„ჩამოსვლის პირველ წელიწადს შოკში ვიყავი. სომხეთში ცხოვრება ისეთი სულაც არ არის, როგორიც ევროპაში“, - ამბობს სარა, ახლა უკვე სასტუმრო სახლისა და კემპინგის დიასახლისი" />

ჰოლანდიელები სომხეთში

„ჩამოსვლის პირველ წელიწადს შოკში ვიყავი. სომხეთში ცხოვრება ისეთი სულაც არ არის, როგორიც ევროპაში“, - ამბობს სარა, ახლა უკვე სასტუმრო სახლისა და კემპინგის დიასახლისი

 ს ანდრა კომანდო და მისი მეუღლე მარტი პიტერსი სომხეთში ჰოლანდიიდან შვიდი წლის წინ ჩავიდნენ. ისინი ჰოლანდიური კომპანიის „მწვანე სახლის“ სათბურებში სამუშაოდ მიიწვიეს. სანდრა და მარტი ადგილობრივებისთვის ჰოლანდიური ვარდის სათბურებში მოყვანის ტექნოლოგიის სასწავლებლად ჩამოვიდნენ. და მეუღლეებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რომ კონტრაქტის დასრულების შემდეგ სომხეთში დარჩებოდნენ.

„მე სომხეთის არსებობის შესახებაც კი არაფერი ვიცოდი, მაგრამ ძალიან მალე ის ჩემთვის მშობლიური გახდა. მე აქაური ხალხი მომწონს. რასაკვირველია, თავიდან პირველ წელს, როდესაც აქ გადმოვედით, შოკი მქონდა. სომხეთში ცხოვრება სრულიად განსხვავებულია, ვიდრე ევროპაში.

 „თავიდან ხელშეკრულება ერთი წლით დაიდო, შემდეგ ჩვენ ის კიდევ სამი წლით გავაგრძელეთ. ჩემი ქმარი პროფესიით სათბურების სპეციალისტია, მე კი პედაგოგი ვარ. მაგრამ,რადგანაც ჩემი მშობლები ასევე სათბურების აგებას ეუფლებოდნენ, ეს საქმე ბავშვობიდან მეც კარგად ვიცი“,გვიამბო სანდრამ.

წყვილი პირველ ხანს  სომეხი ოჯახის სახლში, სოფელ გოხტში ცხოვრობდა.

„ისინი, სომხურის გარდა, რუსულადაც ლაპარაკობდნენ. თავიდან რუსულის სწავლაზე ვფიქრობდი, მაგრამ რადგანაც სათბურის სხვა თანამშრომლები  – ახალგაზრდა გოგონები და ქალები – პოსტსაბჭოთა პერიოდში დაიბადნენ და სომხურად ლაპარაკობდნენ, მეც სომხურის სწავლა ვამჯობინე. რასაკვირველია, გამიჭირდა, მაგრამ თავი გავართვი.

სწორედ ამ გოგონებმა მასწავლეს სომხური. პატარა ბავშვივით ვიყავი, რომელიც ეს-ესაა ენის სწავლას იწყებს. ერთ წელიწადში ვისწავლე. „გამარჯობა“, „არასწორია“, „გამიგე, არა?“ – ეს ჩემი პირველი სიტყვები იყო“, – ამბობს სანდრა აქცენტით, მაგრამ სომხურად.

სამ წელიწადში ჰოლანდიელმა წყვილმა მოასწრო, და სოფელ გოხტს და თავის თანასოფლელებს მიეჯაჭვა. ადგილობრივები კი პირიქით – მათ. შრომითი ხელშეკრულების დასრულების შემდეგ მარტიმ სოფელში  იყიდა სახლი, რომელშიც 15 წელიწადს არავის უცხოვრია, და მისი მოწყობა დაიწყო.

„ჩვენი სახლის კარიბჭიდან გადაშლილი ხედი საკმარისია იმისთვის, რომ აქ სამუდამოდ დარჩე. ეს ზღაპარია. რემონტის შემდეგ გადავწყვიტეთ ჩვენი მეგობრებისა და მათი ოჯახებისთვის სასტუმრო სახლი გაგვეხსნა. ისეთი საქმე დავიწყეთ, რაც მანამდე არასდროს გვიკეთებია.

რასაკვირველია, ეს ჩვენთვის ძალიან გაბედული ნაბიჯი იყო: ახალი საქმე, ბიზნეს-რისკები,  ინვესტირება ქვეყანაში, რომელსაც საკმარისად არ იცნობ, მაგრამ იქიდან წასვლა არ გინდა. ვიფიქრეთ, რომ თუკი ამუშავდებოდა, კარგი იქნებოდა, არა და – მაშინ ჩვენს მეგობრებსა და მათ ოჯახებს საინტერესო დასასვენებელი ადგილი ექნებოდათ“, – გვიხსნის სანდრა.

სახლი შემაღლებულ ადგილას მდებარეობს, საიდანაც გეგამის მთაგრეხილის და ხოსროვის ტყის ხედი იშლება. თავად სოფელი გოხტი ერევნიდან დაახლოებით 40 კილომეტრითაა დაშორებული, გარნის მეზობლად (აქ შენარჩუნებულია ჩვენი წელთაღრიცხვის 1ს-ის  წარმართული ტაძარი – JAMnews) და გეგადრომი (ცნობილია იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილი სამონასტრო კომპლექსით  – JAMnews). სომხეთში ჩასული ტურისტების უმრავლესობა ამ ადგილებში დადის.

სოფელზე გადის ასევე აჯადაკის მთისკენ მიმავალი გზა, რომლის მწვერვალიც 3500 მეტრზეა. ესეც ქვეყანაში სამთო ტურებისა და ფეხით სეირნობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 2014 წელს ჰოლანდიელმა წყვილმა გადაწყვიტა სოფელში სასტუმრო სახლი „3G“ გაეხსნა.

