უკრაინაში ბოშათა ბანაკებზე თავდასხმების სერია განხორციელდა, არიან დაღუპულები და დაჭრილები" />

უკრაინა: ულტრამემარჯვენეები ბოშების წინააღმდეგ

უკრაინაში ბოშათა ბანაკებზე თავდასხმების სერია განხორციელდა, არიან დაღუპულები და დაჭრილები

ჰრომადსკოეს“ მასალების მიხედვით 

სად და როდის?

უკრაინის ბოშათა დასახლებებს ორი თვის განმავლობაში ექვსჯერ დაესხნენ თავს. პირველი ინციდენტი 20 აპრილს კიევში მოხდა – მომთაბარე ბოშების ბანაკი დაარბიეს, მისი ბინადრების ნივთები და კარვები კი დაწვეს.

შემდეგ კიდევ რამდენიმე ხანძარი მოხდა: 9 მაისს ლვოვის ოლქში, და 22 მაისსს ტერნოპოლის ოლქში. 7 ივნისს კი ორგანიზაცია „ეროვნული ბრიგადები“-ს წარმომადგენლებმა პოლიციასთან ერთად კიევის გოლოსეევის ეროვნულ პარკში არსებული ბოშების ბანაკი დაარბიეს.

ახალი თავდასხმის შედეგად – 23 ივნისს ლვოვში ერთი ადამიანი დაიღუპა.

ვინ ესხმის?

თავდასხმების უკან ულტრამემარჯვენე ორგანიზაციების „ნემეზიდას“,„ფხიზელი და გაბრაზებული ახალგაზრდობისა“ და „С14“-ის წარმომადგენლები დგანან. აი, რა არის მათ შესახებ ცნობილი.

С14“ 2009 წლიდან არსებობს. „С14“-ის წევრები დონბასში, უკრაინელი სამხედროების მხარეს სხვადასხვა მოხალისეთა ბატალიონებში იბრძოდნენ.

ეს ორგანიზაცია ლგბტ-საზოგადოებისა და მემარცხენე მოძრაობების ღონისძიებების ჩაშლით არის  ცნობილი. მაგალითად, კიევში რუსი ნეონაცისტების მიერ მოკლული ანასტასია ბაბუროვასა და იუსრისტი სტანისლავ მარკელოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციის დროს. ორგანიზაცია „ნემეზიდას“ წევრებმა კიევში 8 მარტს ქალთა უფლებების დასაცავად გამართული  მარშის მონაწილეებზე თავდასხმით გამოიჩინეს თავი – მარშის დასრულების შემდეგ მათ რამდენიმე მონაწილეს „ზელიონკა“ შესახეს და მათი პლაკატები დახიეს.

„ფხიზელი და გაბრაზებული ახალგაზრდობა“ ადრე მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში საერთოდ არ ფიგურირებდა, მაგრამ არსებობს მონაცემები საერთაშორისო ნეონაცისტურ ორგანიზაცია Misanthropic Division-თან მათი კავშირების შესახებ.

 

მემარჯვენე რადიკალური ორგანიზაცია C14-ის წევრები  2018 წლის 20 აპრილს გოლოსეევის პარკში, ბოშათა ბანაკში.  ფოტო: სერგეი მაზურის გვერდი facebook-ში

როგორ იძიებენ თავდასხმებს?

პოლიცია ფაქტზე სისიხლის სამართლის საქმის აღძვრას უკანასკნელ ინციდენტამდე არ ჩქარობდა. თავიდან ყველაფერი პოლიციაში ჩვენებების მისაცემად დაბარებით ამოიწურებოდა, მაგრამ შემდეგ კონფლიქტით უფლებადამცველები დაინტერესდნენ და პოლიციამ დარბევის მონაწილეებისა და ორგანიზატორების დაკავება დაიწყო.

ამჟამად აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები შემდეგი მუხლებით – „ადამიანების ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით, განხორციელებული მკვლელობა“, „ეროვნული და რასობრივი მტრობისა და ზიზღის გამაღვივებელი ქმედებები“, „არასრულწლოვანთა დანაშაულებრივ ქმედებებში  ჩათრევა“ და სხვა.

26 ივნისს საღამოს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ  ბოშათა ბანაკზე თავდასხმის ექვსი მონაწილე ორი წლით დააპატიმრა.  

რა რეაქცია ჰქონდა მსოფლიოს და უკრაინას?

ლვოვის ოლქში ბოშის  მკვლელობის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ასევე ევროპის საბჭომ, და აშშ-სა და უკრაინის საელჩოებმა აზრი გამოთქვეს.

ასევე ბოშების მკვლელობა და მათზე თავდასხმა  უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის და უკრაინის რომაულ-კათოლიკური ეკლესიის კონფერენციის წარმომადგენლებმა დაგმეს. უკრაინის კულტურის სამინისტრომ შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვს მოუწოდა, პირადად გააკონტროლოს ლვოვშინას დროს ბოშის მკვლელობა. თავად ავაკოვმა განაცხადა, რომ  თავდასხმა „რუსეთიდან იყო ინსპირირებული“. „რუსული კვალის“ შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილი გრიცაკმაც ილაპარაკა.

უკრაინის პრეზიდენტ პიოტრ პოროშენკოს უკრაინაში ბოშათა ბანაკებზე თავდასხმის შესახებ საჯაროდ არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.


ასევე წაიკითხეთ