აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტიის წევრს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტიის “სახალხო ფრონტის” თავმჯდომარის მოადგილეს გიოზალ ბაირამლის სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ბაირამლი სასამართლომ დამნაშავედ ცნო საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით კონტრაბანდის, კონკრეტულად კი – 12 ათასი არადეკლარირებული დოლარის გადატანაზე. თავად მსჯავრდებული და მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ დოლარები მათ სამართალდამცავებმა ჩაუდეს.
გიოზალ ბაირამლი 2017 წლის 25 მაისს დააკავეს, როდესაც იგი საქართველოდან აზერბაიჯანში ბრუნდებოდა.
როგორც 5 იანვარს, სასამართლო სხდომის დროს გიოზალ ბაირამლიმ განაცხადა, მისი დაკავება წინასწარ იყო დაგეგმილი და ამ ოპერაციაში სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, სპეცსამსახურებიც მონაწილეობდნენ.
საქართველოში მის ბოლო ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე პროსამთავრობო აზერბაიჯანული მედია წერდა, რომ თბილისში ყოფნის დროს ბაირამლი საქართველოში საერთშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და მათგან ოპოზიციის დასაფინანსებლად ფული აიღო. მაშინ წერდნენ, რომ ამ შეხვედრებს ბაირამლისთან ერთად ცოტა ხნის წინ გასამართლებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი და მისი თანამოაზრეებიც ესწრებოდნენ.
აზერბაიჯანის პარტიის “სახალხო ფრონტის” თავმჯდომარის ალი კერიმლის აზრით, ბაირამლისთვის გამოტანილი განაჩენი უსამართლოა:
„სასამართლომ შეასრულა ილჰამ ალიევის მითითება. ეს პოლიტიკოსი ქალბატონი ყელში გაეჩხირა ხელისუფლებას, და აი, მას ცილი დასწამეს. მათ ვერ შეძლეს მის მძაფრ კრიტიკაზე არგუმენტირებული პასუხის გაცემა, რადგან მის ფაქტებით გამყარებული სიმართლეს, ორგანიზატორულ შესაძლებლობებს წინ ვერაფერი დაუყენეს. აშფოთებდათ ისიც, რომ მას ხალხი უჭერს მხარს. გამოსავალი იპოვეს ცილისწამებაში, ქალს ხელებზე ბორკილები დაადეს“ – დაწერა კერიმლიმ თავის ფეისბუკგვერდზე.
გიოზალ ბაირამლის დაპატიმრებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელი სტეფან შეენაკიც გამოეხმაურა:
„შეიძლება ვიკითხო, რატომ? მე შევშფოთდი სასამართლო პროცესზე, მისი დაჭერა შეცდომა იყო. კანონის უზენაესობა დაირღვა“ – დაწერა Twitter-ზე შენნაკმა თავის მიკრობლოგში ბაირამლის განაჩენთან დაკავშირებით.