აზერბაიჯანმა და საქართველომ სამხედრო თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი
აზერბაიჯანმა და საქართველომ 2018 წელს სამხედრო თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებათა ხელმძღვანელებმა – ზაკირ გასანოვმა და ლევან იზორიამ.
„შეხვედრის დროს თავდაცვის მინისტრებმა შეიარაღების ვერიფიკაციისა და კონტროლის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა ასევე ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები სამხედრო, სამხედრო-ტექნიკურ, სამხედრო-საგანმანათლებლო და სამხედრო-სამედიცინო სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებთან დაკავშირებით, ასევე ერთობლივი სამხედრო სწავლებების ჩატარების, სამუშაო შეხვედრების ორგანიზაციისა და იმ სხვა საკითხების თაობაზე, რომლებიც ერთობლივი ინტერესის საგანს წარმოადგენს“, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრეს-რელიზში.
იზორიამ აზერბაიჯანში მორიგი ვიზიტის შედეგებით კმაყოფილება გამოთქვა. მან აღნიშნა, რომ ბაქოსა და თბილისს შორის თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს.
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა გასანოვმა საერთაშორისო ორგანიზაციებში მისი ქვეყნის მხარდაჭერისა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისთვის ქართველი ხალხის მიმართ მადლიერება გამოხატა. მან აღნიშნა, რომ „აზერბაიჯანი ასევე აღიარებს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი.
გასანოვმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია როგორც ორმხრივ საფუძველზე, ისე ნატოს ფარგლებში, და ასევე – აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამხედრო სტრუქტურების თანამშრომლობის ფორმატშიც.