„სახლის პირველ სართულზე ჩვენ თვითონ ვცხოვრობთ, მეორეზე – კი სტუმრებისთვის განკუთვნილი ოთახებია B&B (Bedandbreakfast – სასტუმროების სახეობა, რომელიც  მიმსვლელებს ღამის გათევასა და დილის საუზმეს სთავაზობს – JAMnews). ოთხი წელიწადია, ოთხი ოთახით ვმუშაობთ იმ სტუმრებისთვის, რომლებსაც მხოლოდ რვა სტუმრის მიღება შეუძლიათ. ჩვენ ოთახების რაოდენობა არ გავზარდეთ, მაგრამ ახლა გვაქვს კემპინგიც – კარვებში დასვენების მოყვარულთათვის.

კემპინგამდე ჩვენთან ყოველთვის ჩამოდიოდნენ ტურისტები ველოსიპედებით, მოტოციკლეტებით ან მანქანებით, გვთხოვდნენ, ეზოში ღამის გათენების ანდა ტუალეტით სარგებლობის უფლება მიგვეცა. საბოლოოდ ჩვენ მეზობლის ნაკვეთი ვიყიდეთ და კემპინგზე დავფიქრდით“, – ამბობს სანდრა.

კემპინგები – სომხეთში ტურიზმის ახალი სახეობაა. მაგრამ, როგორც სანდრა ამბობს, ტურისტები მათთან საკმარისად ჩადიან – გერმანიიდან, იტალიიდან, ჩეხეთიდან, ჰოლანდიიდან, შვედეთიდან, რუსეთიდან.

„ოთხი წლის წინათ 170 ადამიანი მივიღეთ, 2017 წელს – 500-ზე მეტი. ბევრი ტურისტი ჩამოდის გერმანიიდან. მათ ახალ, უცნობ ქვეყნებში მოგზაურობა მოსწონთ. თუკი, მაგალითად, ჰოლანდიელები თავიდან კითხულობენ, თუ სად მდებარეობს სომხეთი, გერმანელები მაშინვე ამბობენ: ჩვენ ამ ქვეყანას არ ვიცნობთ, მაგრამ იქ მოხვედრა ნამდვილად გვინდა. ზოგიერთი ისევ ბრუნდება“, – ჰყვება სანდრა, და სტუმრებს თავის ხელით მომზადებულ ალუბლის წვენს უსხამს.

ტატისტიკური კომიტეტის მონაცემების მიხედვით,  2019 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო ტურიზმმა 5,2%-იანი ზრდა დააფიქსირა. ამ დროის განმავლობაში ქვეყანაში   364 489 ტურისტი იმყოფებოდა.

სანდრა ასევე ამჩნევს, რომ ტურისტების რიცხვმა იმატა. მაგრამ მიაჩნია, რომ  არსებობს პრობლემები, რომლებიც ტურიზმის განვითარებას ხელს უშლის: ცუდი გზები, არასაკმარისად განვითარებული ინფრასტრუქტურა და ძვირი ავიაბილეთები.

„თუ კემპინგზე ვსაუბრობთ, ადამიანები ავტომობილებით ჩამოდიან, გზები კი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ბევრი სომხეთში საქართველოს გავლით ჩამოდის, რადგან საქართველოში ევროპის ქვეყნებიდან თვითმფრინავით 25 ევროდაც კი შეიძლება ჩაფრენა, ვთქვათ – პოლონეთიდან, შემდეგ კი მატარებლით ერევანში ჩასვლა.სომხეთისკენ პირდაპირი რეისი კი გაცილებით ძვირი ღირს“.

სანდრა ჰყვება, რომ გაზაფხულზე, „ხავერდოვანი რევოლუციის დღეებში, გადაკეტილი გზების გამო, ბევრმა გოხტამდე მიღწევა ვერ შეძლო. მაგრამ რევოლუციის შემდეგ ტურისტების რიცხვმა იმატა, რადგან ბევრს მოუნდა იმ ქვეყნის ნახვა, სადაც რევოლუცია მოხდა.

 

ეკონომიკური განვითარების და ინვესტიციების სამინისტროდან ამტკიცებენ, რომ შეინიშნება იმ ტურისტების რაოდენობის მატება, ვისაც ახალი სომხეთის ნახვა სურს. მოსალოდნელია, რომ შემოდგომაზე კიდევ მეტი ტურისტი იქნება. ბოლო დროს აქ პოპულარული გახდა  გასტროტურიზმი, ეკოტურიზმი და ეთნოტურიზმი.

სანდრა და მისი მეუღლე ყოველწლიურად ორი კვირით ჰოლანდიაში მიემგზავრებიან. და მათი თქმით, ამ დროის განმავლობაში ასწრებენ, რომ სომხეთი მოენატროთ, სომხეთში არსებული პრობლემების, ტურიზმის სფეროში დანაკლისის და მათთვის ახალი ბიზნესის სირთულეების მიუხედავად.

„ჩვენ გოხტი გვიყვარს. სომხეთი ჩვენი სამშობლო გახდა. როდესაც ჰოლანდიაში მივემგზავრებით, უკან დაბრუნება გვინდა ხოლმე – სახლში. მე სხვადასხვა ქვეყანაში მიცხოვრია და მიმუშავია, მაგრამ  ყოველთვის ჰოლანდიაში მინდოდა დაბრუნება, ვხვდებოდი, რომ ეს მხარეები – საჩემო არ იყო. მაგრამ სომხეთის მიმართ სხვა გრძნობაა“, – ამბობს სანდრა.


ასევე წაიკითხეთ