უარი მსხვერპლის როლზე
ფოტო: გევორქ ყაზარიანი
სევდიანი ისტორია ბედნიერი დასასრულით
ასმიკ ხაჩატრიანი წარმატებული კერძო მეწარმეა. იგი განსაკუთრებული, გეგაკუნიკური რეცეპტით ამზადებს ფახლავას და მაღაზიებში აბარებს. მისი სამუშაო დღე დილის 10 საათზე იწყება და საღამოს 10 საათზე მთავრდება.
ასმიკის ყოველდღიური უმნიშვნელოვანესი ვალდებულებაა თავის ქალიშვილის, ვარსენიკის სკოლაში წაყვანა. ამის შემდეგ ის მიდის ბაზარში და ფქვილს, კარაქსა და ფახლავას მოსამზადებლად საჭირო სხვა მასალებს ყიდულობს. ასმიკი ამბობს, რომ მთელი დღე ‘გადარბენაზეა’, მაგრამ ზოგჯერ ყველაფერზე უარს ამბობს და შინ რჩება – საკუთარ თავს უღრმავდება, თავის ქმედებებს აანალიზებს და სამომავლო გეგმებს სახავს.
გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობა ასმიკს მხოლოდ ორიოდე წლის წინათ გაუჩნდა. მანამდე კი, ცოლ-ქმრული ცხოვრების 9 წლის განმავლობაში იგი მეუღლისა და მეუღლის ოჯახის მხრიდან ძალადობისა და წამების მსხვერპლი იყო. ერთხელ, ღამით, როდესაც მას მორიგად სცემდნენ, ასმიკმა გაქცევა შეძლო. მისი თქმით, რომ არ გამოქცეულიყო, ცოცხალი ვერ გადარჩებოდა.
ფეხშიშველი და ტანსაცმელდაფლეთილი ქალი დილამდე სოფლის ჭაობის სიახლოვეს იმალებოდა. ქუჩაში გასვლას და მშობლებთან წასვლას ვერ ბედავდა. მეუღლე მთელ სოფელში დაეძებდა მანქანით და იმუქრებოდა, რომ მოკლავდა.
დილით ასმიკი მშობლებმა იპოვეს და გავარის ოლქის სოფელ განძაკიდან ერევნის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასმიკმა საზოგადოებრივ ორგანიზაცია ‘ქალთა დახმარების ცენტრს’ მიმართა, სადაც ის დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყვეს და იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარება აღმოუჩინეს.
მოგვიანებით მის ქმარს, სარგის აკოფიანს სასამართლო პროცესზე წაუყენეს ბრალდება სომხეთის სისხლის სამართლის 119-ე მუხლით, რაც განსაკუთრებული სისასტიკით წამებას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე.
თითქმის ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე სასამართლო პროცესის შედეგად სარგისის მიმართ წაყენებული ბრალდების კვალიფიკაცია შეიცვალა. მას ჯანმრთელობისათვის წინასწარი განზრახვით მსუბუქი ზიანის მიყენება დაბრალდა. 1,5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა და, ამნისტიის გამო, სასამართლოს შენობაშივე გათავისუფლდა.
ასმიკ ხაჩატრიანი ამბობს, რომ მისი ყოფილი დედამთილი სომხეთში ცნობილი მკითხავია, რომელიც ქრთამების საშუალებით ყოველთვის ახერხებდა უფლებადამცველი და სასამართლო ორგანოების მოსყიდვას. არც ეს პროცესი აღმოჩნდა გამონაკლისი.
გათავისუფლებული სარგის აკოფიანი საკუთარი თავის ერთგული დარჩა, ოღონდ ამჯერად მრისხანება საკუთარი მშობლებისკენ მიმართა. მშობლების ცემის, მათთვის ფულის გამოძალვისა და სახლის დაწვის მცდელობისთვის აკოფიანს ბრალდება წაუყენეს. გამომძიებელმა ორთვიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ეს გამოძიება სასამართლო პროცესით არ დასრულებულა.
ამჟამად სარგისი გათავისუფლებულია და მეუღლისა და ოჯახის სხვა წევრების მიმართ ძალადობისთვის პასუხს არ აგებს.
სხვათა შორის, აკოფიანი აგრესიულად ექცეოდა თავის საყვარელსაც, რომელიც, მოძალადისგან თავის დაღწევის მიზნით, რუსეთში გაიქცა. ასმიკ ხაჩატრიანის სასამართლო პროცესის დროს ვიკა ტოროსიანმა თავად დარეკა რუსეთიდან და ამ პროცესის გაშუქებაზე მომუშავე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი მეორე მსხვერპლია.
მისი თქმით, სარგისი ორი წლის განმავლობაში აბუჩად იგდებდა მას, სცემდა და აწამებდა. აკოფიანმა მას ცხვირი გაუტეხა; ხოლო როდესაც ხუთი თვის ორსულს ქალს მუცელიც მოეშალა, ვიკამ პოლიციას მიმართა; თუმცა, აკოფიანის მუქარის გამო, განცხადება უკანვე გამოიტანა და ქვეყნიდან გაიქცა.
ოჯახური ძალადობის შესახებ კანონის არარსებობა
სომხეთის სამართალდამცავი ორგანოები ოჯახურ ძალადობას დანაშაულად არ აღიქვამენ და მიაჩნიათ, რომ ეს თავიდან ბოლომდე ოჯახის საქმეა. ხშირად იმ ქალებს, რომლებიც პოლიციას მიმართავენ, განყოფილებაშივე არწმუნებენ, უარი თქვან განცხადების შეტანაზე – იმ საბაბით, რომ სომეხ ქალს ქმრის წინააღმდეგ ჩივილი არ შეეფერება. ის ქალები კი, რომლებიც სასამართლომდე მიდიან, იმავე რეალობის წინაშე დგებიან, რომელსაც ასმიკ ხაჩატრიანი გადაეყარა.
არც ისე დიდი ხნის წინათ დიდი გამოხმაურება მოჰყვა შემთხვევას, როდესაც არარატისა და ვაიოცის რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს მოსამართლემ, გაგიკ სარგიანმა 51 წლის ვალოდია მურადიანს მისი 35 წლის ცოლის, დიანა ნააპეტიანის მკვლელობისათვის 3,5- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მურადიანმა არასრულწლოვანი ბავშვების თვალწინ მეუღლეს დანით 21 ჭრილობა მიაყენა.
იმავე სასამართლოს მოსამართლემ, თათულ პოღოსიანმა 50 ათასი დრამის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა ვარდან ჯამალიანს, რომელიც საკუთარ მეუღლეს, ნარინე ზოღრაბიანს 11 წლის მანძილზე აწამებდა.
ძირითადად, როდესაც ქალები დახმარების იმედით სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავენ, პოლიციელები დახმარების ნაცვლად მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ. მათ ‘ჩამშვებებად’ მიიჩნევენ – როგორც სამართალდამცავ ორგანოებში, ისე საზოგადოებაში.
‘ჩამშვები’ იტალიიდან
იტალიელი ესთერ ვიოლანტე ერევანში ცხოვრობს და მუშაობს. იგი მოხალისეა. მისი ერევნული ცხოვრება შეიცვალა იმ დღეს, როდესაც მეზობლის ბინიდან ძალადობის დამადასტურებელი ხმები გაიგონა და პოლიციაში დარეკა.
პოლიციელები შემთხვევის ადგილას გამოცხადდნენ, ესაუბრნენ იმ მამაკაცს, რომელმაც ცოლს სცემა, შემდეგ ესთერს უთხრეს, რომ ყველაფერი რიგზე იყო და წავიდნენ.
პოლიციელების წასვლიდან რამდენიმე წუთში ესთერის კარზე სხვა მეზობელმა დააკაკუნა და ვიოლანტეს ურჩია, სხვის საქმეში აღარ ჩარეულიყო და მათი კორპუსის მისამართზე პოლიცია აღარ გამოეძახებინა.
