ჩეჩნეთში მაღალჩინოსნების "წმენდა" მიმდინარეობს
“ნოვაია გაზეტას” მასალების მიხედვით
უკვე რამდენიმე თვეა, რაც ჩეჩნეთში რეპრესიები მიმდინარეობს – ამჯერად პრეზიდენტ რამზან კადიროვის ახლო გარემოცვის წევრების წინააღმდეგ. უკანონო საპატიმროებში, “საიდუმლო ციხეებსა” და სარდაფებში, რამდენიმე დღით, ან ზოგჯერ კვირეებით და თვეებითაც კი ხვდებიან არა მხოლოდ ჩეჩენი მაღალი თანამდებობის პირები, არამედ მათი ნათესავები, დაცვის თანამშრომლები და საახლობლო წრე.
გამოცემის ცნობით, წამების გზით დაკავებულებისგან იღებენ ინფორმაციას მათი არალეგალური ბიზნესის შესახებ და თითქმის მთელ ქონებას ართმევენ.
კადიროვის “შიდა წრის” წმენდა აგვისტოს დასაწყისში, ქალაქ არგუნის მერის იბრაგიმ თემირბაევის თანამდებობიდან გადაყენებიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაიწყო. ამ ადამიანის მიმართ კადიროვს პირადი ანტიპათიას წლების განმავლობაში ჰქონდა.
• ცდა ბედის მონახევრეა. როგორ უტევენ ჩეჩნეთიდან დევნილები ბელარუსში პოლონეთის საზღვარს
არშემდგარი შეთქმულება
თემირბაევი ჩეჩნეთში დიდ ძალაუფლებას ფლობდა და საკმაოდ ცუდი რეპუტაციით სარგებლობდა. იგი უყოყმანოდ ასრულებდა ყველა ბრძანებას სადამსჯელო ღონიძიებების შესახებ, უშუალოდ მონაწილეობდა იმ პირების გატაცებაში, ვინც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ეჭვმიტანილი იყო ჩეჩენი მეამბოხეების მხარდაჭერაში. “ნოვაია გაზეტა” მის სახელს ლგბტ-თემის წევრთა მიმართ ძალადობასაც უკავშირებს.
თემირბაევის მიმართ მტრული გრძნობები რამზან კადიროვს 2006 წლიდან გაუჩნდა, როდესაც ჩეჩნეთში მოქმედი პრეზიდენტის ალუ ალხანოვსა და რამზან კადიროვის შორის ძალაუფლებისთვის სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობდა. როგორც ამბობენ, მაშინ იბრაგიმ თემირბაიევმა მიიღო მონაწილეობა შეხვედრაში, რომელზეც ჩეჩნეთის მაშინდელმა გავლენიანმა ძალოვნებმა ალხანოვს დახმარება შესთავაზეს. ინფორმაცია ამ შეკრების შესახებ კადიროვის ყურამდე მივიდა.
ცუდად ისაუბრა კადიროვზე
დღეისთვის შიშმა მთელი ჩეჩნური ელიტა მოიცვა. ჩეჩენი მაღალჩინოსნები პოლიციის სარდაფში მიჰყავთ და წამებით აიძულებენ რამზან კადიროვისადმი არალოიალურობა აღიარონ.
სწორედ მმართველი ოჯახისადმი უპატივცემულობის გამოვლინება, რომელიც ამ ადამიანებმა პირად საუბრებში ან შეხვედრებზე გამოავლინეს, მათი და მათი ახლობლების დაპატიმრების მთავარი მიზეზი გახდა. ასევე იმათი, ვისზეც მათ ჩვენებება მისცეს.
თავად იბრაგიმ თემირბაევი არგუნის მერის თანამდებობიდან გადაყენებიდან სამი დღის შემდეგ, აგვისტოს დასაწყისში დააკავეს.
ამ სამი დღის განმავლობაში იბრაგიმ თემირბაევი, სხვადასხვა ადამიანთან სატელეფონო საუბრებში ღია ტექსტით და ძალიან არაპოლიტკორქტულად გამოთქვამდა თავის მოსაზრებებს რამზან კადიროვზე.
სხვადასხვა სტრუქტურის ხელმძღვანელთან, მათ შორის რესპუბლიკის ყველა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებთან საუბრისას, თემირბაევი სასტიკად აკრიტიკებდა ადგილობრივ ხელისუფლებას და ჩეჩნეთში ძალზე სახიფათო პოზიციას გამოთქვამდა: ”მე რუსეთისა და არა ამ წვერებიანების ერთგული ვრჩები”, ”მე ვემსახურები რუსეთს და არა ამ იდიოტებს”და ა. შ.
დღევანდელ ჩეჩნეთში კი პირველ რიგში ფიცს დებენ რამზანის და მხოლოდ შემდეგ მოსკოვის წინაშე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უპირისპირებენ ერთმანეთს მოსკოვს და კადიროვს. იბრაჰიმ თემირბაევმა დაუშვა უპატიებელი შეცდომა, რის გამოც ყველაფერი დაკარგა.
დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც ამ საუბრების ფარული ჩანაწერები კადიროვამდე მივიდა, თემირბაევი, მისი ახლობლები და დაცვის თანამშრომლები დააკავეს, მისი პროტექციით დანიშნულები სამსახურებიდან გაათავისუფლეს, განხორციელდა ჩხრეკა თემირბაევის კუთვნილ უძრავი ქონების ობიექტებში, სადაც დიდი რაოდენობით იარაღი იპოვეს.
“პანდორას ყუთი”
კადიროვის გარემოცვის წევრები სიკვდილისგან ჯერჯერობით იმან იხსნა, რომ საჯარო პირები არიან.
თუმცა, ამ დრომდე, კადიროვი არასოდეს იყენებდა რუსეთის კანონს ყოფილი მოკავშირეების დასასჯელად. საქმე მრავალი დღის განმავლობაში (ზოგჯერ მრავალი თვის განმავლობაში) სარდაფში პატიმრობით, ცემით და დამცირებით, გაძარცვითა და ექსპროპრიაციით შემოიფარგლებოდა ხოლმე.
ამ დროისთვის მრავალი წყაროდან ცნობილი გახდა, რომ მინიმუმ ხუთი ჩეჩენი ძალოვანი მაღალჩინოსანია დაკავებული.
დაკავებები და ჩხრეკა მიმდინარეობს არა მხოლოდ „მოღალატეების“ სახლებში, არამედ მათ ნათესავებთან და თანასოფლელებთან. ასობით ადამიანი სამსახურს დაკარგვის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.
ჩეჩნეთისთვის მასობრივი რეპრესიები უცხო არ არის, თუმცა, ასეთი მაღალი სტატუსის პირების დაკავების პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა.