კინოფესტივალი “ოქროს გარგარი“ - სომხეთის ყველაზე წარმატებული კულტურული ბრენდი " />

ყურადღების ცენტრში არამხოლოდ კინო, არამედ ადამიანიც მოხვდა

კინოფესტივალი “ოქროს გარგარი“ - სომხეთის ყველაზე წარმატებული კულტურული ბრენდი

ზაფხულის ყოვლად აუტანელ სიცხეში ერევანი უცებ იღვიძებს და აქტიურდება – საუბრობს, გარკვეულ საკითხებს განიხილავს და კამათობს. „ოქროს გარგარი“ ერთგვარი ფენომენია. ესაა პატარა ლოკალური ფესტივალი, რომელიც ტარდება ქვეყანაში, სადაც საკუთარი კინოწარმოების გამართვას ვერ ახერხებენ და არც კინოთეატრების სიჭარბით გამოირჩევიან, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ჩამოაქვთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გადაღებული საუკეთესო ფილმები (მთელ ამ მასალას სავსებით ბუნებრივ მიღწევად წარმოადგენენ) და აუდიტორიას დიალოგის დაწყების საბაბის სახით სთავაზობენ.

მაგრამ სულ სხვა საკითხია, როგორ იყენებს ამ მიღწევას საზოგადოება.

„ოქროს გარგარი“ ერთადერთი ფესტივალია მსოფლიოში, რომელზეც ერთი კვირის განმავლობაში შეგიძლიათ იხილოთ ის ფილმები, რომლებმაც ბოლო ერთი წლის მანძილზე კანის, ვენეციის ბერლინის, როტერდამის, ლოკარნოსა და სხვა ცნობილ კინოფესტივალებზე გაიმარჯვეს.

ბოლო წლებში „ოქროს გარგრის“ ბიუჯეტი მკვეთრად შემცირდა და ორგანიზატორებს ზედმეტ ხარჯებზე უარის თქმა მოუწიათ. იძულებულნი გახსნენ ცნობილი ადამიანების მოწვევისა და მათთვის წითელი ხალიჩების დაგების ძვირადღირებულ ტრადიციაზე უარი ეთქვათ. უნდა აღინიშნოს, რომ ამის შემდეგ ფილმების ხარისხი გაუმჯობესდა და საკუთრივ  დიალოგის როლის „კრისტალიზება“ მოხდა – საუბარი უფრო შინაარსიანი გახდა.

ზოგადად, „ოქროს გარგარი“ “პოზიციონირებს“ როგორც თბილი, მყუდრო და სტუმართმოყვარე ფესტივალი, რომელზეც სტუმრებს გულუხვად მასპინძლობენ და სხვადასხვა ტიპის ღირსშესანიშნაობებს აცნობენ. წელს ფესტივალმა ახალი და, სავარაუდოდ, უფრო პერსპექტიული როლი მოირგო. ღონისძიებამ სომხური საზოგადოების ხასიათის კონსერვატიული ნაწილიც წარმოაჩინა, და პროგრესული კომპონენტიც.

ფესტივალის  მიღმა აღმოჩნდა პროგრამა სახელწოდებით “გარედან და შიგნიდან დანახული სამყარო“, რომელშიც LGBT თემატიკის ორი ფილმი ჩართეს. კინემატოგრაფისტების კავშირმა ამ სურათების დემონატრაციაზე უარი განაცხადა, ფესტივალის ხელმძღვანელობამ კი წინასწარ შერჩეული პროგრამის გახლეჩა არ მოისურვა და გადაწყვიტა, მთლიანად უარი ეთქვა მასზე.

«ორ ფილმთან დაკავშირებით გარეშე პირების მხრიდან ფესტივალის საქმეებში ჩარევისა და ზეწოლის მცდელობები დაფიქსირდა. ფესტივალი საკუთარი კეთილი ნებით არ გააუქმებდა თავის პროგრამას, რადგანაც ეს საკუთარი ხელის მოჭრის ტოლფასი იქნებოდა», – აღნიშნა“ოქროს გარგრის“ დამფუძნებელმა, არუთიუნ ხაჩატრიანმა ფესტივალის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.

ამ შემთხვევამ ნათლად დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვის ადამიანის ღირსება და მისი არჩევანის თავისუფლება.

