აზერბაიჯანში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებას ჩიტებს აბრალებენ
სამხედრო თვითმფრინავი „МиГ-29“ ჩიტებთან ან ჩიტების გუნდთან შეტაკების გამო ჩამოვარდა – ასეთ დასკვნამდე მივიდა გამოძიება „შავი ყუთის“ გაშიფვრის შემდეგ.
• JAMnews-ის რეპორტაჟი ამერიკული სამხედრო ხომალდის ბორტიდან
• „მძევლები“ – ფილმი საქართველოში თვითმფრინავის ყველაზე ცნობილი გატაცების შესახებ
თვითმფრინავი „МиГ-29“, რომელიც აზერბაიჯანის სამხედრო-საჰაერო ძალებს ეკუთვნოდა, 24 ივლისს ღამის საწვრთნელი ფრენის დროს ზღვაში ჩავარდა.
დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა ვერც თვითმფრინავისა და ვერც პილოტის პოვნა. სამძებრო სამუშაოებში რუსი და თურქი სპეციალისტები ჩაერთვნენ.
საბოლოოდ, 16 აგვისტოს თვითმფრინავის ფრაგმენტები აღმოაჩინეს, 19 აგვისტოს – „შავი ყუთი“, 20 აგვისტოს კი – სავარძელზე ღვედგადაკრული პილოტის გვამი.
„პილოტმა თვითმფრინავის მართვის აღდგენა სცადა, რათა ავარია აერიდებინა. თუმცა, სხეულის მძიმე დაზიანებებმა ეს შეუძლებელი გახადა, და სწორედ ამან გამოიწვია თვითმფრინავის ჩამოვარდნა“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მაგრამ იმას არ განმარტავენ, თუ როგორ მოხდა ავარია, რატომ და ზუსტად როგორ მიიღო პილოტმა ტრავმები. ასევე გაურკვეველია, თუ რატომ არ მოახდინა მან საბოლოოდ კატაპულტირება.