საქართველო სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით "გაზპრომის" მოთხოვნას დათანხმდა" />

“გაზპრომი” საქართველოსთან შეთანხმებას ცვლის

საქართველო სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით "გაზპრომის" მოთხოვნას დათანხმდა

“გაზპრომი” საქართველოსთან დადებული ხელშეკრულების პირობებს ცვლის.

თუ აქამდე, მაგისტრალური გაზსადენით სომხეთში გატარებული ბუნებრივი აირის სანაცვლოდ,  საქართველო “გაზპრომისგან” გატარებული გაზის მთლიანი მოცულობის 10 %-ს იღებდა, 2018 წლიდან ნედლეულის ნაცვლად ფულად ანაზღაურებას მიიღებს.

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე “გაზპრომის” წარმომადგენლებს 10 იანვარს მინსკში შეხვდა. სწორედ იქ მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება. ახალი ხელშეკრულება ორწლიანი იქნება, რომლის თანახმად, პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომი წლიდან ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.

ენერგეტიკის მინისტრის მტკიცებით, “ამ ხელშეკრულებით საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე არ იზრდება. იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, რაც საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული ფორმაა”.

რაც შეეხება საქართველოსთვის გადასახდელ ტრანზიტის საფასურს, კალაძის თქმით, “ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის”.

გარდა ამისა, ენერგეტიკის მინისტრის მტკიცებით, არსებობს შეთანხმება, რომლის მიხედვით, საქართველო საჭიროების შემთხვევაში, რუსეთიდან გაზს, 215 დოლარის ნაცვლად, 185 აშშ დოლარად შეიძენს.

“გაზპრომი” გასულ წელსაც ითხოვდა ხელშეკრულების პირობების გადახედვას და საფასურის მონეტიზაციას. 
მას არგუმენტად მოჰყავდა ევროპის ენერგეტიკული ქარტია, რომელიც საქართველოს ავალდებულებს “გაზპრომისგან”, ნედლეულის ნაცვლად, ფულადი ანაზღაურება მიიღოს. თუმცა, ქართველი ექსპერტები მიიჩნევდნენ, რომ ამგვარი შეთანხმება წამგებიანი იქნებოდა საქართველოსთვის. გასულ წელს საქართველოს ხელისუფლება “გაზპრომ ექსპორტის” პირობებს არ დათანხმდა, თუმცა წელს რუსული მხარის პირობა მიიღო.

საქართველოს მთავრობას  გასულ წელსაც ჰქონდა მოლაპარაკებები “გაზპრომთან” , რომლისგანაც დამატებით ბუნებრივი აირის მოცულობის შეძენასაც გეგმავდა, რასაც საქართველოში საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა. საბოლოოდ ასეთი შეთანხმება გაზპრომთან აღარ შედგა.

  • ამ ეტაპზე საქართველოსთვის გაზის მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანია. გასულ წელს მოხმარებული ბუნებრივი აირის 87,1% აზერბაიჯანიდან შემოვიდა. აზერბაიჯანულ გაზს საქართველო შეღავათიანი ფასით ყიდულობს: მოსახლეობისთვის მისაწოდებელ 1000 კუბ.მეტრს 120 აშშ დოლარად, თბოსადგურებისთვის კი ყოველ 1000 კუბ.მეტრს – 143 აშშ დოლარად. ეს ფასი გაცილებით დაბალია იმ ღირებულებასთან შედარებით, რასაც “გაზპრომი” სტრატეგიულ პარტნიორს, სომხეთს სთავაზობს: სომხეთი ამჟამად 1000 კუბურ მეტრ რუსულ გაზში 165 დოლარს იხდის. აზერბაიჯანულთან ერთად საქართველო დღეს რუსულ გაზსაც იღებს, თუმცა გაცილებით უფრო ცოტას. 2014 წელს საქართველომ რუსეთიდან 267 მლნ 773 ათასი კუბური მეტრი გაზი მიიღო. აქედან 206 მლნ 166 ათასი კუბური მეტრი ტრანზიტის საფასურია – ჩრდილოეთ-სამხრეთის 221 კმ-იანი გაზსადენით სომხეთში გატარებული რუსული ბუნებრივი აირის საერთო მოცულობის 10% საქართველოს რჩება.
  • მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით გასულ წელს საქართველოს გავლით სომხეთს დაახლოებით 2.1 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიეწოდა, საიდანაც 0.3 მილიარდი საქართველოში დარჩა.
  • “გაზპრომი” მსოფლიო მასშტაბით უმსხვილესი რუსული კომპანიაა, რომლის 51%-ს რუსეთის მთავრობა ფლობს.

 

 

 


ასევე წაიკითხეთ