სომხეთის სასამართლოები განბლოკილია - პრემიერმა თავის მომხრეებს აქციის შეწყვეტისკენ მოუწოდა
19 მაისს სომხეთის „რევოლუციურმა“ პრემიერ-მინისტრმა ადამიანებს ისევ მოუწოდა ქუჩებში გამოსვლისა და სასამართლოების შესასვლელების დაბლოკვისკენ და, რომ იქ არავინ შეეშვათ. ამჯერად მან თავის მომხრეებს სთხოვა, რომ სასამრთლო სისტემის რეფორმირებისთვის დაეჭირათ მხარი. „საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ინფორმირებული მოქალაქე“ გამოთვლებით, ნიკოლ ფაშინიანის მოწოდებას 1100 ადამიანი გამოეხმაურა.
სასამრთლოების წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მიზეზად სხვა საპროტესტო აქციები იქცა.ამ დღეს გამოცხადდა სასამართლოს გადაწყვეტილება – სომხეთის ექს-პრეზიდენტის რობერტ კოჩარიანის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ; და ქუჩებში ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ადამიანები გამოვიდნენ. ფაშინიანისთვის ამ საქმეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან მან სასამართლოს გადაწყვეტილების გამო ადამიანების უკმაყოფილებაზე რეაგირება მაშინვე მოახდინა.
20 მაისს პრემიერი გამოვიდა განცხადებით, რომელშიც განმარტა, თუ ზუსტად როგორ აპირებს სასამართლო სისტემის რეფორმირებას, და სასამართლოების განბლოკვისკენ მოუწოდა.წარმოგიდგენთ ყველა წვრილმანს იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა 18-დან 20 მაისამდე.
განახლება
12:00 20 მაისი 2018
პრემიერის განცხადება
დათქმულ დროს პრემიერი სასამართლო სისტემაში არსებული სიტუაციის შესახებ განცხადებით გამოვიდა:
„ხალხი სასამართლო ხელისუფლებას მიიჩნევს ყოფილი კორუმპირებული სისტემის ნარჩენად, სადაც გამუდმებით მუშავდებოდა და ხორციელდებოდა ადამიანების წინააღმდეგ შეთქმულებები... ცხადია, რომ საზოგადოება სასამართლოს გადაწყვეტილებებს სრულიად არ ენდობა, და ამას არამხოლოდ როგორც პრემიერი ვამბობ, არამედ როგორც სომეხი ხალხის წარმომადგენელი, რომელსაც ხალხის სახელით გამოსვლის უფლება აქვს“…
ფაშინიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება სასამართლო სისტემის გასაჯანსაღებლად ქმედით ნაბიჯებს დგამს. თუკი ამისთვის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა გახდება საჭირო, მათ შეიტანენ. თუკი ამისთვის რეფერენდუმის ჩატარება იქნება საჭირო, ის ჩატარდება.
პრემიერმა პუნქტებად ჩამოაყალიბა მომავალი ქმედებები, რაც დამოუკიდებელი, და არა „მარიონეტული“ სასამართლო სისტემის შექმნის საშუალებას გააჩენს:
- უკლებლივ ყველა მოსმართლემ უნდა გაიაროს ვეტინგი[კეთილსაიმედოობის შემოწმება – JAMnews]. ანუ საზოგადოება მოსამართლეთა პოლიტიკური კავშირების, მათი ქონების, ასევე პროფესიული და პირადი თვისებებისა, და წარსული საქმიანობის შესახებ საქმის კურსში უნდა იყოს.
- უნდა გაგდგეს ან მოიხსნას ყველა ის მოსამართლე, რომლებმაც გადაწყვეტილებები ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ აღიარებული დარღვევებით მიიღეს.
- ყველა ის მოსამართლე რომელიც თავად ათვითცნობიერებს, რომ ობიექტურობა არ შეუძლია, უნდა გადადგეს.
