ევროპის საბჭოს წარმომადგენელთა მიერმიღებული კონვენციის გამო, ერევანში საპროტესტო აქცია ჩატარდა" />

ერევანში აპროტესტებენ კონვენციას, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიიღეს

ევროპის საბჭოს წარმომადგენელთა მიერმიღებული კონვენციის გამო, ერევანში საპროტესტო აქცია ჩატარდა

Photo/ pastinfo

ერევანში, პარლამენტის შენობასთან სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების წინააღმდეგ, რომელიც ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის აღკვეთისკენაა მიმართული, საპროტესტო აქცია გაიმართა. სომხეთის საზოგადოებაში მიღებულია აზრი, რომ ქვეყანაში ამგვარი მოვლენა უბრალოდ არ არსებობს.

სომხეთის პარლამენტში  ევროპის საბჭოს უმაღლესი თანამდებობის პირთა მონაწილეობით დაგეგმილია კონვენციის რატიფიცირების საკითხის განხილვა. აქტივისტები, რომლებიც იმისთვის იბრძვიან, რომ პარლამენტმა ამ დოკუმენტის რატიფიცირება არ მოახდინოს, ისევ ქუჩებში გავიდნენ.

მსხვერპლის როლზე უარის თქმა

სექსუალური ძალადობა სომხეთში. მათ შესახებ, ვინც ტაბუ გადალახა და ამაზე ალაპარაკდა

რის წინააღმდეგ გამოდიან აქტივისტები

აქტივისტები დარწმუნებულები არიან, რომ კონვენცია სომხურ ფასეულობებს საფრთხეს უქმნის.

ინიციატივის „ნებას“ მეთაური ვააგან ჩახალიანი აცხადებს, რომ მათი აქციები გაგრძელდება:

 „მოქალაქეები მზად არიან, რომ დაუმორჩილებლობის აქციების ორგანიზება სომხეთის სხვადასხვა ქალაქში მოახდინონ. ჩვენ ვამბობთ, რომ ამის საჭიროება ჯერ არ არსებობს, რადგან დოკუმენტი ჯერჯერობით რატიფიცირების სტადიაზე არ არის. ხოლო, თუკი სომხეთის ეროვნული საკრებულო მოქალაქეებს ხმას არ შეისმენს და მათი აზრის წინააღმდეგ წავა, საპროტესტო აქციები ყველა ქალაქში ჩატარდება“.

ამჯერად საპროტესტო აქცია ჯერ პარლამენტის შენობის წინ ჩატარდა, რამდენიმე საათში გადაწყდა, რომ ერევნის ქუჩებში მსვლელობა გამართულიყო.

სტამბოლის კონვენციის შესახებ

სომხეთი კონვენციას 2018 წლის იანვარში შეუერთდა, ჯერ კიდევ ყოფილი ხელისუფლების დროს, მაგრამ მაშინ საკითხს ასეთი ხმაურიანი სკანდალი არ მოჰყოლია.

სტამბოლის კონვენციას (ან „ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის აღკვეთის შესახებ) სტამბოლში (თურქეთი) 2011 წელს მოეწერა ხელი.

ევროპის საბჭოს  47 წევრი ქვეყნიდან  34-მა კონვენციის რატიფიცირება მოახდინა, 11-მა კი, მათ შორის სომხეთმა, მხოლოდ ხელი მოაწერა. რუსეთმა და აზერბაიჯანმა მას ხელი არ მოაწერეს, ბულგარეთმა კი ეს კონვენცია საერთოდაც ანტიკონსტიტუციურად ცნო.

სამთავრობო პროგრამის თანახმად, სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება 2019 წლის სექტემბრის მეორე ნახევარში უნდა მომხდარიყო.

მოსაზრებები კონვენციის რატიფიცირების თაობაზე

აქტივისტების მოსაზრების სოლიდარულები არიან საპარლამენტო პარტია „აყვავებული სომხეთის“ დეპუტატები. ისინი ინიციატივა „ნებას“ მიერ ინიცირებულ, რატიფიცირების საწინააღმდეგო ხელმოწერების შეგროვებასაც კი შეუერთდნენ.

პარტია „აყვავებული სომხეთის“ დეპუტატის გევორგ პეტროსიანის აზრით, სტამბოლის კონვენცია სომხეთის კონსტიტუციასა და ქვეყნის ფასეულობათა სისტემას ეწინააღმდეგება.

ის, რომ მხოლოდ 2018 წელს, სომხეთში ქალთა მიმართ ძალადობის გამო, 400 სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, დეპუტატმა შემდეგნაირად შეაფასა:

 „ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც ოჯახში ძალადობისთვის სასჯელს ითვალისწინებს. ამ საბაბით არ შეიძლება იმის რატიფიცირება, რაც არსებითად ჩვენი ეროვნული ფასეულობების დანგრევისკენაა მიმართული“.

გევორგ პეტროსიანი გულისხმობს „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის გამო დაზარალებული პირების დაცვის და ოჯახური თანხმობის აღდგენის შესახებ კანონს“. ის 2017 წლის ბოლოს მიიღეს – ასევე, საზოგადოებაში არსებული მწვავე კამათისა და პროტესტის შემდეგ, ის ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა, მისი გამოყენება კი პრაქტიკულად 2018 წლის 1 ივლისიდან დაიწყო.

პროტესტის გააქტიურებასთან დაკავშირებით სახელმწიფო-სამართლებრივი საკითხების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმირ ვარდანიანმა განმარტა: მოცემულ მომენტში სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების საკითხი  ეროვნული საკრებულოს დღის წესრიგში არ დგას

 „მაგრამ მკაფიოდ უნდა გვესმოდეს შემდეგი რამ: სომხეთი ევროპის საბჭოს წევრია, და ჩვენ გარკვეული თვალსაზრისით ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ. საუბარია (კონვენციის)განხილვებზე“.

რატომ ფიქრობს ბევრი, რომ ასეთი მოვლენა არ არსებობს

საქმე ის არის, რომ ძალადობის მსხვერპლები დუმილს ამჯობინებენ. ძალიან იშვიათად ვინმე ძალადობას დაქვემდებარებული ქალი გადაწყვეტს, რომ მომხდარზე ილაპარაკოს, კიდევ  უფრო ცოტაა ისეთი, ვინც სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს.

სწორედ ეს ქმნის საზოგადოებაში იმ შთაბეჭდილებას, თითქოს სომხეთში ქალთა მიმართ ძალადობა არ არსებობს.

იმავდროულად, როგორც  JAMnews-ს ფსიქოლოგმა ანუშ ალექსანიანმა განუმარტა, ძალადობის მსხვერპლები ამის შესახებ დუმილს ამჯობინებენ, რადგან საზოგადოების რეაქციის ეშინიათ:

 „საზოგადოებაში ძალადობას დაქვემდებარებული ადამიანებისადმი სწორი დამოკიდებულება არ არის. ამიტომ, ისინი უბრალოდ დუმილს ამჯობინებენ, ან ანონიმურობის პირობით ლაპარაკობენ. ჩვენთან ასევე არ არსებობს ასეთ თემებზე მსჯელობის კულტურა“, – ამბობს ფსიქოლოგი.

ალექსანიანს დიდ პრობლემად მიაჩნია ის, რომ საზოგადოება მოძალადეს ამართლებს და მსხვერპლს ადანაშაულებს.

ფსიქოლოგი განმარტავს, რომ ადამიანები მათ მიმართ ძალადობაზე დუმან, რადგან თავს დამნაშავედ გრძნობენ – რაც ძალადობის გარდაუვალი შედეგია. ისინი ხომ საკუთარი საზოგადოების სტერეოტიპების მატარებლები არიან და ხშირად იზიარებენ სხვების აზრებს იმის თაობაზე, რომ მომხდარში ერთგვარად თავადაც წვლილი მიუძღვით.

რაც შეეხება სექსუალურ ძალადობას, სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსი სასჯელს საერთოდ არ ითვალისწინებს, თუკი მოძალადე კანონიერი ქმარია.


ასევე წაიკითხეთ