აზერბაიჯანში ახალი პრემიერ-მინისტრი დაინიშნა
აზერბაიჯანის ახალი პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი გახდა.
მისი წინამორბედი, 72 წლის ნოვრუზ მამედოვი დანიშვნიდან ნახევარ წელიწადში პენსიაზე გავიდა.
• მოსაზრება: რატომ მაინცადამაინც გახარია? საქართველოს ახალი პრემიერის დანიშვნის შესახებ
• სომხეთის დამოუკიდებლობის თანატოლები
ვინ არის ალი ასადოვი
ალი ასადოვი 63 წლისაა.
ის ნახიჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაიბადა, დაამთავრა მოსკოვის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტი.
1995 წელს დეპუტატი გახდა;
1998 წელს – ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი;
2012 წელს – პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.
პრემიერის თანამდებობაზე ალი ასადოვის კანდიდატურა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა წამოაყენა და პარლამენტმა ის ერთხმად მიიღო.
ამრიგად ალი ასადოვი დამოუკიდებელი აზერბაიჯანის რიგით მეთორმეტე პრემიერ-მინისტრი გახდა.
რას ნიშნავს ეს?
აზერბაიჯანი – საპრეზიდენტო რესპუბლიკაა. ანუ, ფაქტობრივად, პრემიერ-მინისტრზე არაფერია დამოკიდებული. ამიტომ, ახალ დანიშვნას საზოგადოებაში არც განსაკუთრებული აჟიოტაჟი გამოუწვევია, და მას არც მოლოდინები მოჰყოლია.
პარლამენტის სპიკერი ოქტაი ასადოვი დარწმუნებულია, რომ „ალი ასადოვის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის წარმატებული იქნება“.
დეპუტატი ვაჰიდ აჰმედოვი იმედოვნებს, რომ ეს დანიშვნა აზერბაიჯანის ეკონომიკურ განვითარებას დაეხმარება და ახალ პრემიერს სთხოვს, რომ ყურადღება ნავთობის სექტორს მიაქციოს.
ეკონომისტი და ოპოზიციური პარტიის „რეალის“ წევრი ნატიგ ჯაფარლი ახალი პრემიერის დანიშვნის ირგვლივ არსებულ სიტუაციას არაჯანსაღად მიიჩნევს:
„ნებისმიერ ქვეყანაში, როდესაც სერიოზული საკადრო ცვლილებები ხდება, ამას თან დისკუსიები და გარკვეული „ვნებათაღელვა“ ახლავს. ჩვენთან კი ისეთი უცნაური, აუხსნელი სისტემა ჩამოყალიბდა, რომ პრემიერ-მინისტრის ცვლილებისას არც დისკუსიებია, არც ანალიზი, და არც ეკონომიკის რეაქციები, არაფერი“.
ხოლო ყოფილი სინდისის პატიმარი სეიმურ ჰეზიევი ასადოვთან დაკავშირებულ საეჭვო ისტორიებს იხსენებს:
„როდესაც ალი ასადოვი ისრაელში მკურნალობდა, იქაური მემარცხენე განწყობის მედია მის ორდღიან გაუჩინარებაზე წერდა. გარდა ამისა, მან სამხედრო ფლოტის კუთვნილი ხომალდი „ქეროღლუ“ საკუთარ რესტორნად აქცია. ერთი სიტყვით, აშკარაა, რომ მას ბნელი წარსული აქვს“.