აზერბაიჯანში ხუთწლიანი პატიმრობის შემდეგ ოპოზიციური პარტიის ლიდერის განაჩენი გაუქმდა
გაზიარება
გაზიარება
აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ ილგარ მამედოვის საქმე მოულოდნელად ქალაქ შეკის სააპელაციო სასამართლოში ხელმეორე განხილვისთვის დააბრუნა, რითაც ადვოკატის რიგით მეორე საკასაციო საჩივარი დააკმაყოფილა. გაურკვეველია, რით დასრულდება ეს გადაწყვეტილება – გაათავისუფლებენ თუ არა მამედოვს, რომელსაც კიდევ ორწლიანი პატიმრობა აქვს დარჩენილი – თუ, პირიქით, ეს ვადა გაიზრდება. ამჟამად ის ციხეში რჩება, მიუხედავად იმისა, რომ განაჩენი გაუქმებულია.
ილგარ მამედოვის საქმე – აზერბაიჯანის ხელისუფლებას, ევროპის უფლებადამცავ ორგანიზაციებსა და ევროპის საბჭოს შორის ერთ-ერთ „დაბრკოლების ლოდს“ წარმოადგენს.
ოპოზიციური პარტია „რესპუბლიკური ალტერნატივას“ ლიდერს ილგარ მამედოვს 2013 წელს, ისმაილინის რაიონში არეულობების ორგანიზების ბრალდებით, თავისუფლების 7 წლით აღკვეთა მიესაჯა.
მოცემულ მომენტში ილგარ მამედოვი – აზერბაიჯანში ყველაზე ცნობილი მსჯავრდებული ოპოზიციონერია. მას არაერთხელ დადგომიან თავდებად მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციები, ევროპის საპარლამენტო ასაბლეის ჩათვლით.
ჯერ კიდევ 2014 წელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ილგარ მამედოვის უპირობო გათავისუფლების გადაწვეტილება გამოიტანა. თუმცა, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილების შესრულებაზე უარი განაცხადა, რასთან დაკავშირებითაც გასული წლის დეკემბერში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სასამართლო განხილვა დაიწყო.
რაც შეეხება პლენუმის სხდომას, თავად ილგარ მამედოვი ამის თაობაზე სულ რაღაც ორი დღით ადრე გაათვითცნობიერეს, და ის სხდომას არ დასწრებია.
„რესპუბლიკური ალტერნატივა“-ს ერთ-ერთი წევრი ემინ ბაბაევი მოვლენების ამგვარად განვითარებას წინასწარმეტყველებს:
„საქმის შეკის სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნა – ნიშნავს იმის შესაძლებლობის შექმნას, რომ ილგარ მამედოვის გათავისუფლება 5-6 თვით გაჭიანურდეს. იდეაში, წინა გადაწყვეტილებების ლიკვიდაციის კვალდაკვალ, უნდა გამოტანილიყო მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების გადაწყვეტილებაც. ახლა კი მას შეკიში გაგზავნიან და საქმის განხილვა დაახლოებით ნოემბრამდე გაიწელება. შემდეგ, ალბათ, პატიმრობის დარჩენილ ვადას პირობითად გამოაცხადებენ და ილგარს გაათავისუფლებენ, ოღონდ გადაადგილების შეზღუდვით“.
ბაბაევის აზრით, ხელისუფლების მხრიდან „ეს უბრალოდ წვრილმანი შურისძიებაა იმისთვის, რომ ილგარმა შეწყალების თაობაზე თხოვნის დაწერა არ ისურვა“.
მსგავს, თუმცა უფრო პესიმისტურ აზრს გამოთქვამს „რესპუბლიკური ალტერნატივა“-ს წევრი ნატიგ ჯაფარლი:
„ხელისუფლება ფაქტობრივად დროს წელავს, რომ ილგარი არ გაათავისუფლონ, და ყველაფერს სწორედ ამ მიზნით აკეთებენ. ახლა სასამართლო განხილვა თვეობით გაჭიანურდება, ხოლო შედეგი რა იქნება – გაუგებარია… თუკი მთავრობა ოდნავ მაინც ფიქრობს სახელმწიფოს ინტერესებზე, ილგარი შეკიში სასამართლოს პირველივე სხდომაზე უნდა გაათავისუფლონ“.
ილგარ მამედოვი მისთვის მისჯილი შვიდი წლიდან პატიმრობაში უკვე ხუთ წელიწადზე მეტ ხანს იმყოფება. თუკი სასამართლო მას ახალ განაჩენს გამოუტანს, მაშინ პატიმრობის ახალ ვადაში ეს ხუთი წელიწადი მოხდილად ჩაითვლება.