მთავრობის ცნობილი გამკრიტიკებელი მეჰმან ჰუსეინოვი გუშინ, საღამოს 8 საათზე გაუჩინარდა. დღეს კი მას პოლიციის დაუმორჩილებლობაში სდებენ ბრალს" />

ბაქოში ბლოგერს ასამართლებენ

მთავრობის ცნობილი გამკრიტიკებელი მეჰმან ჰუსეინოვი გუშინ, საღამოს 8 საათზე გაუჩინარდა. დღეს კი მას პოლიციის დაუმორჩილებლობაში სდებენ ბრალს

17 .00, 10.01.2017

სასამართლომ მეჰმან ჰუსეინოვი პოლიციის ბრძანების შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა.

აი, რა თქვა მეჰმან ჰუსეინოვმა მისი დაკავების შესახებ:

“მეგობრებთან გამომშვიდობების შემდეგ ათი მეტრიც არ მქონდა გავლილი, როდესაც რვა ადამიანი დამესხა თავს. თავზე ტომარა დამაფარეს და პირი ისე დამიხშეს, რომ სუნთქვა აღარ შემეძლო. მანქანაში შემაგდეს და თავი მუხლებამდე დამახრევინეს.

არ ვიცი, სად მიმიყვანეს, მაგრამ ასეთ უმოძრაო მდგომარეობაშო ვიყავი სამი საათის განმავლობაში, არც ნორმალურად სუნთქვის საშუალება მქონდა, და არც მოძრაობის. თავზე კი ტომარა მქონდა ჩამოცმული. ამის შემდეგ ნასიმის პოლიციის განყოფილებაში, უფროსის მოადგილესთან მიმიყვანეს. ტომარა მომხსნეს და მივხვდი, სადაც ვიყავი. იატაკზე დავეცი.

ნახევრად გულწასულ მდგომარეობაში ვიწექი იატაკზე, როდესაც საყვედურს მიცხადებდნენ. როგორც ჩანს, ჩემს საქმიანობას აკრიტიკებდნენ. ამის შემდეგ ხელი ამაწევინეს და დიდი წვალებით მაიძულეს, ოქმზე მომეწერა ხელი. საკანში მიმიყვანეს და სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახეს. ორი ნემსი გამიკეთეს – ტკივილგამაყუჩებელი და დასაძინებელი წამლები. დილამდე მეძინა, დილით კი გამაღვიძეს და მითხრეს, რომ სასამართლოში მივდიოდით. ჩემთვის ჩვენება არავის ჩამოურთმევია.

მეჰმანმა თქვა, რომ ოთხი საათი გაატარა სერჟანტებთან ლაპარაკში და ეს საუბარი სრულიად მშვიდობიანად დასრულდა, სასამართლო პროცესზე კი პოლიციელებმა მის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება და აღნიშნეს, რომ ჰუსეინოვი მათ ეჩხუბა.

“კარგია, რომ მოსამართლეს ადამიანობა არ ჰქონდა დაკარგული. იცინოდა კიდეც იმის გამო, რაც მოხდა”, – ამბობს ბლოგერი.

საბოლოო ჯამში, სასამართლომ ჰუსეინოვს ორასმანათიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

მეჰმანი აცხადებს, რომ გადახდას არ აპირებს.

10.01.2017

მეხმან ჰუსეინოვი, რომელიც გუშინ გაუჩინარდა, დღეს ნასიმინის რაიონულ სასამართლოში იპოვეს. როგორც ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აცხადებს, ბლოგერს პოლიციის მოთხოვნების დაუმორჩილებლობაში სდებენ ბრალს. სასამართლო სხდომა სამი საათისთვისაა ჩანიშნული.

09.01.2017

ბაქოში ბლოგერი მეჰმან ჰუსეინოვი გაუჩინარდა, რომელიც ხელისუფლების ქმედებების მწვავე კრიტიკითაა ცნობილი. თავის შეხედულებებსა და შენიშვნებს იგი “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე აქვეყნებს მის “ფეიჯს””Sancaq” ჰქვია. სარამოს რვა საათამდე მეჰმანი მეგობრებთან ერთად იყო, შემდეგ კი კოლეგას უნდა შეხვედროდა, მაგრამ ის არ მივიდა. ბლოგერს პოლიციის განყოფილებებში ეძებდნენ, მაგრამ ამაოდ. პოლიციამ ჰუსეინოვის გაუჩინარების განცხადება მიიღო.

ბლოგერის მეგობარი, ულვი ჰასანლი ამტკიცებს, რომ არსებობს მოწმე, რომელმაც დაინახა, თუ როგორ შეიპყრო მეჰმანი სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა ხუთმა ადამიანმა და მანქანაში ჩატენა.

გაუჩინარებამდე მცირე ხნით ადრე ჰუსეინოვმა რამდენიმე ვიდეორგოლი და ფოტოსურათი გამოაქვეყნა, რომლებზეც აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატების ვილებია გამოსახული. ამ ვიდეორგოლში ის იმ ვილას გვიჩვენებს, რომელიც, ბლოგერის აზრით, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკუთვნის.

  • ბლოგერს მანამდეც ჰქონდა პრობლემები პოლიციასთან – 2012 წელს იგი ხულიგნობაში დაადანაშაულეს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც კი აღძრეს;
  • 2015 წელს ბლოგერმა განაცხადა, რომ პირადობის მოწმობას არ აძლევდნენ. მისი თქმით, ამის მიზეზი მისი საქმიანობა იყო, ანუ ის, რომ იგი ხელისუფლებას აკრიტიკებდა;
  • 2013 წელს მეჰმანი დააკავეს მაშინ, როდესაც ქვეყნის დატოვებას აპირებდა. ბლოგერს რამდენიმე საათის განმავლობაში არ უშვებდნენ და დაკითხვას უწყობდნენ.

ასევე წაიკითხეთ