„აზერბაიჯანის მთავარი პოლიტპატიმარი“ ილგარ მამედოვი თავისუფალია
აზერბაიჯანის შეკის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა ვერდიქტი ოპოზიციური პარტია „რესპუბლიკური ალეტერნატივას“ თავმჯდომარის, ილგარ მამედოვის პირობითი გათავისუფლების თაობაზე, რომელსაც ამ დროისთვის პატიმრობის შვიდიდან ხუთ წელიწადზე მეტი უკვე მოხდილი აქვს.
მამედოვს პატიმრობის ვადა 2013 წელს მიუსაჯეს, მას შემდეგ, რაც ის აზერბაიჯანის ჩრდილოეთში, ქალაქ ისმაილში გაემგზავრა, სადაც იმ მომენტში არეულობა იყო და საპროტესტო აქციები იმართებოდა. თავიდან მას ბრალი ამ არეულობების ორგანიზებასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედებოდა, მოგვიანებით კი პირველი მუხლი უფრო მძიმე მუხლით შეიცვალა – მასობრივი არეულობების ორგანიზება, რასაც თან ხანძარი და ნგრევა ახლავს.
მთელი ამ დროის განმავლობაში ილგარ მამედოვი აზერბაიჯანში პოლიტპატიმრად იყო მიჩნეული და მის გათავისუფლებას მრავალი საერთაშორისო ორგნიზაცია ითხოვდა, მაგალითად – Amnesty İnternational.
2018 წლის დასაწყისში აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი განიხილა, განაჩენი გააუქმა და საქმე შეკის სააპელაციო სასამართლოში გადასახედად დააბრუნა.
„ასეთი გადაწყვეტილების მიღება – თავისთავად სენსაციაა. ილგარი გათავისუფლებულად ითვლება. მაგრამ ეს გადაწყვეტილება ჩვენ ხელს არ გვაძლევს. ალბათ საჩივარს შევიტანთ. და მაინც, ეს კარგი ამბავია“, – ამბობს პარტია „რესპუბლიკური ალეტერნატივას“ საერთაშორისო კავშირების საქმეთა მდივანი ერკინ გადირლი.