აზერბაიჯანი: ბოლო ათწლეულის ყველაზე გახმაურებული, გამოუძიებელი საქმეები
უკანასკნელი ათწლეულების კრიმინალური შემთხვევები, რომლებზეც ვისაუბრებთ, აზერბაიჯანული საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო, მაგრამ დამნაშავეების დასჯის ნაცვლად, ადამიანებს უწევდათ დაკმაყოფილებულიყვნენ ხელისუფლების დაპირებით „გამოძიების გაკონტროლების“ შესახებ.
რას უყვებოდნენ საზოგადოებას გამოძიების შესახებ და რა უნდა მოეყოლათ?
– გენერალ რაილ რზაევის მკვლელობა, 2009 წლის 11 თებერვალი. აზერბაიჯანული არმიის ერთ-ერთი „დამფუძნებელი მამა“ სნაიპერმა საკუთარ სახლთან ავტომობილში ჩაცხრილა.
მკვლელობისთანავე პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ საქმე პირად კონტროლზე აიყვანა. თუმცა, 10 წლის გასვლის შემდეგაც არ გაკეთებულა არანაირი კომენტარი და განცხადება სახელმწიფო სტრუქტურების მიერ – არც დანაშაულის შესაძლო მოტივების და არც სავარაუდო ეჭვმიტანილების შესახებ.
– პუბლიცისტ რაფიკ ტაგის მკვლელობა 2011 წლის 23 ნოემბერს. 19 ნოემბერს მას ქუჩაში დანით მიაყენეს ჭრილობა, საავადმყოფოში რამდენიმე ინტერვიუს მიცემა მოასწრო, რომლებშიც აღნიშნა, რომ მასზე შური ისლამის გაკრიტიკების გამო იძიეს, განსაკუთრებით, ირანის ხელისუფლების კრიტიკის გამო.
რვა წელი გავიდა, მაგრამ არც ეჭვმიტანილები გამოუვლენიათ, არც არავინ დაუკავებიათ და არც საქმის გამოძიების შესახებ გავრცელებულა რაიმე ინფორმაცია.
– ხანძარი ნავთობის პლატფორმაზე, 2015 წლის 4 დეკემბერს. დაიღუპა 12 ადამიანი, 18 კი უგზოუკვლოდ დაიკარგა ნავთობკომპანია „სოკარის“ პლატფორმაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად. ძლიერი ხანძრის გამო, ცეცხლის ჩაქრობა მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ მოხერხდა.
მას შემდეგ არავინ დაუსჯიათ და არც ოფიციალური განცხადება გაკეთებულა გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
– 2017 წლის 7 მაისის ჯაშუშური სკანდალი: აზერბაიჯანის ძალოვანი უწყებები გამოვიდნენ ერთობლივი განცხადებით, რომ სამხედრო და სამოქალაქო პირებისგან შემდგარი ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს. მათ ბრალი ედებოდათ „სომხურ ძალებთან თანამშრომლობაში“ ქვეყნის ტერტერის რაიონში.
მოგვიანებით მედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბევრი ბრალდებული აწამეს და ზოგიერთი წამების შედეგად გარდაიცვალა. დაღუპულთა ახლობლები პრეზიდენტის რეზიდენციის წინ შეიკრიბნენ და მოითხოვეს, მათთვის აეხსნათ, რა მოხდა, რატომ აცნობეს თავიდან სამხედროების დაღუპვის შესახებ და რატომ დასდეს მოგვიანებით ბრალი სახელმწიფოს ღალატში.
საზოგადოების ინფორმირება არ მომხდარა გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
– სკოლის მოსწავლეების თვითმკვლელობა 2019 წლის 6 აპრილი. 14 წლის ელინა გაჯიევა სკოლის ფანჯრიდან გადმოხტა თანაკლასელების მხრიდან დაშინებისა და მასწავლებლების გულგრილობის გამო. სკოლის დირექტორმა იმის ნაცვლად, რომ სასწრაფო დახმარება გამოეძახებინა, 2 საათის განმავლობაში გოგონა საკუთარ კაბინეტში გააჩერა, კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემას აიძულებდა და ამ ყველაფერს ვიდეოზე იღებდა.
