აზერბაიჯანული Buta Airways ევროკავშირის ქვეყნებში რეგულარულ ფრენებს იწყებს
13 ოქტომბერს აზერბაიჯანისა და ბულგარეთის პრეზიდენტების – ილჰამ ალიევისა და რუმენა რადევას შორის მოლაპარაკებების ფარგლებში მიღწეულია ბაქოსა და სოფიას შორის საჰაერო კავშირის გახსნის შესახებ შეთანხმება.
ფრენები დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის Buta Airways–ის მიერ 2018 წლის 16 იანვრიდან განახორციელდება – “ბულგარეთის დედაქალაქი ევროპის კავშირში პირველი ქალაქი იქნება, სადაც აზერბაიჯანული ლოუკოსტერი პირდაპირ რეისებს განახორციელებს” – იუწყებოდა პარასკევს ავიაკომპანია.
ბაქო–სოფიას მიმართულებით მინიმალური ტარიფი, ისევე როგორც ავიაკომპანიის დანარჩენი მიმართულებები, 29 ევროს (ერთი მიმართულებით) შეადგენს. ფრენები კვირაში ერთხელ, სამშაბათობით განხორციელდება.
“სოფიაში ახალი, მუდმივი რეისის გახსნა აზერბაიჯანის სამოქალაქო ავიაციისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. ავიარეისი ბაქო–სოფია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს დასვენების ახალ, პოპულარულ მიმართულებებს გაუხსნის. ავიაკომპანია Buta Airways–ის მიერ განხორციელებული რეისები ევროპასაც და ბაქოსაც ტურისტებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის. ეროვნული ლოუკოსტერი თავისი სამარშრუტო ქსელის გაფართოებასა და ოპტიმიზაციაზე მუშაობას გააგრძელებს“, – განაცხადა დახურული სააქციო საზოგადოება „აზერბაიჯანული ავიახაზების“ პრეზიდენტმა ჯახანგირ ასკეროვმა.
უახლოეს ხანში ავიაბილეთების გაყიდვა ოფიციალურ ვებგვერდზე დაიწყება.
Buta Airways – აზერბაიჯანში პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა (ლოუკოსტერი) და დახურული სააქციო საზოგადოება „აზერბაიჯანული ავიახაზების“ (AZAL) სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარმოადგენს.
Buta Airways 2016 წლის დეკემბერში დაარსდა და საქმიანობას 2017 წლის სექტემბერში შეუდგა. მოცემულ მომენტში ლოუკოსტერი ახორციელებს რეისებს ბაქოდან განჯაში და ცხრა საერთაშორისო მიმართულებით – რუსეთში, თურქეთში, უკრაინაში, საქართველოსა და ირანში.
ავიაკომპანია Buta Airways–ის შემადგენლობაშია ბრაზილიური თვითმფრინავები Embraer E190. მიმართულებების დიდი ნაწილზე თვითმფრინავების დატვირთვა 85%-ზე არანაკლებია.