პრემიერმა გადადგომის თარიღიც დაასახელა. მისი მომხრეები ღელავენ" />

ფრანგულ არხთან ინტერვიუში ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ გადადგომას აპირებს

პრემიერმა გადადგომის თარიღიც დაასახელა. მისი მომხრეები ღელავენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ტელეარხ „ფრანს 24“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 16 დეკემბერს აპირებს, რომ თანამდებობიდან გადადგეს.

„ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, სავარაუდოდ, 9-10 დეკემბერს ჩატარდება, პლუს-მინუს რამდენიმე დღე. ამიტომ, 16 დეკემბრამდე უნდა გადავდგე“.

პრემიერის მომხრეები მისი გადადგომის წინააღმდეგ გამოდიან. ისინი შიშობენ, რომ ამ სიტუაციით ყოფილი მმართველი ძალა – რესპუბლიკური პარტია ისარგებლებს და რევანშის აღებას და ხელისუფლებაში დაბრუნებას შეეცდება.

ამ ინტერვიუმდე ფაშინიანს არასოდეს უთქვამს,  რომ  არჩევნებამდე გადადგომას აპირებდა.

რატომ აპირებს ფაშინიანი გადადგომას

ფაშინიანის გადაწყვეტილება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. პრემიერის გადადგომის შემდეგ ეროვნული სათათბიროს (პარლამენტის) დათხოვნის პროცესი უნდა დაიწყოს.

სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, თუკი პრემიერის გადადგომიდან ორ კვირაში დეპუტატები ახალ პრემიერს ვერ აირჩევენ, მაშინ პარლამენტი დაიშლება და დაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები.

ეს არჩევნები პრემიერის გადადგომიდან არანაკლებ 30 და არაუგვიანეს 45 დღეში უნდა ჩატარდეს.

რატომ გაჩნდა რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობა

სომხეთი ქვეყნის მართვის მთლიანად საპარლამენტო სისტემაზე გადავიდა. ამ ცვლილებიდან სულ ცოტა ხანში,  ქვეყანაში „ხავედროვანი რევოლუცია“ მოხდა.

მოვიდა ახალი ძალა, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა არ აქვს, რაც დიდ უხერხულობას ქმნის პოლიტიკურ პროცესში და პარლამენტის ლეგიტიმაციასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს – „ხავერდოვანი რევოლუციის“ დროს ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა მმართველი ძალის წინააღმდეგ, ეს ძალა კი დღეს პარლამენტში უმრავლესობითაა წარმოდგენილი.

ნიკოლ ფაშინიანი მთავრობას ხელმძღვანელობს, მაგრამ პარლამენტს მისი გადაწყვეტილებების დაბლოკვა შეუძლია.

ექსპერტები ქვეყანაში არსებულ სიტუაციას მთლიანობაში ასე აფასებენ: „პარლამენტი ხალხის ნებას არ გამოხატავს“.

დავა არჩევნების შესახებ

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობას ყველა პოლიტიკური ძალა აღიარებს.

თუმცა, ნიკოლ ფაშინიანს არჩევნების ჩატარება 2018 წლის დეკემბრის პირველ ნახევარში სურს, რის წინააღმდეგაც ქვეყნის პარლამენტის ოთხი ფრაქციიდან სამი თავიდანვე გამოვიდა.

ყოფილი მმართველი პარტიის ინიციატივით, პარლამენტში ისეთი კანონპროექტიც კი გავიდა, რომელიც ეროვნული სათათბიროს დათხოვნას ბლოკავდა.

ამ კანონის მიღებას ქვეყანაში  კვლავ მრავალათასიანი მიტინგები მოჰყვა. ნიკოლ ფაშინიანის მოწოდებით, ადამიანები ქუჩებში გავიდნენ და პარლამენტის შენობას ალყა შემოარტყეს. მათ ისევ „რევოლუციურ“ პრემიერს დაუჭირეს მხარი.

ამის შემდეგ დაიწყო პრემიერსა და საპარლამენტო ძალებს შორის მოლაპარაკებები. ეს მოლაპარაკებები პარტია „აყვავებულ სომხეთის“ ლიდერთან დეკემბერში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ მემორანდუმის ხელმოწერით დასრულდა.

არჩევნების ჩატარების თარიღთან დაკავშიებით სიტყვიერი თანხმობა განაცხადეს ასევე პარტია „დაშნაკცუტიუნის“ დეპუტატებმა და რესპუბლიკური პარტიის ათობით დეპუტატმა.

ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრმა ხმათა აუცილებელი რაოდენობა მოიმარაგა და დეკემბერში არჩევნების ჩატარებისთვის რაიმე დაბრკოლება არ არსებობს.

რატომ მაინცდამაინც დეკემბერში

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დეკემბერში ჩატარების გადაწყვეტილებას ნიკოლ ფაშინიანი ეკონომიკური მიზეზებით ხსნის. პრემიერი აცხადებს, რომ ინვესტორები სომხეთში სტაბილურობას ელოდებიან, ხოლო ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა მხოლოდ არჩევნების ჩატარების შემდეგ შეიძლება.

პოლიტოლოგები და ნიკოლ ფაშინიანის ოპონენტები აღნიშნავენ, რომ ამ სუჩქარის მიზეზი ის არის, რომ პრემიერს  სურს, საკანონმდებლო ძალაუფლება მანამდე გაიმყაროს, ვიდრე მისი რეიტინგი ჯერ კიდევ ძალიან მაღალია.

რამდენიმე კვირის წინ ჩატარებულმა ერევნის უხუცესთა საბჭოს – ანუ დედაქალაქის პარლამენტის არჩევნებმა ცხადყო, რომ ნიკოლ ფაშინიანის რეიტინგი ძალიან მაღალია. ბლოკმა „ჩემი ნაბიჯი“ ამომრჩეველთა ხმების 80% პროცენტი მოიპოვა და ერევნის მერის თანამდებობა გაიმყარა.

რისი იმედი აქვთ პრემიერის ოპონენტებს

ყოფილი მმართველი პარტია და ფაშინიანის სხვა ოპონენტები ამტკიცებენ, რომ არჩევნებისთვის საჭიროა მომზადება და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად გარკვეული საკანონმდებლო ბაზაც უნდა შეიქმნას.

წორედ ამით აიხსნება მათი სურვილი, რომ არჩევნები მომავალი წლის მაისამდე გადაიდოს.

სომეხი პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ ყოფილ მმართველი ძალას უბრალოდ იმედი აქვს, რომ მაისამდე ფაშინიანის რეიტინგი მნიშვნელოვნად შემცირდება, რადგან ახალი ხელისუფლების მიერ კორუფციასთან ბრძოლისა და  სხვა პოზიტიური ქმედებების მიუხედავად, ადამიანების სოციალური მდგომარეობა არ იცვლება.

Facebook Comments

პოპულარული

ასევე წაიკითხეთ