თურქეთი ინფლაციაში იძირება. რამდენად დაეხმარება ეს ოპოზიციას?
თურქეთი ინფლაციაში იძირება. ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ პროცესი არაკონტროლირებადი ხდება.
ამასთან ერთად, ქვეყანა მნიშვნელოვანი მუნიციპალური არჩევნებისთვის ემზადება, რომელიც 31 მარტს გაიმართება. ინფლაცია წინასაარჩევნო კამპანიაში ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი გახდა.
ეს პოლიტიკური თამაშია – თუ თურქეთში ცვლილებები მომწიფდა?
• ეკონომიკური კრიზისი თურქეთში. პოლიცია პურის ფასს აკონტროლებს
• თურქეთში ევოლუციის თეორიას აღარ ასწავლიან, ის ჯიჰადის თეორიით შეიცვალა
ნეგატიური ლიდერობა
დღესდღეობით თურქეთი ინფლაციის დონის მიხედვით მსოფლიოში გალიდერდა. ფასების მატება ფაქტობრივად ყველა ძირითად საკვებ პროდუქტს შეეხო და საზოგადოებაში სერიოზული კრიზისი გამოიწვია.
„რას დაგვპირდნენ? – რომ ინფლაცია ერთნიშნა მაჩვენებელზე ჩამოვიდოდა. 2004 წლის მაჩვენებელს მიაღწიეს. მოქალაქეები ღელავენ“, – აცხადებს ძირითადი ოპოზიციური, თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ქემალ ქილიჩდაროღლუ.
თურქეთის სტატისტიკის კომიტეტის ანგარიშის თანახმად, სამომხმარებლო ფასები 2019 წლის იანვარში, გასულ თვესთან შედარებით 1,06 პროცენტით გაიზარდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი – 20,35 პროცენტით.
ყველაზე მეტად ფასმა მოიმატა საკვებ პროდუქტებსა და უალკოჰოლო სასმელზე – 6,43%.
საბოტაჟი თუ ხელისუფლების არაკომპეტენტურობა?
ოპოზიცია ინფლაციას მმართველი, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის არაკომპეტენტურობას უკავშირებს. მაგრამ ხელისუფლება თავად ინფლაციის ფაქტსაც კი უარყოფს და პროდუქტების გაძვირებას საბოტაჟს უკავშირებს.
რაში გამოიხატება საბოტაჟი?
მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფხიანი ბიზნესმენები ფერმერებისგან შეძენილ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას მამასისხლად ყიდიან – ორი მიზნით: მიიღონ გაუმართლებლად დიდი შემოსავალი – და წინასაარჩევნოდ მოსახლეობის თვალში ხელისუფლების კომპრომეტირება მოახდინონ.
წინასაარჩევნო პერიოდში კრიზისის თავიდან ასაცილებლად და მოსახლეობის მხარდაჭერის კვლავ მოსაპოვებლად, ხელისუფლება, პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ბრძანებით, გარკვეულ ნაბიჯებს დგამს. ერთ-ერთი ზომა არის რეგულირებადი გაყიდვის ცენტრის შექმნა.
რა არის ეს?
რეგულირებადი გაყიდვის ცენტრი
ამ დროისათვის, ასეთი ცენტრები, სადაც ხილ-ბოსტნეული ბევრად უფრო იაფად იყიდება, ვიდრე ბაზრებში, გავრცელებულია ძირითადად ანკარასა და სტამბოლში. ერდოღანმა კი ასეთი ცენტრების გახსნა ქვეყნის 81-ვე პროვინციაში დააანონსა.
„ასეთი ცენტრებით, ძირითადად, უკმაყოფილოები არიან ქსელური მაღაზიები… ისინი ფერმერებისგან 2-3 ლირად (0,4-0,6 დოლარად) შეძენილ პროდუქციას – 8-10 ლირად (1,5-1,9 დოლარად) ყიდიან. ჩვენ მოვილაპარაკეთ მუნიციპალიტეტებთან, ჩვენი პარტიის წარმომადგენლებთან, გავხსენით რეგულირებადი გაყიდვის ცენტრები – და ფასები ორჯერ დაეცა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
„მოვაჭრეები – განტევების ვაცები არ არიან“
მაგრამ ასეთი მიდგომით აღშფოთდნენ ბიზნესმენები.
„ჩვენ განტევების ვაცები არ ვართ. ჩვენ მშრომელები ვართ, რომლებიც დასვენების გარეშე, დღე-ღამეში 20 საათს ვმუშაობთ. მოვაჭრეები „ცუდი ბიჭების“ როლში გამოჰყავთ, იმ დროს, როდესაც სწორედ ისინი არიან მდგომარეობიდან გამოსავალი. ეს რაღაც სხვა არის, როგორც ხალხის მოტყუება“, – განაცხადა სოქეს რაიონის ხილ-ბოსტნეულით მოვაჭრეთა კავშირის ხელმძღვანელმა, უმით ჯოშგუნმა.
ის მიიჩნევს, რომ დროა, ანკარის ბაზრის მოვაჭრეებმა ორგანიზებული სტრუქტურა შექმნან, რათა თავი დაიცვან.
ლიმიტი – ერთი კილოგრამი იაფფასიან პროდუქციაზე
რეგულირებადი გაყიდვის ცენტრების გახსნის კვალდაკვალ, ზოგიერთმა ცენტრმა ასევე შეამცირა ფასები. მაგრამ, ამასთან ერთად, იაფფასიანი პროდუქცია ლიმიტირებულად იყიდება.
2019 წლის თებერვლის დასაწყისში, რეგულირებადი გაყიდვის ცენტრებში სამ კილოგრამზე მეტი ხილ-ბოსტნეულის შეძენა არ შეიძლებოდა. თებერვლის ბოლოს კი ეს ლიმიტი 1 კილოგრამამდე შემცირდა კარტოფილზე, ხახვსა და პომიდორზე, რომლებიც აქ საბაზრო ფასზე იაფად იყიდება.
ასეთი ლიმიტების გამო, ადამიანები ყოველდღიურად დადიან ამ ცენტრებში და გრძელ რიგებში დგანან.
ოპოზიციონერმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ რეგულირებადი გაყიდვის ცენტრების იდეას „მოსახლეობის დაცინვა“ უწოდა და განაცხადა, რომ ინფლაციის დაძლევა მხოლოდ ეკონომიკის განვითარებით შეიძლება.
კიდევ ერთი დამნაშავე – დოლარის კურსი
DW Türkce-მ ახლახან განაცხადა, რომ პროდუქტების გაძვირების ძირითადი მიზეზი, თურქეთის სოფლის მეურნეობის უცხოურ ბაზრებზე დამოკიდებულებაა.
ლოგიკა ასეთია:
თურქეთს ქვეყანაში შემოაქვს საწვავი, ელექტროენერგია, სასუქები, მარცვლეული და ცხოველების საკვები სიმინდი. დოლარის კურსი იცვლება – იზრდება ფასები ყველა იმპორტირებულ საქონელზე. შესაბამისად, იზრდება ფერმერების ხარჯები.
საპასუხოდ, ხელისუფლება ამცირებს გადასახადებს იმპორტზე, ხანდახან კი საერთოდ აუქმებს.
მაგრამ ექსპერტების უმეტესობა ამბობს, რომ ასეთი მეთოდებით გაძვირების პრობლემის დაძლევა შეუძლებელია.
რას ამბობენ საერთაშორისო ორგანიზაციები
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის თურქეთის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე აიშეგულ სელიშიქი მიიჩნევს, რომ თურქეთის სასოფლო-სამეურნეო სექტორის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მწარმოებელთა ორგანიზაციების სისუსტეა.
აიშეგულ სელიშიქი ეთანხმება მოსაზრებას, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ფასები, ფერმერებიდან სავაჭრო დახლებამდე გზის გავლისას, მეტისმეტად და გაუმართლებლად იზრდება. მაგრამ, ის ფიქრობს, რომ შესასყიდსა და სარეალიზაციო ფასებს შორის სხვაობა ბუნებრივად უნდა დარეგულირდეს და არა ხელისუფლების მხრიდან ხელოვნური ჩარევით.
სელიშიქი თვლის, რომ თურქეთში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა არსებობს. ერთადერთი, რაც, მისი აზრით, საჭიროა – ხელისუფლება დაეხმაროს მცირე ფერმერებს და მისცეს მათ ბაზარზე პირდაპირი გასასვლელი. ფასები ასეთ შემთხვევაში თავისით დარეგულირდება.
რას ამბობენ ექსპერტები
ფასების მატება და მისი შეჩერების მიზნით, რეგულირებადი ვაჭრობის ცენტრების გაჩენა, აქტიურად განიხილება სოციალური ქსელების თურქულ სეგმენტში.
ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ჯემ თოქერმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე ფასების რეგულირების პროცესი კომუნიზმს შეადარა:
„თუ ეს გავა – გაქრებიან მწარმოებლები, რომლებიც საქონელს შემოსავლის მიღების მიზნით ყიდიან და გადასახადებს იხდიან. და მაშინ, იაფი, მაგრამ ლიმიტირებული პროდუქტები იქცევა არა ალტერნატივად, არამედ, ერთადერთ ნორმად“.
ეკონომიკის ცნობილმა ექსპერტმა, ოზგურ დემირთაშმა, თავის ტვიტერის გვერდზე დაწერა:
„ხელისუფლების მცდელობა, ჩაერიოს და შეაჩეროს ინფლაცია, მოტეხილი ფეხის ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებით მკურნალობას ჰგავს“.