერი
პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ, რომელიც 8 სექტემბერს მეორე ვადით აირჩიეს, მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის პოსტზე ვალერი ბგანბა დანიშნა
აფხაზეთში პრემიერ-მინისტრი დანიშნეს – ამ პოსტზე დარჩა ვალერი ბგანბა, რომელიც აქამდეც ხელმძღვანელობდა მინისტრთა კაბინეტს. 8 სექტემბერს ხელახლა არჩეულმა პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გადაწყვიტა, რომ არაფერი შეეცვალა.
• აფხაზეთი: ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია – და ოპოზიციის პროტესტი
• მოსაზრება: რატომ ვერ შეცვლის ვერცერთი ახალი პრეზიდენტი აფხაზეთში ვერაფერს
9 ოქტომბერს, საკუთარი ინაუგურაციის მეორე დღეს, კანონის თანახმად, ხაჯიმბამ თანამდებობიდან გაათავისუფლა მთავრობა ვალერი ბგანბას ხელმძღვანელობით.
რამდენიმე დღე ყველა განიხილავდა, ვინ გახდებოდა ახალი პრემიერ-მინისტრი. სახელდებოდა სხვადასხვა გვარები – ეკონომიკის მინისტრ ადგურ არძინბადან დაწყებული, მოქმედი ბიზნესმენით, ყველაზე დიდი აფხაზური კომპანიის, „აფხაზეთის ღვინო და წყლების“ ხელმძღვანელით, ნიკოლაი აჩბათი დასრულებული.
თუმცა, რაულ ხაჯიმბამ გადაწყვიტა სიურპრიზების გარეშე გაეკეთებინა ყველაფერი. კანონი მას საშუალებას აძლევდა, საკადრო საკითხი სამი თვის ვადაში განეხილა, მაგრამ პრეზიდენტი სამ დღეში ჩაეტია.
66 წლის ვალერი ბგანბა ძველი კოჰორტის პოლიტიკოსია. ის ჯერ კიდევ აფხაზეთის პირველი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო.
სხვადასხვა დროს ის ხელმძღვანელობდა გაგრის რაიონის, 2012-დან 2017 წლამდე კი პარლამენტის სპიკერი იყო.
მას შემდეგ, რაც 2014 წელს, საპრეზიდენტო სასახლეზე ოპოზიციის შტურმის შემდეგ, პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი იძულებული გახდა თანამდებობა ვადაზე ადრე დაეტოვებინა და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა, ვალერი ბგანბა ოთხი თვე ასრულებდა სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობას.
2018 წლის სექტემბერში, ავტოავარიის შედეგად, პრემიერ-მინისტრ გენადი გაგულიას ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, პრეზიდენტმა ხაჯიმბამ ამ პოსტზე ვალერი ბგანბა დანიშნა და მას შემდეგ, ის არის აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო