რუსეთი, 8 სექტემბერი: არჩევნები თუ პოლიტიკური კრიზისი?
რუსეთში, 8 სექტემბერს, ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოებისა და რამდენიმე რეგიონის გუბერნატორის არჩევნები გაიმართება. მათგან უმნიშვნელოვანესია რუსეთის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქის – მოსკოვისა და პეტერბურგის.
სიტყვები „არჩევნები“ ან „წინასაარჩევნო პერიოდი“ საკმარისად სწორად არ განსაზღვრავს იმას, რაც უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში მოსკოვსა და პეტერბურგში ხდება. ადგილობრივმა ხელისუფლებებმა დამოუკიდებელ კანდიდატებს სხვადასხვა მიზეზით უთხრეს დარეგისტრირებაზე უარი და ამან მასობრივი პროტესტი გამოიწვია.
• კომენტარი: მოსკოვში პროტესტი მატულობს – მოიმატებს რეპრესიებიც
პირველი მასშტაბური საპროტესტო აქცია 20 ივლისს გაიმართა. მასზე ნებართვა ხელისუფლებამ გასცა და 20 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
მას შემდეგ საპროტესტო აქციები ორივე ქალაქში ყოველ შაბათს იმართება, ძირითად შემთხვევებში ხელისუფლების ნებართვის გარეშე და სწორედ ამიტომ თან ახლავს პროტესტის მონაწილეთა სასტიკი ცემა და დაკავებები. ამ დროისთვის ყველაზე მასობრივი პროტესტი 10 აგვისტოს გამოხატეს, როდესაც მოსკოვში აქციაზე 60 ათასზე მეტი ადამიანი მივიდა.
აქციის რამდენიმე მონაწილეს უკვე შეუფარდეს თავისუფლების აღკვეთა ორიდან ხუთ წლამდე ვადით ისეთი ბრალდებებით, როგორიცაა „ტვიტის გამოქვეყნება“, „ნაგვის ურნის პოლიციელის მისამართით სროლა“, „პოლიციელის ჩაფხუტზე შეხება“. რამდენიმე საქმეზე ჯერჯერობით განაჩენი არ გამოუტანიათ.
• ტვიტებისა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის მოსკოვში ოპოზიციონერებს აპატიმრებენ
• მოსაზრება: „დაივიწყეთ, რომ პუტინი ლიბერალი არ არის. გაიხსენეთ მისი ომები“
რით არის მნიშვნელოვანი მოსკოვის პარლამენტი
მოსკოვის ქალაქის დუმა – რიგითი საკანონმდებლო ორგანო არ არის. რუსეთის კონსტიტუციის თანახმად, მოსკოვი ფედერაციის სუბიექტია, როგორც რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკები. მოსკოვის პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივების წამოყენების უფლება აქვს.
მასში დამოუკიდებელი კანდიდატების გამოჩენა, პირველ რიგში, გააფართოებს კანონიერი მასობრივი საპროტესტო აქციების გამართვის შესაძლებლობას.
მეორეც, დამოუკიდებელი კანდიდატების მოსკოვის ბიუჯეტზე წვდომა, ახალ შესაძლებლობებს გაუხსნიდა ანტიკორუფციულ გამოძიებებს. ეს ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია ოპოზიციის ხელში ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში.
მოსკოვის ბიუჯეტი ორ ტრილიონ რუბლს აღწევს. მედიაში გამოქვეყნებული მრავალრიცხოვანი პუბლიკაციები იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთის დედაქალაქში კორუფციის დონემ წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწია. მოსკოველი ჩინოვნიკები ღიად არეგისტრირებენ თავიანთი ნათესავების სახელზე ათობით მილიონი დოლარის ღირებულების ქონებას.
• „ძალიან ადამიანური ადამიანი“ – რუსეთის ტელევიზიაში პუტინის შესახებ გადაცემა გაჩნდა
• ზუსტად 20 წლის წინ პუტინი რუსეთის უშიშროების შეფი გახდა. იმ დღეს დაიწყო მისი გზა პრეზიდენტობისკენ
მოსკოვი
უკვე თითქმის ორი თვეა მოსკოვში რუსეთისთვის უპრეცედენტო საპროტესტო აქციები გრძელდება. მასში მონაწილეობას ათობით ათასი ადამიანი იღებს. ხელისუფლება ამას რეპრესიებს უპირისპირებს: ასობით ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული ბრალდებით 30 დღემდე ვადით და დიდი ჯარიმები დააკისრეს, 6 ადამიანი სისხლის სამართლის ბრალდებით გაასამართლეს და 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მღელვარების მიზეზი – ხელისუფლების მხრიდან მოსკოვის დუმის არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატების დარეგისტრირებაზე უარის თქმა.
არასაპარლამენტო პარტიების კანდიდატებს (ძირითადად ეს არის ოპოზიცია) რამდენიმე ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა უნდა წარმოედგინათ. მათ ეს შეაგროვეს. მაგრამ, როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამტკიცებენ, დარეგისტრირებისას მასობრივი ფალსიფიკაცია მოხდა.
მათი თქმით, საარჩევნო კომისიის წევრები სპეციალურად უშვებდნენ შეცდომებს ამომრჩეველთა მონაცემების ელექტრონულ სისტემაში შეყვანისას, რათა შემდეგ ამ მიზეზით ხელმოწერები არასწორად გამოეცხადებინათ.
ამას ალექსეი ნავალნიმ ასე უპასუხა:
• მოსახლეობას მშვიდობიანი აქციებისკენ მოუწოდა – და ამას გამოხმაურებაც მოჰყვა.
• თავის Youtube-არხზე ორგანიზება გაუწია მოსკოველი ჩინოვნიკებისა და დეპუტატების უკანონო გამდიდრების შესახებ ჩატარებული გამოძიებების ჩვენებას. მასში ფიგურირებს თანხა ასობით მილიონი დოლარის ოდენობით და მნახველთა რიცხვმა 5 მილიონს გადააჭარბა.
• ადამიანებს მოუწოდა ხმა მისცენ იმ კანდიდატებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული დღევანდელ ხელისუფლებასთან.
ხელისუფლება ჯერჯერობით სტანდარტულად რეაგირებს ამ ყველაფერზე: ნავალნის ოფისს ჩხრეკენ, თავად მასა და მის მომხრეებს კი რეგულარულად უშვებენ ციხეში.
ყველაზე გახმაურებული შემთხვევა გახდა ჟურნალისტ ილია აზარის დაპატიმრება, რომელიც პოლიციელებმა პირდაპირ ბინიდან წაიყვანეს, სადაც მარტო დარჩა მისი ორი წლის ქალიშვილი.
საზოგადოება ამაზე სულ უფრო და უფრო მკაცრად რეაგირებს: აქციებზე სულ უფრო ხშირად ისმის ისეთი ლოზუნგები, როგორებიცაა „ფაშისტები, ოკუპანტები!“, „პუტინი – ქურდი!“ და „პოლიციელები – რუსეთის სირცხვილი!“.
ეს სულ უფრო და უფრო მეტად გვახსენებს არა რეგიონალურ არჩევნებს, არამედ სრულფასოვან პოლიტიკურ კრიზისს.
პეტერბურგი
რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქმა გუბერნატორი უნდა აირჩიოს. ხელისუფლების კანდიდატია გუბერნატორის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ალექსანდრ ბეგლოვი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაში პოპულარობით არ სარგებლობს. მისი პიარკამპანია კი რეგულარულად ხდება დაცინვის საგანი.
ზამთარში, როდესაც პეტერბურგში მოძრაობა სრულად იყო პარალიზებული საქალაქო სამსახურების ცუდი მუშაობის გამო, გუბერნატორი ნიჩბით ხელში ქუჩაში გამოვიდა მის დასასუფთავებლად. ჟურნალისტებმა ყურადღება მის ფეხსაცმელზე გაამახვილეს – ზაფხულის ძვირფასი იტალიური ფეხსაცმელი.
შემდეგ ბეგლოვმა თავისი კორტეჟი გააჩერა, რათა პირადად გადაეყვანა ქუჩაზე ხანშიშესული ადამიანი. მაგრამ მოხუცში, რომელზეც ის ზრუნავდა, ადგილობრივი თეატრის მსახიობი ამოიცნეს.
ზუსტად გუბერნატორის არჩევნების წინ მეტროს ორი სადგური გახსნეს, მაგრამ მგზავრები არ ჩაუშვეს – გაირკვა, რომ ისინი ჯერ კიდევ არ არის მზად და მისი ექსპლუატაცია სახიფათოა.