აზერბაიჯანში მიტინგის მონაწილეებით პოლიცია დაინტერესდა
19 იანვარს ბაქოში პოლიტპატიმრების მხარდამჭერი ოპოზიციის მიტინგის მონაწილეები ჩივიან, რომ მათი პიროვნებებით პოლიცია დაინტერესდა. სხვადასხვა მიზეზით, მათი პოლიციის განყოფილებებში დაბარება დაიწყეს. ზოგიერთს ტელეფონით რამდენიმე შეკითხვა დაუსვეს. შეკითხვები, ძირითადად, მათ საპასპორტო მონაცემებს ეხებოდა – ზუსტდებოდა სახელი და გვარი, მისამართი და ტელეფონი. ზოგიერთს მათი საქმიანობისა და პარტიულობის შესახებ ეკითხებოდნენ. რეკავდნენ, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, პოლიციის ლოკალური განყოფილებებიდან, და არა საგანგებო განყოფილებიდან.
რა არის უცნაური ამ სიტუაციაში?
გასაკვირი არაფერია იმაში, რომ აზერბაიჯანის პოლიცია საპროტესტო მოძრაობის მონაწილეებით ინტერესდება. მაგრამ ახლა ამ ინტერესმა უჩვეულოდ მასობრივი ხასიათი და უჩვეულო სიზუსტე შეიძინა – დაურეკეს არამხოლოდ ცნობილ აქტივისტებს, არამედ ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც მიტინგზე პირველად იყვნენ, და საერთოდ, იქ შემთხვევით მოხვდნენ. მიტინგზე 7 ათასზე არანაკლები რაოდენობის ადამიანი იყო.
• ყველაფერი ოპოზიციის მიერ 19 იანვარს გამართული მიტინგის შესახებ
პოლიციელები ყველაზე ხშირად იმას უარყოფდნენ, რომ ამ ზარებს მიტინგთან რაიმე კავშირი ჰქონდა, და ადამიანებისადმი ინტერესს „ტელეფონის ნომერთან დაკავშირებული პრობლემებით ხსნიდნენ“, ან სხვა „შემოწმებას“ იმიზეზებდნენ.
ერთ-ერთი ამგვარი საუბრის შესახებ ჟურნალისტი რამინ დეკო ჰყვება. მის შემთხვევაში, შეკითხვა პირდაპირ მიტინგთან დაკავშირებით იყო დასმული:
„დღეს იმ უბნის რწმუნებულმა დამირეკა, სადაც ჩაწერილი ვარ. მკითხა, მივიღე თუა არა 19 იანვრის მიტინგში მონაწილეობა. ვუთხარი, რომ ვმონაწილეობდი, და ვიდრე მიზეზით დაინტერესდებოდა, ასევე ვთქვი, რომ მიტინგი დაშვებული იყო, და მე მას, როგორც ჟურნალისტი, ისე ვესწრებოდი. მიტინგთან დაკავშირებით კითხვების დასმა შეწყვიტა, მკითხა, სად ვცხოვრობდი, და დამემშვიდობა. ასეთი რამ პირველად ხდება“.
კომენტარები Facebook-იდან:
„ურეკავენ არამხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ რიგ-რიგობით ყველას, ვინც ახლომახლო იმყოფებოდა, ან გვერდით ჩაიარა“;
„ბებიაჩემსაც კი დაურეკეს“.
სოციალურ ქსელებში ვარაუდებს გამოთქვამენ, როგორ განსაზღვრა პოლიციამ, თუ ვინ იმყოფებოდა მიტინგზე.
ოფიციალურ პირებს ამ სიტუაციაზე არავითარი კომენტარი არ გაუკეთებიათ.