ხელისუფლებამ უკან დაიხია - რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგის სკვერში ეკლესია აღარ აშენდება
ქუჩის საპროტესტო აქციები და კონფლიქტი ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის სკვერის ადგილას ეკლესიის მშენებლობის გამო დასრულდა – სკვერი სკვერად დარჩება, ეკლესიას კი სხვა ადგილას ააშენებენ.
სკვერში მომხდარი შეტაკებებისა და ასამდე აქტივისტის დაკავების შემდეგ ხელისუფლბამ რეფერენდუმის ჩატარება გადაწყვიტა. შედეგად, მოსახლეობის ორმა მესამედმა (74 პროცენტმა) თქვა, რომ დრამის თეატრთან მდებარე სკვერში ეკლესიის მშენებლობას არ ეთანხმება.
18 პროცენტი საერთოდ ქალაქში ახალი ეკლესიის მშენებლობის წინააღმდეგია.
კონფლიქტი პოპულარულ სკვერში ტაძრის მშენებლობის პროექტის გამო რამდენიმე წელი გრძელდებოდა, 15 მაისს ის მწვავე ფაზაში გადავიდა – დაიწყო ქუჩის გამოსვლები, დემონსტრანტების ცემა და დაკავებები.
მაშინ სიტუაციაში რუსეთის პრეზიდენტი ჩაერია. ვლადიმირ პუტინის თქმით, საჭიროა მოქალაქეთა აზრის გასაგებად გამოკითხვის ჩატარება, რაც მალევე გაკეთდა.
ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ კონფლიქტი ამოწურულია და ეკლესიის მშენებლობისთვის ალტერნატიული ადგილების შერჩევის თხოვნით ქალაქის მერს მიმართა.
წინაისტორია
კონფლიქტი გამოიწვია ხელისუფლების გეგმამ, დაენგრია ქალაქის ცენტრში არსებული სკვერი – ქალაქელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი, განსაკუთრებით, ახალგაზრდების. ამასთან, ამ ადგილიდან 3 კილომეტრის რადიუსში უკვე 25 მართლმადიდებლური ტაძარი დგას.
თავდაპირველად საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ამ ადგილას წმინდა ეკატერინეს ტაძარი უნდა აშენებულიყო. თუმცა, მალევე გაირკვა, რომ ტაძარი – მშენებლების მთავარი მიზანი არ არის. მის გვერდით, ყოფილი სკვერის ადგილას, ელიტური საცხოვრებელი კომპლექსი უნდა აშენდეს თავისი ფიტნესდარბაზით და ა.შ.
• მასობრივი დაკავებები რუსეთში, საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციებზე
საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობა
ეკატერინბურგის ხელისუფლებამ მშენებლობის გეგმა დაამტკიცა. მოსახლეობამ საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო, რომელიც 13 მაისიდან ნამდვილ საბრძოლო მოქმედებებში გადაიზარდა.
13 მაისის ღამეს, სკვერს სამშენებლო ღობე შემოარტყეს, მაგრამ საღამოს პროტესტის მონაწილეებმა ის დაანგრიეს.
ამის გამო მათ სასტიკად სცემეს სპორტული გარეგნობის ახალგაზრდებმა, მართლმადიდებლური ორთაბრძოლების აკადემიიდან.
მეორე დღეს, მართლმადიდებელი მებრძოლები პოლიციელებმა შეცვალეს და ასზე მეტი ადამიანი დააკავეს.
ამასთან, პოლიციელების ჩამოყვანა საჭირო გახდა სხვა ქალაქებიდან, რამდენადაც ბევრი ეკატერინბურგელი პოლიციელი ამჟამად ინგუშეთში იმყოფება, სადაც აგრეთვე მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
მომიტინგეების რაოდენობა მუდმივად იზრდება – მან პიკში, დაახლოებით, 3 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც ეკატერინბურგისთვის ძალიან ბევრია.
