ავიაკატასტროფას საქართველოს მაღალმთიან რეგიონში სამი ადამიანი შეეწირა
ყაზბეგის რაიონში კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ვერტმფრენი ავიაკომპანია “ავიატორს” ეკუთვნოდა, რომელის სასტუმრო “რუმს ჰოტელ ყაზბეგს” ემსახურებოდა. დაღუპულია პილოტი და სასტუმროს ორი თანამშრომელი.
ავიაკატასტროფა დღისით დაბა სტეფანწმინდასთან, დაუსახლებელ ტერიტორიაზე მოხდა.
რა მოხდა სტეფანწმინდასთან
სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველების მონათხრობი მოჰყავს იმის შესახებ, რომ „ვერტმფრენს ჰაერში ცეცხლი გაუჩნდა, ნაპერწკლებს ყრიდა და კვამლი ასდიოდა, შემდეგ კი, მიწაზე ჩამოვარდა“.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები, პოლიციამ და ექსპერტ–კრმინალისტებმა საგამოძიებო მოქმედებები დაიწყეს.
შსს-მ გამოძიებას საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე დაიწყო.
კომპანია „აჭარა ჯგუფმა“, რომელსაც ყაზბეგში მდებარე “რუმს ოტელი” ეკუთვნის, პილოტის და კომპანიის ორი თანამშრომლის დაღუპვა დაადასტურა.
კომპანია ღრმა მწუხარებას უცხადებს გარდაცვლილების ოჯახებს და აცხადებს, რომ სრულად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან.
ეკონომიკის სამინისტრო: ვერტმფრენი ახალი და გამართული იყო
ყაზბეგში ჩამოვარდნილი BELL-505 ტიპის ამერიკულ–კანადური წარმოების ვერტმფრენი 2018 წელს იყო გამოშვებული და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დარეგისტრირებულია 2018 წლის 15 ივნისს. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადეს.
უწყების ინფორმაციით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მომხდარ ტრაგიკული შემთხვევის შესწავლის მიზნით
ადგილზე სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს ხელმძღვანელი გაემგზავრა.
„ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენს გავლილი ჰქონდა ყველანაირი ტექნიკური შემოწმება და მართავდა ძალიან გამოცდილი პილოტი. ვერტმფრენი ეკუთვნის კომპანია „ავიატორი +“-ს (აჭარა ჯგუფი)“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
ელექტროგადამცემ ხაზებთან შეჯახება?
ავიაკატასტროფა ყაზბეგში ელექტროგადამცემ ხაზებთან ვერტმფრენის შეჯახების გამო არ მომხდარა – ამის შესახებ კომპანია „ენერგო–პრო ჯორჯიაში“ განაცხადეს. კომპანიაში ეს ვერსია გამორიცხეს და აღნიშნეს, რომ ყაზბეგში არსებული ხაზები არ დაზიანებულა და შეუფერხებლად მუშაობს.