იმ დღის შემდეგ იტალიელ ქალს მეზობლები ‘ჩამშვებად’ მიიჩნევენ და, მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით, ბინის კართან ექსკრემენტებს უყრიან. ‘დარწმუნებული ვარ, პოლიციელებმა აცნობეს მეზობლებს, თუ ვინ ‘ჩაუშვა’ ისინი. ჩემმა მეზობელმა მითხრა, რომ სომხეთში ქმრისგან ცოლის ცემა ნორმალურ ქმედებად ითვლება. არაერთხელ ავუხსენი, რომ თუკი ეს მათთვის ნორმალურია, ჩემთვის არ არის. სომხეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ოჯახური ძალადობა არსებობს, მაგრამ პირველად ვხედავ შემთხვევას, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების კანონიერ ინფორმირებას საზოგადოება დანაშაულად აღიქვამს,’ – ამბობს ესთერი.
არის გრანტი – არის კანონი
2016 წელს ევროკავშირმა, საბიუჯეტო დახმარების სახით, ადამიანის უფლებების სფეროში რეფორმების გატარების მიზნით სომხეთს 11 მილიონი გადასცა. ამის სანაცვლოდ, ევროკავშირი სომხეთისგან მოელის ევროსაბჭოს მიერ ქალების მიმართ ძალადობასთან და ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლისა და ამ მოვლენების თავიდან აცილების შესახებ მიღებულ კონვენციასთან მიერთებას. ამას გარდა, დონორი იმედოვნებს, რომ სომხეთი მიიღებს კანონს ‘ოჯახური ძალადობის შესახებ’.
შეგახსენებთ, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ქალების უფლებებზე მომუშავე არასამთარობო ორგანიზაციები ინტენსიურ მოლაპარაკებებს მართავდნენ სომხეთის ხელისუფლებასთან და მისგან ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით შესაბამისი კანონის მიღებას ითხოვდნენ. ეს მოლაპარაკებები ყოველ ჯერზე ჩიხში შედიოდა, ვიდრე ევროკავშირმა გრანტის გამოყოფის შესახებ არ განაცხადა.
რამდენიმე დღის წინ იუსტიციის სამინისტროს წამყვანმა ექსპერტმა, ალენ მკრტიჩიანმა აღნიშნა, რომ კანონს ‘ოჯახური ძალადობის შესახებ’ 2016 წელის მეოთხე დეკადაში მიიღებენ. ამის თაობაზე მან განაცხადა მრგვალ მაგიდასთან შეხვედრაზე, რომელიც ეხებოდა თემას ‘ოჯახური ძალადობის პროფილაქტიკის შესაბამისი კანონმდებლობა, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი’. აღნიშნულ შეხვედრაში მთავრობა, ეროვნული კრება, პოლიცია და საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციები იღებდნენ მონაწილეობას.
ნონა გალსტიანმა, ორგანიზაცია – ‘კოალიცია ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ’- იურისტმა კანონპროექტის დამუშავებაში მიიღო მონაწილეობა. ჩვენთან საუბრისას ნონა აღნიშნავს, რომ ძირითადი აქცენტი პროფილაქტიკური ზომების გატარებაზე გაკეთდა.
‘თავიდან დამრღვევი პოლიციისგან ოფიციალურ წერილობით გაფრთხილებას მიიღებს. ეს იმ შემთხვევაში, თუკი ძალადობა პირველად მოხდა, ან დანაშაულის შემადგენლობა არ აღინიშნება – ანუ თუკი ცემისა და წამების კვალი არ ჩანს. თუკი ძალადობა განმეორდება ან დანაშაულის შემადგენლობის მახასიათებლები სახეზეა, საგანგებო ჩარევის გადაწყვეტილებას ისევ პოლიცია მიიღებს.