სომხეთი როგორც კინოს მომხმარებელი

რაც არ უნდა იყოს, საბოლოოდ მაინც მოგვიწევს საზოგადოებისა და პიროვნების, ვინმეს იზოლაციისა და საზოგადოებრივი ტკივილის, წარსულის კოდებისა და აწმყოს გადაფასების, ბრწყინვალე მისალოცი ბარათიდან „პროეცირებულ“ ცხოვრებასა და ჯოჯოხეთური რეალობის შეჯახებების (ჯერ კიდევ უხილილავი და ჯერჯერობით  განუსაზრვრელი შეჯახების) განხილვა.

კარგი კინო ყოველთვის პროვოცირებასა და სტიმულირებას ახდენს.

მაყურებელი მნიშვნელოვან ვიზუალურ და აზრობრივ მუხტს იღებს, როდესაც დიდ ეკრანზე ხედავს შვედი კინორეჟისორის, რუბენ ესტლუნდის მიერ ხელოვნებისა და კომუნიკაციის თემაზე გადაღებულ იუმორისტულ ფარსს სახელად “კვადრატი“ (The Square).  ან დახვეწილ და შოკისმომგვრელ დრამას, რომელმაც ბერლინის კინოფესტივალზე გაიმარჯვა – უნგრელი რეჟისორის, ილდიკო ენიედის ფილმს სოციოპათების შესახებ, რომელსაც ეწოდება „სხეულისა და სულის შესახებ“ (On Body and Soul). ან კორეელი კიმ კი დუკის ფილმს სახელწოდებით „ქსელი“(The Net), რომელიც  პატარა ადამიანსა და დიდი ამბიციების მქონე სახელმწიფო სისტემას შეეხება. ან  ფრანსუა ოზონის ეროტიკულ-ფსიქოლოგიური თრილერს „ორპირი საყვარელი“(The Double Lover – სიტყვასიტყვით, „ორმაგი საყვარელი“). ან სერგეი ლოზნიცას ფილმს „უწყინარი არსება“ (A Gentle Creature), რომელშიც მოთმინებითა და თვინიერებით აღსავსე გმირი ცდილობს, ციხის სისტემის ლოგიკას ჩაწვდეს.

ყველა ამ მსოფლიო პრემიერის მთავარ იდეას ადამიანი და მისი გარემო წარმოადგენს. ადამიანი, რომელიც ეძებს და რომლისთვისაც ძალიან რთულია საკუთარი ადგილის პოვნა ამ სამყაროში, იმიტომ რომ  მის სულში ერთი წამითაც არ წყდება შინაგანი ბრძოლა მორჩილებასა და პროტესტს შორის.

ფილმი, რომელმაც გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო მხატვრული ფილმი“ ასევე სიმბოლურია.

ინდოელი სანად კუმარ სასიდხარანის „სექსუალური დურგა“  («Sexy Durga»)  ინდოეთში არ უჩვენებიათ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კინოსურათის ინდური პრემიერა არც კი იგეგმება. ”ოქროს გარგრის“ საერთაშორისო მხატვრული ფილმების ჟიურის თავმჯდომარემ, ჰიუ ჰადსონმა განაცხადა: «დაუშვებელია ნებისმიერი სახის სახელმწიფო ცენზურა. მოხარული ვიქნები, თუკი ამ ფილმს ბევრი ადამიანი ნახავს».

ფილმის გმირი ქვეყნის ერთი რეგიონიდან მეორისკენ მიემართება. ფათერაკებით სავსე მოგზაურობას თავისებური წუხილი და მღელვარება სდევს თან. ჰაერი, ფიქრები და ძველი ტრადიციებიც კი ძალადობითა და საფრთხითაა გაჯერებული.

კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ჟიურიმ (FIPRESCI) საუკეთესო ფილმად წელს მოჰამად რასულოფის „მოუსყიდავი კაცი“ («A Man of Integrity») დაასახელა. ამ კინოსურათის გმირი კორუფციულ მანქანას უპირისპირდება და ცდილობს, არამხოლოდ საკუთარი სახლი და თევზის ფერმა, არამედ ადამიანური ღირსებაც შეინარჩუნოს. ზოგჯერ დანებება ბრძოლაზე რთულია…

სომხეთი, როგორც კინომეწარმე

შეიძლება ითქვას, რომ სომეხი კინომაყურებელი ეროვნულ კინოზე ბევრად უფრო ხარისხიანია.

უკვე 14 წელია, რაც “ოქროს გარგარი არსებობს და უკვე 14 წელია, რაც არ წყდება კამათი იმის შესახებ, თუ რამდენად საჭიროა კინოფესტივალი სომხეთში მაშინ, როდესაც ეროვნული კინომეწარმეობა „რელსებიდან“ გადავიდა და ძველმოდური გახდა – როგორც იდეების მხრივ, ისე ხარისხის კუთხით.

კინოფესტივალის ყველაზე აქტუალურ შეკითხვას „რას ვუყურო დღეს?” (რომელსაც როგორც წესი, ერთმანეთისთვის სრულიად უცნობი ადამიანებიც კი უსვამენ ერთმანეთს და სრულ და, ამავდროულად, ემოციურ პასუხებს იღებენ) კიდევ ერთი კითხვა დაემატა: „რას ვუყურო სომხური ფილმებიდან“?

ფესტივალის ერთ-ერთი კონკურსი სახელწოდებით „სომხური პანორამა“ არამხოლოდ საუკეთესო ფილმებს, არამედ თითქმის ყველა იმ ფილმს მოიცავს, რომელთა შექმნაშიც სომხებს რაიმე უმცირესი წვლილი მაინც მიუძღვით. როგორც წესი, ესაა საკმაოდ არათანამიმდევრული კონკურსი, რომელსაც არც ისე მკაცრი შესარჩევი ტური უძღვის წინ.

ფესტივალის მხატვრული დირექტორი, სუსანა არუთიუნიანი ხშირად აღნიშნავს, რომ „ოქროს გარგარი“ ერთგვარი ხიდია, რომელიც საერთაშორისო კინოსა და განვითარების გზაზე მდგარ სომეხ კინომეწარმეებს შორისაა გადებული. სწორედ სომხური კინოს განვითარებისთვისაა გამიზნული იმ პროგრამების, მასტერკლასებისა და ერთობლივი დისკუსიების უმრავლესობა, რომლებიც ფესტივალის ფარგლებში იმართება

წელს საუკეთესო სომხურ მხატვრულ ფილმად  დასახელდა სომხური წარმოშობის ამერიკელი რეჟისორისა და სცენარისტის, კრის ავეტისიანის ნამუშევარი სახელწოდებით «დონალდი ატირდა» («Donald Cried»). ესაა მცირებიუჯეტიანი კამერული დრამა ორ მეგობარზე, რომლებაც ბავშვობის ტკივილები და კომპლექსები მოზრდილ ასაკშიც შერჩათ.

პირველ რიგში, აღსანიშნავია ის, რომ ფილმი გამოირჩევა ძლიერი სცენარით, რომელიც, როგორც ჩანს, ინგლისური დრამატურგიის საუკეთესო ნიმუშებითაა ნასაზრდოები.  

საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ავტორად სომხური წარმოშობის ფრანგი რეჯისორი, თამარა სტეფანიანი დასახელდა. მისი ნამუშევარი სახელწოდებით „თოვლი მოვიდა“ («Those from the Shore» – „ნაპირზე გადმოსულები”) ემიგრანტების ცხოვრებაზე მოგვითხობს. უკეთესი საცხოვრებელი პირობებისათვის ხალხი მარსელში ჩადის და ბიუროკრატიულ და ფსიქოლოგიურ მახეში ებმება. და პრობლემის მოგვარების პერსპექტივა არ ჩანს…

მაგრამ არსებობს არჩევანი

და ეს საუკეთესო „მესიჯია“, რომელსაც „ოქროს გარგარი“ უგზავნის თავის მაყურებელს, სომეხ კინომეწარმეებსა და ფესტივალის სტუმრებს.

თავისუფალი არჩევანის თავისუფლება საშუალებას იძლევა  გამოირიცხოს კომპრომისები, რომლებიც ხშირად ხელოვნებას საპნის ბუშტად აქცევენ და ანადგურებენ, რის შედეგადაც მაყურებელი ზარალდება.

წელს „ოქროს გარგარი“ არამხოლოდ კინოს, არამედ საკუთრივ ადამიანის შესახებ გამართული დიალოგების დაწყების ინიციატორადაც მოგვევლინა.  


ასევე წაიკითხეთ