შემდეგ ელინა საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც ორი დღეში გარდაიცვალა. ნათესავები მასთან არც შეუშვეს.
დღეისათვის სკოლის დირექტორი შინაპატიმრობაში იმყოფება. სასამართლომ უარყო ბრალდების მხარის წინადადება სასჯელის გამკაცრების თაობაზე.
აპრილის ბოლოდან მოყოლებული გამოძიების მიმდინარეობის შესახებ არანაირი განცხადება არ გაკეთებულა.
რა ინფორმაციის მიღების უფლება აქვს კანონით საზოგადოებას?
მედიის საკითხების ექსპერტი, სამართალმცოდნე ალესკერ მამედლი:
„კანონში „ინფორმაციის მიღების შესახებ“ 2005 წლიდან არსებობს კონკრეტული მოთხოვნები სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ: ისინი ვალდებული არიან, წარუდგინონ ინფორმაცია კერძო და იურიდიულ პირებს, თუკი ის არ არის გასაიდუმლოებული.
მაგრამ მისი მიღებიდან შვიდი წლის განმავლობაში არ შექმნილა ინსტრუმენტი მისი განხორციელებისთვის, ინფორმაციის მიწოდება კი ომბუდსმენის აპარატისთვის დაევალათ. მაგრამ, პირველ რიგში, ომბუდსმენთან არ არის შტატი ამ მიზნებთან დაკავშირებით და მეორეც, ომბუდსმენის აპარატი ვერ უმკლავდება საკუთარ მოვალეობებსაც კი, რომელიც ადამიანის უფლებებს უკავშირდება“.
ალესკერ მამედლი გვიყვება, რომ სახელმწიფო ორგანოების საიტზე, დამატებით, კანონით გაუთვალისწინებელ ცნობებს ითხოვენ იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ინფორმაციის მიღება სურთ, მაგალითად, პირადობის დამადასტურებელ ნომერს. კანონის თანახმად, მოთხოვნაზე შვიდი სამუშაო დღის განმავლობაში უნდა უპასუხონ, მაგრამ ხანდახან ეს შესაძლოა თვეების განმავლობაში გაიწელოს.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ინფორმაციის „დახურვა“ აჩენს ჭორებს და ძირს უთხრის სახელმწიფო უწყებებისადმი ნდობას. ამგვარად, ისინი აღწევენ საკუთარი მიზნების საწინააღმდეგო ეფექტს, ანუ საზოგადოება ხდება დაუცველი საგარეო ინფორმაციის გავლენისგან:
„ამ ყველაფერს მივყავართ საზოგადოების მხრიდან სახელმწიფო ორგანოებისადმი უნდობლობამდე, ეს კი, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს ინფორმაციულ უსაფრთხოებას“.
უპასუხო მოთხოვნები
მიუხედავად იმ უფლებისა, რომელსაც მათ კანონი აძლევს, ყველაზე მეტად სახელმწიფო უწყებების დახურულობაზე დამოუკიდებელი აზერბაიჯანელი ჟურნალისტები ჩივიან.
ჟურნალისტმა რამინ დეკომ ამ საკითხზე მათთან სასამართლოში დავის წამოწყებაც კი სცადა. ადგილობრივმა სასამართლოებმა არცერთხელ არ გადაწყვიტეს საქმე მის სასარგებლოდ, ახლა კი მისი რამდენიმე საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოშია გადაგზავნილი.
იურისტ ხალიდ აგალიევის მტკიცებით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ახლა ათობით ასეთი საქმეა. ის ასევე ჰყვება, რომ მედიის უფლებების ინსტიტუტის მონაცემებით, სამთავრობო უწყებები ოფიციალურ ვებგვერდებზე საზოგადოებას მხოლოდ ინფორმაციის 30-40%-ს უზიარებენ, როგორც ამას კანონი მოითხოვს. და მხოლოდ ათიდან ერთ მოთხოვნას პასუხობენ.