საგანგებო ჩარევა გულისხმობს იმას, რომ მოძალადეს არ ექნება უფლება, რომ მსხვერპლს 100 მეტრზე უფრო ახლო მანძილზე მიუახლოვდეს, დაურეკოს, შეაწუხოს, ან მის შესახებ არსებული ინფორმაცია შეაგროვოს. ამის შემდეგ იწყება ოფიციალური გადაწყვეტილების ეტაპი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად გამოიყენება. აქაც ისეთივე შეზღუდვები მოქმედებს, იმ განსხვავებით, რომ დამრღვევი შეიძლება საცხოვრებელი ადგილიდან გაასახლონ და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, არის თუ არა დამნაშავე საცხოვრებელი ფართის მფლობელი,’ – განმარტავს ნონა გალსტიანი.
სახელმწიფო ორგანოების განცხადებით, ამ კანონის მიღებას რესურსების სიმწირე აბრკოლებდა. ამჟამად ევროკავშირის მხარდაჭერით დაზარალებულებისა და მოძალადეებისათვის თავშესაფრებისა და ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრების შექმნა იგეგმება.
ამჟამად სომხეთში საერთოდ არ აღირიცხება ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც მოძალადეებთან იმუშავებდა.
ოჯახური ძალადობით დაზარალებულებს საზოგადოებრივი ორგანიზაციები ეხმარებიან
იმ ქალებისთვის, რომლებიც ოჯახური ძალადობით დაზარალდნენ, ცხელი ხაზი მუშაობს. მიღებული ზარის შემდეგ აქ დაზარალებული ქალის მდგომარეობას აფასებენ. თუკი ქმართან ერთად ცხოვრება მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, ქალს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა სპეციალურ თავშესაფარში გზავნიან. ერევანში არსებობს ორგანიზაცია ‘ქალთა დახმარების ცენტრის’ თავშესაფარი, რომელიც საზღვარგარეთ არსებული სომხური სათვისტომოს წარმომადგენლის, ფილანტროპ ჯეიმზ ტუფენკიანის სახსრებით დაარსდა.
2016 წლის იანვრიდან დღემდე აქ 26 ადამიანი (ქალები და მათი შვილები) აფარებდა თავს. თუმცა, რესურსების სიმწირის გამო, ამ თავშესაფარს არ შეუძლია მიიღოს ყველა, ვისაც დახმარება სჭირდება. ცხელი ხაზისა და თავშესაფრის შესახებ ქალები იმ ბროშურების საშუალებით იგებენ, რომლებიც სოფლისა თუ რაიონის ადმინისტრაციულ შენობებში და პოლიციის განყოფილებებში ვრცელდება. ასევე, ‘ქალთა დახმარების ცენტრის’ ცხელი ხაზის ნომერი შეგიძლიათ იხილოთ მეტროების ვაგონებისა და საცხოვრებელი სახლების ლიფტების სარეკლამო დაფებზე.
‘ქალთა დახმარების ცენტრის’ პროგრამების კოორდინატორი, ასმიკ გევორქიანი ამბობს, რომ ოჯახური ძალადობის შესახებ კანონის არარსებობა თავშესაფრების მუშაობის ყველაზე დიდ დამაბრკოლებელ ფაქტორს წარმოადგენს. თავშესაფრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი გულისხმობს იმას, რომ არავინ უნდა იცოდეს, სად მდებარეობს ეს დაწესებულება, რადგან ქმრები ხშირად ეძებენ ყოფილ ცოლებს ‘საქმის გასარჩევად’.
‘ფართის ძიება პრობლემაა, რადგან გამქირავებლები ყოველთვის ინტერესდებიან, თუ რისთვის ვქირაობთ ფართს. ჩვენ კი არ შეგვიძლია, ვუპასუხოთ ამ შეკითხვას. მოდის უბნის ინსპექტორი და გვეკითხება, თუ ვინ ვართ და ვინ ქირაობს ფართს. რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ეს დაძაბულობა და როდემდე უნდა ვცდილობდეთ ფართის მფლობელთა დაყოლიებას! ვფიქრობ, კანონის არსებობის შემთხვევაში, მშვიდად მუშაობის საშუალება გვექნება, რადგან სახელმწიფო დაგვიცავს,’- ამბობს ასმიკ გევორქიანი.