ადგილობრივმა გუბერნატორმა მოლაპარაკებები გამართა, ერთი მხრივ, აქციის მონაწილეებსა და, მეორე მხრივ, მშენებელი კომპანიისა და ადგილობრივი მართლმადიდებლური ეპარქიის წარმომადგენლებს შორის. ის უშედეგოდ დასრულდა, რაც მოსალოდნელი იყო: არ არის ადვილი დიალოგის დამყარება ადამიანებთან, რომლებიც ოპონენტებს საჯაროდ უწოდებენ (ეკლესიის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეებს) „დემონებსა“ და „ტერორისტებს“, როგორც ეს მოსკოვის ტელე- და რადიოწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა გააკეთა:
https://www.youtube.com/watch?v=1vLUf8mum8M
ამ დროს ოპონენტები ძირითადად მხატვრული ხერხებით სარგებლობენ – საკუთარი და სხვების. 30 წლის შემდეგ, ეკატერინბურგში ახალი პოპულარობა მოიპოვა ვიქტორ ცოის შემოქმედებამ, განსაკუთრებით სიმღერამ – „ჩვენ ველით ცვლილებებს“.
აი, თვითონ პროტესტის მონაწილეების ხელოვნების ნიმუში: დახატული გუმბათები, ჰეშთეგით #სკვერიტაძარიარაა.
პოლიციის მოქმედებისადმი დამოკიდებულება კრემლის სახელით პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა გამოხატა.
მაგრამ შემდეგ ჩაერთო თავად პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელიც დავის დემოკრატიული გზით გადაჭრის ინიციატივით გამოვიდა: ჩატარდეს მოსახლეობის გამოკითხვა.
ეკატერინბურგის ხელისუფლება მაშინვე დაეთანხმა პრეზიდენტს. გადაწყდა, რომ გამოკითხვის ჩატარებამდე მშენებლობა შეჩერდება.
ვინ ვისი წინააღმდეგია
სამშენებლო კომპანიის კეთილხმოვანმა დასახელებამ – „წმინდა ეკეტერინეს ფონდი“ – შეცდომაში არავინ არ უნდა შეიყვანოს. ის ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზეა დარეგისტრირებული. მისი ხელმძღვანელები უმსხვილესი ადგილობრივი საწარმოს, რუსეთის სპილენძის კომპანიის მფლობელები არიან.
მათზეა დამოკიდებული ქალაქში ყველაფერი – სამუშაო ადგილები, მედია, ქალაქის საკრებულოს დეპუტატები. მართლმადიდებლური ორთაბრძოლების აკადემიაც რუსეთის სპილენძის კომპანიას ეკუთვნის.
მათი და მათი სამშენებლო გეგმების წინააღმდეგ გამოდიან სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები. მათ უკან არანაირი ორგანიზაცია არ დგას და არ ჰყავთ ლიდერი.
მიტინგის მონაწილეები უკიდურესად მშვიდები და კეთილგანწყობილები არიან. მათი მთავარი ლოზუნგია – „ეს ჩვენი ქალაქია!“. ისინი პოლიციელებს უნაწილებენ პიცებს, რომლებიც მათდამი სიმპათიით განწყობილ მწარმოებლებს მოაქვთ.
ეს კლასიკური სტიქიური პროტესტია, რომლის წინააღმდეგაც ძალით არაფერი გამოვა. იმის გამო, რომ ეკატერინბურგსა და რუსეთში ყველას ესმის: ეკლესია სკვერის ნაცვლად – ეს მხოლოდ მიზეზია. ქვეყანაში უკმაყოფილების უზარმაზარი პოტენციალი დაგროვდა, რადგან:
იზრდება გადასახადები,
ხელფასები ძალიან დაბალია, მაგრამ მისი დაკარგვის ეშინიათ, რადგან უმუშევრობაა
გასულ წელს გაიზარდა საპენსიო ასაკი
ხელისუფლება ცდილობს, მკაცრად გააკონტროლოს ინტერნეტი, რაც განსაკუთრებით ახალგაზრდებს აღიზიანებს.
ამიტომ, ცოის სიმღერის „ჩვენ ველით ცვლილებებს“ პოპულარობა, პირველ რიგში, შემთხვევითი არაა, და მეორეც, არ შემოიფარგლება მხოლოდ ეკატერინბურგით.
რუსეთში ცვლილებები ახლოსაა: მეორე საკითხია: როგორი იქნება ისინი? თუ პროტესტების ამჟამინდელი ტალღის ჩაქრობა უხეში ძალით მოხერხდება, მოვა შემდეგი – უკვე არა ასეთი მხიარული, რბილი და ტოლერანტული.