აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში ორი პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებისას დაიღუპა
რაშად ბეუკიშიევი, რომელიც განჯაში გამართული არასანქცირებული საპროტესტო აქციის დროს პოლიციელების მკვლელობასთან კავშირში იყო ეჭვმიტანილი, დაკავებისას დაიღუპა.
გენერალური პროკურატურა იუწყება, რომ ეს მოხდა13 ივლისის ღამით შამკირის რაიონის სოფელ მორანლიში, სადაც ბეუკიშიევი იმალებოდა.
მეორე ეჭვმიტანილი, სამირ იბრაგიმოვი დაკავებულია.
10 ივლისს განჯაში ჩატარდა საპროტესტო აქცია იუნის საფაროვის მხარდასაჭერად, რომელმაც ერთი კვირით ადრე ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი ელმარ ველიევი დაჭრა. ხელისუფლება თავდამსხმელს რადიკალურ ისლამისტად მიიჩნევს, საკუთრივ თავდასხმას კი – ქვეყანაში ხელისუფლების დაპყრობის მიზნით განხორციელებულ ტერორისტულ აქტად. სხვა ვერსიის მიხედვით, ეს იყო შურისძიება იმ განუკითხაობისა და უხეშობის სანაცვლოდ, რომლითაც ველიევი იყო სახელგანთქმული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საპროტესტო აქციაზე გამოსული ადამიანები „ბასრი და მჭრელი საგნებით შეიარაღებული“, ასევე რადიკალურად განწყობილი ისლამისტები იყვნენ. აქციის ორგანიზება სოციალური ქსელების მეშვეობით მოხდა. მისი დარბევის მცდელობისას პოლიციელებსა და მის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა. ორი პოლიციელი დაიღუპა.
სამირ იბრაგიმოვთან ერთად იმ აქციის კიდევ 11 მონაწილეა დაკავებული.