აზერბაიჯანში ერთჯერადი პლასტიკური ნივთების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყება
გაზიარება
გაზიარება
აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ერთჯერადი პლასტიკური ნივთების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს და საამისოდ კომპლექსური ღონისძიებების გეგმას ამზადებს. ამის შესახებ სამინისტროს წარმომადგენელმა უმაირა ტაგიევამ განაცხადა. მისი თქმით, რადგანაც ევროპის პარლამენტმა ევროპის მთელ ტერიტორიაზე პლასტიკური ჭურჭლის და სხვა ერთჯერადი პლასტიკური ნივთების სრულ აკრძალვას უყარა კენჭი, ამით აზერბაიჯანიც უნდა დაკავდეს.
ამავდროულად, როგორც ტაგიევა ამბობს, ერთჯერადი პლასტიკურ ნივთებზე უარის თქმა თანდათანობით მოხდება, მომხმარებლისა და მეწარმეების ინტერესების გათვალისწინებით. და სამინისტრო ადამიანების გამოკითხვით დაიწყებს, რათა ამის თაობაზე მათი აზრი გაიგოს.
აქამდე პლასტიკურ ნაგავთან ბრძოლის ფარგლებში აზერბაიჯანში დაახლოებით 100 ასეთი საგანგებო კონტეინერი დგას ამგვარი ნარჩენებისთვის.
ევროკავშირის ტერიტორიაზე ერთჯერადი პლასტიკური ნივთების სრული აკრძალვა 2021 წელს უნდა მოხდეს. ზოგიერთ ქვეყანაში ერთჯერადი პლასტიკური ჭურჭელი უკვე აკრძალულია. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა საქართველომ, სადაც 1 ოქტომბრიდან შემოღებულია პოლიეთილენის თხელი პაკეტების წარმოების, გამოყენების და იმპორტის აკრძალვა
რაც შეეხება აზერბაიჯანს, მთლიანობაში პლასტიკური ნაგვისა და, კერძოდ პაკეტების პრობლემა, ძალიან მწვავედ დგას. ბაქოს მაცხოვრებლები მას ხშირად „მფრინავი პაკეტების ქალაქს“ უწოდებენ. იგულისხმება, რომ ბაქოს ქარი პაკეტებს ჰაერში რომ აფრიალებს, ეს აზერბაიჯანის დედაქალაქისთვის ჩვეულებრივი სურათია.
საქართველოში შემოღებული ახალი წესის შესახებ რომ შეიტყვეს, აზერბაიჯანის სოციალური ქსელების ბევრი მომხმარებელი ქართველების მიმართ შურს გამოთქვამდა და თავისთვისაც იგივე სურდათ:
„და ისევ ჩამორჩენილები ვართ. რა იქნებოდა ერთხელ მაინც რამეში პირველები რომ ვყოფილიყავით. მაგრამ ჩვენი ხელისუფლება მხოლოდ ყველაფერ ცუდს ებღაუჭება“
„ქარი რომ უბერავს, მთელი ჩემი ბაღი საახალწლო ნაძვის ხეს ემსგავსება; ოღონდ, სათამაშოების ნაცვლად, ტოტებზე პაკეტები კიდია.“
თუმცა, არიან ისეთებიც, ვისაც პოლიეთილენის პაკეტებზე უარის თქმა არცთუ კარგ აზრად მიაჩნით:
„და რა არის ამაში კარგი? წარმოიდგინეთ, რამდენი ხე უნდა მოიჭრას, პლასტიკური პაკეტები ქაღალდით რომ შეიცვალოს?!“
„პოლიეთილენთან ბრძოლა საჭირო არ არის, მისი გონივრულად გამოყენებაა საჭირო… თორემ ასე შეიძლება „მწვანეთა“ სექტის ადეპტად იქცე“.