- ორი თვის განმავლობაში უნდა დაინერგოს გარდამავალი მართლმსაჯულების მექანიზმები, რასაც მთავრობა წინა 7-8 თვის მანძილზე ამუშავებდა.
- დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შესაქმნელად პარლამენტმა საკანონმდებლო საქმიანობა უნდა ჩაატაროს.
გამოსვლის შემდეგ ფაშინიანმა თავის მომხრეებს სასამართლოების შესასვლელების განბლოკვისკენ მოუწოდა.
ყარაბაღის თემა
პრემიერ ასევე ყარაბაღში არსებულ სიტუაციას შეეხო.
სასამართლოების ბლოკირებისა და მართლსაჯულების სისტემის სასწრაფოდ რეფორმირების მთელი ეს სიტუაცია უკავშირდება ექს-პრეზიდენტ რობერტ კოჩარიანის საქმეს, რომელიც სასამართლომ 16 მაისს პატიმრობიდან გაათავისუფლა. მოსმართლე დავიდ გრიგორიანმა ამ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა მთიანი ყარაბაღის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების თავმდებობა. მათ სასამართლოს მათი მეგობრის, თანამემამულის და ასევე ყარაბაღის პირველი პრეზიდენტის გათავისუფლების თხოვნით მიმართეს.
ამავდროულად ფაშინიანის მთავრობა თავის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად იმას მიიჩნევს, რომ კოჩარიანი და რამდენიმე სხვა მაღალი თანამდებობის პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში გადაეცნენ. ამის შესახებ პრემიერმა ქვეყნის მეთაურის თანამდებობაზე მისი მუშაობის ერთი წლის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
• 100 ფაქტი პრემიერისგან ახალი სომხეთის შესახებ
სასამართლომ ახლა ექს-პრეზიდენტის მიმართ მხოლოდ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. „1 მარტის“ სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც ის ბრალდებულია, გრძელდება.
თუმცა, თავის განცხადებაში ფაშინიანმა ყარაბაღის ხალხს მოუწოდა, რომ უარყონ ის ძალები, ვისი საქმიანობაც იმისკენაა მიმართული, რომ „ჩვენი ხალხის ორ ნაწილს შორის შუღლი და უთანხმოება დათესონ“:
„მოვუწოდებ ყარაბაღის ხალხს მხოლოდ იმ ძალებს დაუჭიროს მხარი, რომელიც სომეხი ხალხის თანადგომისა და მისი ლეგიტიმური წარმომადგენლის – მთავრობის პოზიციიდან გამოდის. ყველა სხვა ძალას ერთმნიშვნელოვნად ის მიზანი აქვს, რომ ყარაბაღის ხალხი საკუთარი შიდა დაჯგუფების ინტერესების მომსხურებისთვის გამოიყენოს, რათა ყარაბაღისა და სომხეთის სუვერენიტეტის წინააღმდეგ შეთქმულებების პროვოცირებით წარსულში ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობას გაექცნენ“.
რეაქცია პრემიერის მოწოდებაზე
უზენაესი სასამართლოს საბჭომ, ადვოკატთა პალატამ, ომბუდსმენმა, პარტია „დაშნაკცუტიუნმა“ და „აყვავებულმა სომხეთმა“ პრემიერს მოწოდებით მიმართეს, რომ მას საკუთარი გადაწყვეტილებისთვის გადაეხედა. კერძოდ, ომბუდსმენის განცხადებაში ნათქვამია: სომხეთში სასამართლოებისა და მართლმსაჯულების მუშაობაში ნებისმიერი ჩარევა აკრძალულია, შექმნილი სიტუაცია, შესაძლოა, სამართლებრივი სისტემის სტაბილურიობისა და უსაფრთხოებისთვის საშიში აღმოჩნდეს. პოლიტიკურმა პარტიებმა ფაშინიანის ქმედებები სასამართლოებზე ზეწოლის მცდელობად მიიჩნიეს.
