აზერბაიჯანში კიდევ ერთი ჟურნალისტი დააპატიმრეს
აზიზ ორუჯევი, ონლაინ ტელევიზია “არხი 13”-ის რედაქტორი, 2 მაისს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააპატიმრეს და 30 დღე-ღამით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ამის შესახებ იუწყება “არხი 13”-ის ოფიციალური ვებგვერდი, რომელიც ამჯერად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დაბლოკილია.
აზიზ ორუჯევი სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა 2 მაისს, დილით დააკავეს თავის მეუღლესთან ლამია ორუჯევასთან ერთად, რომელიც იმავე არხზე მუშაობს. ისინი ბაქოს ნასიმინის რაიონის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.
მოგვიანებით პოლიციაში განაცხადეს, რომ აზიზ ორუჯევი იმ ადამიანივით გამოიყურებოდა, რომელიც იძებნება.
“ჩვენ ძებნაში მყოფი ადამიანის ფოტო გვიჩვენეს. ის სრულიად არ ჰგავს აზიზ ორუჯევს. ეს მხოლოდ აზიზ ორუჯევის დაკავებისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში მისთვის ბრალდების წაყენების მიზეზი იყო “, – უთხრა სააგენტო “ტურანს” ჟურნალისტის ადვოკატმა ელჩინ სადიგოვმა.
აზიზ ორუჯევი თავს დამნაშავედ არ ცნობს. “სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.
სადიგოვი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ ჟურნალისტის დაპატიმრება – მსოფლიო პრესის თავისუფლების აღნიშვნის თარიღის – 3 მაისის წინა დღეს მოხდა. და ეს დაპატიმრება სწორედ პრესის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული”, – თქვა სადიგოვმა.
გარკვეული დროის შემდეგ ლამია ორუჯევა გაათავისუფლეს.
- ინტერნეტ ტელევიზია “არხი-13” 2008 წელს შეიქმნა. ეს არხი წარმოადგენს თავისუფალ ველს სამეცნიერო-სამეწარმეო ორგანიზაციებისთვის, სამართალდამცველებისთვის, ახალგაზრდა აქტივისტებისთვის, პოლიტიკოსებისა და ყველა იმ პირისთვის, რომლებსაც სხვა საეთერო სივრცეებზე ხელი არ მიუწვდებათ.
- “არხი 13”-ის დამაარსებელი ანარ ორუჯევი (აზიზ ორუჯევის ძმა), საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მიზნით, გერმანიაში იმყოფება.
- სიტყვის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო სამართალდამცავმა ორგანიზაციამ “რეპორტიორები საზღვრების გარეშე” შეადგინა, აზერბაიჯანი 180 ქვეყნიდან 162-ე ადგილს იკავებს.