"ჩვენი რწმენის შესახებ წერილობითი წყაროები არ გაგვაჩნია. მის შესახებ ცნობებს ზეპირსიტყვიერად გადავცემთ და მისი პრინციპები ცვლილებებს ექვემდებარება, ზოგჯერ მახინჯდება კიდეც"" />

სომხეთის იეზიდები თავიანთ პრობლემებს თავად წყვეტენ

"ჩვენი რწმენის შესახებ წერილობითი წყაროები არ გაგვაჩნია. მის შესახებ ცნობებს ზეპირსიტყვიერად გადავცემთ და მისი პრინციპები ცვლილებებს ექვემდებარება, ზოგჯერ მახინჯდება კიდეც"

ჰამლეტ სმოიანი სომხეთის მოქალაქეა. იგი ეთნიკურად იეზიდია, სარწმუნოებრივად კი – შარფადინი. ჰამლეტი ერევნის მახლობლად მდებარე სოფელ არაქსში ცხოვრობს. ამ სოფელში 450 ოჯახი ცხოვრობს, რომელთაგანაც 10 იეზიდურია.

ისტორია სომხური სოფლის შესახებ, სადაც მხოლოდ იეზიდები ცხოვრობენ

უძველესმა სამონასტრო კომპლექსმა შესაძლოა საქართველო და აზერბაიჯანი ერთმანეთს დაუპირისპიროს

თავის ეთნიკურ იდენტობაზე ჰამლეტი არასდროს დაფიქრებულა. იეზიდია და მორჩა – პროგრესული, განათლებული, ტრადიციების ერთგული იეზიდი. თუმცა, ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როდესაც პირველად დაფიქრდა თავის აღმსარებლობაზე.

«ბავშვობაში ვიცოდი, რომ ჩვენი რელიგია გვაქვს, მაგრამ ამ რჯულთან დაკავშირებული ბევრი საკითხი ისეთ კითხვებს მიჩენდა, რომლებზეც პასუხს ვერ ვიღებდი. იმ პერიოდში, როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, სომხეთის ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებელში შემოიტანეს საგანი, რომელსაც „სომხეთის ეკლესიის ისტორია“ ერქვა.

თავიდან ამ საგანს ეჩმიაძინიდან მოვლენილი სპეციალისტი  [ანუ ეკლესიის წარმომადგენელი. ეჩმიაძინში კათოლიკოსის რეზიდენცია და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მთავარი საკათედრო ტაძარი მდებარეობს] გვასწავლიდა, რომელიც მოგვიანებით ისტორიის მასწავლებელმა ჩაანაცვლა. გაკვეთილის დაწყებამდე ყოველთვის ვლოცულობდით. იმ პერიოდში არც ისე კარგად ვიცნობდი ჩემს რელიგიას და საერთოდაც, ბოლომდე ვერც ვხვდებოდი, რა არის რწმენა.  „მამაო ჩვენოს“ თანაკლასელებთან ერთად ვკითხულობდი ხოლმე », – ამბობს ჰამლეტი.

სომხების გარდა სომხეთში 10 ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ცხოვრობენ. იეზიდების თემი ყველაზე მრავალრიცხოვანია მათ შორის. 2011 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, სომხეთში 35 272 იეზიდი ცხოვრობს (არაოფიციალური მონაცემებით, მათი რაოდენობა 45-50 ათასს აღწევს).

ეთნიკურ უმცირესობებს თითქმის არასდროს განუცხადებიათ, რომ დანარჩენი საზოგადოების მხრიდან დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას გრძნობენ. იმ იშვიათ შემთხვევებს შორის, როდესაც ისინი ხმამაღლა გამოხატავდნენ უკმაყოფილებას. უნდა აღინიშნოს იეზიდების სათვისტომოს ზოგიერთი წარმომადგენლის საჩივრები იმასთან დაკავშირებით, რომ მათ შვილებს სკოლაში ლოცვას აძალებდნენ. არაქრისტიანი მოსწავლეების უფლებების დაცვის მოტივით, იეზიდები „სომხეთის ეკლესიის ისტორიის“ არჩევით საგნად გადაქცევის ინიციატივით გამოვიდნენ.

“ამ საკითხთან დაკავშირებით მათ ხელისუფლებას მიმართეს, მათ შორის არმენ აშოტიანს, რომელიც ბოლო დრომდე განათლების მინისტრის პოსტს იკავებდა. აშოტიანმა განაცხადა: «ის ადამიანები, რომლებიც „სომხური ეკლესიის ისტორიის“ სწავლებას ეწინააღმდეგებიან, ჩვეულებრივი დასავლელი გრანტიჭამიები არიან.

ეს საკითხი კათოლიკოსთან შეხვედრისას განვიხილეთ. მან აღნიშნა, რომ ეჩმიაძინი [ანუ ეკლესია] არ მოითხოვს ლოცვას, ლოცვა სასწავლო პროგრამის ნაწილი არ არის და ამ საგნის სწავლებისთვის მომზადების პროცესში მასწავლებლები ასეთ მითითებას არ იღებენ, მაგრამ მოგვიანებით ხელში ჩაგვივარდა სასწავლო გეგმა, სადაც მკაფიოდაა მითითებული, რომ გაკვეთილი „მამაო ჩვენოთი“ უნდა იწყებოდეს», – ამბობს ჰამლეტი.