სრულიად სომხეთის კათოლიკოსი ხალხისადმი მოწოდებით გამოვიდა – გამოეჩინათ თავშეკავება და ძალადობა არ დაეშვათ.
სომხეთის სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება
საერთო იურისდიქციის სასამართლოს თავმჯდომარემ რუბენ ვარდანიანმა სომხეთის მედიებისთვის მიცემულ ინტერვიუებში მოსამართლეებს შორის პირველმა განაცხადა:
„ოფიციალურად ვაცხადებ: იმის მიუხედავად, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, მზად ვარ, აუცილებლობის შემთხვევაში, გადადგომის შესახებ განცხადება წარვადგინო. მეტიც, თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ მზად ვარ, რომ ჩემი პროფესიული ცოდნა სხვებს გადავცე და ახალი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას დავეხმარო“.
8:30 20 მაისი 2019
ძლიერი წვიმის მიუხედავად, ერევანში პრემიერის მიერ გამოცხადებული აქცია დაიწყო.
19 მაისი 2019
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის ყველა სასამართლოს შენობის ბლოკირების მოწოდებით 19 მაისს Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოვიდა:
„დილით 8:30[20 მაისს 2019] რესპუბლიკის უკლებლივ ყველა სასამართლოს შენობის შესასვლელებსა და გამოსასვლელებს ვკეტავთ, ისე, რომ შიგნით შესვლა ვერავინ შეძლოს.
12:00 [20 მაისს 2019]ჩემი გამოსვლის ტრანსლირება მოხდება“.
ამ პოსტს პირდაპირი ჩართვა მოჰყვა, რომელშიც ფაშინიანი დაგეგმილ აქციაზე ლაპარაკობს და თავის ყველა მომხრეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
პრემიერმა არ განმარტა, თუ ზუსტად რის მიღწევას აპირებს და რატომ მოუწოდებს ხალხს ისევ ქუჩებში გასვლისკენ. მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ მთელი ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს.
რაშია საქმე
თავის სიტყვაში პრემიერი ადამიანების მხრიდან სასამართლო სისტემის მიმართ უკმაყოფილებას შეეხო. როგორც ჩანს, საუბარია იმ საპროტესტო აქციებზე, რომელიც ერევანში შაბათს 18 მაისს ჩატარდა, მასში სომხეთის ექს-პრეზიდენტ რობერტ კოჩარიანის გათავისუფლების მოწინააღმდეგეები მონაწილეობდნენ.
• სომხეთის ექს-პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა
• 100 ფაქტი პრემიერ-მინისტრისგან ახალი სომხეთის შესახებ
18 მაისს სასამართლომ კოჩარიანის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. ის, კონსტიტუციური წყობის დამხობისა და 3 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღების ბრალდებით, ხუთი თვის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა.
სასამართლომ რობერტ კოჩარიანის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო – მთიანი ყარაბაღის ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტების თავდებით, ის პატიმრობიდან გაათავისუფლა. მათ ამის შესახებ სასამართლოს სთხოვეს და თითოეულმა 500 ათასი დრამი [დაახლოებით $1,000] გადაიხადა.
რობერტ კოჩარიანი ყარაბაღის მკვიდრია და მისი პირველი პრეზიდენტი იყო, ამიტომაც მას თავდებად ყარაბაღელი ლიდრები დაუდგნენ.
კოჩარიანის საქმე
კოჩარიანის ბრალდება 2008 წლის მოვლენებს უკავშირდება.
მაშინ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების აღიარების მოწინააღმდეგე ადამიანების დემონსტრაციის დაშლის დროს საბრძოლო იარაღი გამოიყენეს, 10 ადამიანი დაიღუპა, ორი მათგანი – სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელი იყო.
აქციაში სომხეთის პირველი პრეზიდენტის ლევონ ტერ-პეტროსიანის მომხრეები მონაწილეობდნენ. ისინი მის გამარჯვებაში დარწმუნებულები იყვნენ და არჩევნების შედეგების გადახედვას მოითხოვდნენ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, არჩევნების შედეგების მიხედვით, პრეზიდენტად სერჟ სარგსიანი გამოაცხადა.
