აზერბაიჯანმა სომეხი „ინსტაგრამის მეფის“ გამო აშშ-ს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა
ოფიციალურმა ბაქომ ვაშინგტონს სომხური წარმოშობის აშშ-ს მოქალაქის, დენ ბილზერიანის მიერ ყარაბაღში უკანონოდ მოგზაურობის გამო საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.
დენ ბილზერიანი – სომხეთში „ინსტაგრამის მეფედ“ ცნობილი, პოკერის მოთამაშე და მსახიობი, მდიდარი ბიზნესმენის ვაჟი, „ოქროს ახალგაზრდობის“ წარმომადგენელი, თავის ძმასთან ადამთან და მოდელ საილენა მედეიროსთან ერთად სომხეთში აგვისტოს ბოლოს ჩავიდა და იქ ყოფნის განმავლობაში სომხეთის პასპორტის მიღება და სომხეთის შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება მოასწრო.
ინფო: მთიანი ყარაბაღი – აზერბაიჯანის შემადგენლობაში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკაა, რომელიც 1991 წლიდან საომარი მოქმედებების შედეგად სომხეთის კონტროლს დაექვემდებარა, და ცალმხრივად განაცხადა საკუთარი დამოუკიდებლობის შესახებ, რომელსაც არ ცნობს მსოფლიოს არცერთი ქვეყანა, მათ შორის – არც სომხეთი. ინფო
ნოტაში ნათქვამია, რომ ყარაბაღში ყოფნისას დენ ბილზერიანი უკანონო რეჟიმის პროპაგანდას ეწეოდა, არალეგალურად შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოზიციების მიმართულებით საჩვენებელი ცეცხლი გახსნა.
აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ ამ მიზეზით სისხლის სამართლის საქმე აღძრა და ბილზერიანზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. ახლა ბაქო იმედოვნებს, რომ ვაშინგტონი ზომებს მიიღებს, რომ მსგავსი რამ მომავალში აღარ განმეორდეს.