აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე: არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფოებრიობის პროპაგანდას ეწევიან
„აზერბაიჯანის არასამთავრობო ორგანიზაციების 99% სახელმწიფოსა და სახელმწიფოებრიობას უწევს პროპაგანდას“, – განაცხადა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა ალი გასანოვმა. მისი თქმით, ეს მაჩვენებელი სასიხარულოა.
განსაკუთრებით სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ფონზე, რომლებიც, ჩინოვნიკის თქმით, „უცხოეთის წრეების გავლენის ქვეშ მოექცნენ, და მათ აზერბაიჯანის სახელმწიფოსა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ იყენებდნენ“.
ეს განცხადებები გასანოვმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო მხარდაჭერის საბჭოს შექმნის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.
მოცემულ მომენტში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხოელი დონორებისგან დაფინანსების მიღების ოფიციალური საშუალებები პრაქტიკულად არ გააჩნიათ. ამგვარი სიტუაცია მას შემდეგ შეიქმნა, რაც 2014 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის მთავრობა შეეცადა, რომ არასამთავრობოების მიერ უცხოური გრანტების მიღების პროცესი კონტროლქვეშ მოექცია.
2014 წელს მიღებული წესების თანახმად:
1. ყველა უცხოური გრანტი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროში უნდა დარეგისტრირებულიყო.
2. საკუთრივ დონორული ფონდები და ორგანიზაციები ასევე აზერბაიჯანში უნდა ყოფილიყო დარეგისტრირებული, რომ შესაძლებელი იყოს გაკონტროლება, თუ რა ტიპის გრანტები გაიცემა ადგილობრივ ორგანიზაციებზე.
სახელმწიფომ უნდა იცოდეს, სად და რაზე იხარჯება უცხოური ფული, რომ არ დადგეს ქვეყანა პოტენციური რისკის ქვეშ – ასე ახსნა აზერბაიჯანის მთავრობამ ახალი რეგულაციები.
შედეგად, უცხოელმა დონორებმა აზერბაიჯანს ზურგი აქციეს, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა, რომლებიც დონორების სახსრებით ფუნქციონირებენ, დაიკეტა ან საქმიანობა ძლიერ შეეზღუდათ.
ერთ-ერთი ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციაა – „ჰუმანიტარულ კვლევათა საზოგადოებრივი გაერთიანება“. მისი ხელმძღვანელი უფლებადამცველი ავაზ გასანოვი ამბობს, რომ მათმა ორგანიზაციამ 2014 წლის შემდეგ საქმიანობა, პრაქტიკულად, შეწყვიტა, თუმცა ქაღალდზე არსებობას მაინც განაგრძობს:
„საერთოდ კი, თუკი 2014 წლამდე ქვეყანაში დაახლოებით 200 აქტიური არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობდა, შემდეგ მხოლოდ 50 შენარჩუნდა, და მათაც თითქმის შეწყვიტეს საქმიანობა. ამჟამად არასამთავრობოებს სახსრების მოპოვების ფაქტობრივად ერთადერთი საშუალება აქვთ – დაფინანსების მთავრობისგან მიღება. სახელმწიფო კი, რასაკვირველია, იმ პროექტებს დააფინანსებს, რომლებსაც საჭიროდ მიიჩნევს. ასე რომ, ალი გასანოვის ნათქვამიდან 99%, ჩემი აზრით, ჭეშმარიტებას შეესაბამება“.
თავის გამოსვლაში ალი გასანოვმა აღნიშნა, რომ გასული 10 წლის განმავლობაში სახელმწიფომ არასამთავრობო ორგანიზაციების 4500 პროექტის მხარდასაჭერად 36 მილიონი მანათი დახარჯა. ეს დღევანდელი კურსით თითქმის 21 მილიონ დოლარს შეადგენს.
ასევე, გასანოვის თქმით, ამ სექტორში ამჟამად 30 ათასი ადამიანია დაკავებული.