თუმცა, იმ მომენტისთვის მას უფლებამოსილების აღსრულება ჯერ დაწყებული არ ჰქონდა. სომხეთის პრეზიდენტი ჯერ კიდევ რობერტ კოჩარიანი იყო – ამიტომაც დემონსტრაციის სასტიკად დარბევასა და კონსტიტუციური წყობის დამხობაში სწორედ ის არის ბრალდებული.
2018 წლის გაზაფხულზე მომხდარ „ხავერდოვან“ რევოლუციამდე „1 მარტის“ საქმეზე გამოძიება ერთი წერტილიდნ არ იძვროდა. ახალმა მთავრობამ, რევოლუციის ლიდერის ნიკოლ ფაშინიანის მეთურობით, ამ საქმეს ხელი მაშინვე მოჰკიდა.
საბოლოოდ უკვე 2018 წლის ივლისში რობერტ კოჩარიანს 2008 წლის 1 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალი წარუდგინეს.
ის ამ საქმეზე 28 ივლისს პირველად დააპატიმრეს. თუმცა, ორ კვირაში გაათავისუფლეს.
სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისი დაპატიმრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო. მისი გათავისუფლების საფუძვლად კონსტიტუციის ის მუხლი იქცა, რომელიც რობერტ კოჩარიანის, როგორც პრეზიდენტის, ხელშეუხებლობას ეხებოდა.
შემდეგ, 15 ნოემბერს საკასაციო სასამართლომ საქმე ხელახალი გამოძიების ჩასატარებლად სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნა.
2018 წლის 7 დეკემბერს ექს-პრეზიდენტის ხელმეორედ დაპატიმრების გადაწყვეტილება გამოიტანეს.
ამ დღის შემდეგ სომხეთის მეორე პრეზიდენტი ისევ ციხეში იმყოფება.
რობერტ კოჩარიანი აცხადებს, რომ მისი საქმე არის ვენდეტა, და სომხეთის ახლანდელი ხელისუფლება მისთვის სამაგიეროს გადახდას ცდილობს.
რატომ მიაჩნია კოჩარიანს მის დაპატიმრება პოლიტიკურ დაკვეთად
სომხეთის ახლანდელი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატის ლევონ ტერ-პეტროსიანის ინტერესებს წარმოადგენდა. ის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა.
2008 წლის 1 მარტის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ ფაშინიანი, მასობრივი არეულობების ორგანიზების ბრალდების გამო, ერთი წლითა და ოთხი თვით მიწისქვეშეთში გაუჩინარდა.
2010 წლის 1 ივლისს ფაშინიანი პროკურატურაში ნებაყოფლობით გამოცხადდა, ის დააპატიმრეს და შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ერთი წლისა და 11 თვის შემდეგ მას სომხეთის დამოუკიდებლობის 20 წლისთვისადმი მიძღვნილი ამნისტია შეეხო.
უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმა საერთაშორისო სტრუქტურების ზეწოლით მოუხდა.
პრეზიდენტის მოწოდება
პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ სომხეთის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე ქვეყნის მცხოვრებლებისადმი მოწოდება გაჩნდა:
„ის, რომ სომხეთის რესპუბლიკაში დემოკრატიული პროცესები შეუქცევადია, ამაში ეჭვი არც სომხეთში არც მის ფარგლებს გარეთ ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს.
სომხეთის კონსტიტუციით, ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის. შესაბამისად, სახელისუფლებო შტოები – საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო – სომეხი ხალხის კრებსით ნებას უნდა ასახავდნენ…
ამასთან დაკავშირებით სომხეთის ყველა მოქალაქეს, განურჩევლად მათი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მდგომარებოისა, მოვუწოდებ, რომ სიმშვიდე და მოთმინება შეინარჩუნონ“.