ადგილი, სადაც ‘ქალთა დახმარების ცენტრის’ თავშესაფარი მდებარეობს, ჯერ არ აღმოუჩენიათ, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც ყველა ბინადრის დროებით გასახლება მოუხდათ მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
გარდა ამისა, თავშესაფარში მოხვედრილ ყველა ქალს აღენიშნება დაზიანებები და მათთვის აუცილებელია სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. ‘ქალთა დახმარების ცენტრს’ ამისთვის დამატებითი სახრები ესაჭიროება.
‘თუკი სტატისტიკას გადავხედავთ, აღმოჩნდება, რომ ცენტრის პაციენტების უმრავლესობას ცხვირი აქვს გატეხილი. მათი შვილები უჭმელობით იტანჯებიან და ყველა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია,’ – ამბობს ასმიკ გევორქიანი.
‘ქალთა დახმარების ცენტრის’ პროგრამების კოორდინატორმა ისიც აღნიშნა, რომ ოჯახური ძალადობით დაზარალებული ქალების უმრავლესობას სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმები აღენიშნება. არადა, სომხეთში არც ფსიქოლოგთან მკურნალობაა მიღებული.
‘თუ ქალი ფსიქოლოგიური დისპანსერის აღრიცხვაზეა აყვანილი, ეს გარემოება იურიდიული და სასამართლო პროცესების მსვლელობისას შეიძლება მის წინააღმდეგ გამოიყენონ. გამომძიებელმა შეიძლება თქვას, რომ ქალი ჩვეულებრივზე უფრო ნელა საუბრობს, თუმცა არავინ დაინტერესდება იმით, თუ რამდენჯერ ჩაარტყეს მსხვერპლს თავში და რით არის ეს ყველაფერი გამოწვეული. ასევე, აუცილებელია მჭიდრო თანამშრომლობა განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან სფეროების მუშაკების უკეთ ინფორმირებისთვის,’- ამბობს ასმიკ გევორქიანი.
ბრძოლა გრძელდება
წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარე სასამართლო პროცესის შემდეგ ასმიკ ხაჩატრიანი, როგორც იქნა, გათავისუფლდა მეუღლის დევნისგან და სომხეთში ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მაგალითად იქცა. გასულ წელს, ადამიანის უფლებათა დაცვისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაზე ასმიკს გადასცეს ევროკავშირის პრემია ‘მამაცი ქალი’.
მაგრამ მისი ბრძოლა გრძელდება. ასმიკი ფახლავას ამზადებს და აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ განქორწინებულ ქალსაც შეუძლია საკუთარი ბიზნესის შექმნა, შვილის გაზრდა და ღირსეულად ცხოვრება.
‘ბაზარში ერთ ტომარა ფქვილსა და ერთ ბოცა ზეთს ვყიდულობ ხოლმე, რომ ცოტა ხანს მაინც მეყოს. ერთხელ ფქვილის დიდი ტომარა ვიყიდე და შევეცადე, ტაქსიში ჩამედო. მძღოლმა მკითა:’მე ვერ მივიტან შენს ტომარას მანქანამდე, კაცი არ გახლავს თან, რომ დაგეხმაროს?’ ვუთხარი, რომ თავად მივიტანდი მანქანამდე ტომარას, რაზეც მან მიპასუხა, რომ მისი მანქანა ფქვილის საზიდად არ იყო გამიზნული. მივხვდი, რომ მძღოლს უბრალოდ არ უნდოდა დამხმარებოდა, რადგან მამაკაცი არ მახლდა. სხვა ტაქსი მოვნახე და გამყიდველებიც დამეხმარნენ ტომრის გადატანაში, მაგრამ მაინც ყოველდღიურად მიწევს ბრძოლა,’- ამბობს ასმიკი.
გამოქვეყნდა 12.05.2016