იგი მიიჩნევს, რომ იეზიდების მიმართ სახელმწიფო დისკრიმინაციას, რა თქმა უნდა, ადგილი არ აქვს. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არც სახელმწიფო მხარდაჭერა ფიქსირდება რელიგიის დაცვის საკითხში.

«საკუთარი რელიგიის შენარჩუნებისა და გავრცელების საკითხში იეზიდები სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან. შარფადინის შესახებ  წერილობითი წყაროები და შესაბამისი ლიტერატურა საერთოდ არ მოგვეპოვება. ჩვენი აღმსარებლობის იდეა და პოსტულატები მხოლოდ ზეპირი გზით გადაიცემა. ამ ცოდნას შეიხებისა და ფირების იეზიდური კასტები ინახავენ.

ზეპირი გზით გავრცელების პირობებში სარწმუნოების არსი და პრინციპები იცვლება და ზოგჯერ მახინჯდება კიდეც. ეს ყველაფერი კი ბევრ იეზიდს უჩენს კითხვებს, რომლებიც ან პასუხის გარეშე რჩება, ან უბრალოდ, ადამიანები პასუხებს სხვა რელიგიებსა და სწავლებებში პოულობენ», – ამბობს ჰამლეტი.

იეზიდების რელიგია, რომელსაც შაფრადინი [იგივე შაფრადინიზმი] ჰქვია, მონოთეიზმის იდეაზეა დაფუძნებული. იეზიდები თაყვანს სცემენ ერთ ღმერთს, რომელსაც „ჰოადეს“ უწოდებენ. დიდი ხნის მანძილზე ისინი საიდუმლოდ ინახავდნენ საკუთარ სარწმუნოებას და სხვა აღმსარებლობის ადამიანებს მასზე საერთოდ არ ესაუბრებოდნენ.

სომხეთში მცხოვრები იეზიდების ისტორიისა და ენის შენარჩუნების მიზნით სახელმწიფო სათვისტომოს სახელმძღვანელოს შექმნაში დაეხმარა და ამით მისი თანამონაწილეობა მთლიანად ამოიწურა. ამ წიგნით იმ 25 სკოლაში ასწავლიან, რომლებშიც შესაბამისი კომპეტენციის მქონე მასწავლებლები მუშაობენ და სადაც კლასის ფორმირებისთვის საკმარისი რაოდენობის იეზიდი მოზარდი სწავლობს.

იეზიდურ ენას მეტწილად რეგიონებში მდებარე სკოლებში ასწავლიან. ერევანში ამ ენის გაკვეთილებს მხოლოდ ორ სკოლაში ატარებენ – და ეს მაშინ, როდესაც დედაქალაქში 7 ათასზე მეტი იეზიდი ცხოვრობს. ამასთან, სახელმძღვანელოების ხარისხი ნამდვილად არაა იდეალური. იეზიდური ენის მასწავლებლების რაოდენობა ძალიან მცირეა, ხელფასი კი – მიზერული.

ჰამლეტმა და მისი მეგობრებმა, რომლებიც „იეზიდების ეროვნული გაერთიანება სინჯარის“ წევრები არიან, ერაყიდან (რომელიც იეზიდების რელიგიურ ცენტრს წარმოადგენს)  მათი ეროვნული რელიგიის შესახებ დაწერილი რამდენიმე წიგნი ჩამოიტანეს. მეგობრები საკუთარი ძალებით თარგმნიან წიგნებს საკვირაო სკოლის მოსწავლეებისათვის. საკვირაო სკოლა გაერთიანება „სინჯარის“ სახსრებით ფუნქციონირებს.

«სირთულე მხოლოდ რელიგიური თემატიკის ლიტერატურის თარგმნისა და გამოცემის საკითხებში სახელმწიფო მხარდაჭერის არქონა არაა პრობლემა. სერიოზულ დაბრკოლებას ქმნის ისიც, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები იეზიდები განსხვავებულ ენებზე ლაპარაკობენ და ერთმანეთისგან განსხვავებული კულტურების გავლენას განიცდიან.

ჩვენს რეგიონშიც კი განსხვავებული სურათი გვაქვს. მაგალითად, საქართველოში არსებობს იეზიდების სალოცავი, რომლის სულიერი ლიდერიც ძალიან კარგად ახორციელებს თავის მისიას და იქაური თემი საკმაოდ კარგად ერკვევა თავისი აღმსარებლობის საკითხებში. ასეთი ტაძარი სომხეთშიც არსებობს – სოფელ ანკალიჩში, მაგრამ, სულიერი და კულტურული თვალსაზრისით, ეს სალოცავი მაინც ვერ იქცა იეზიდების რელიგიურ ცენტრად», – ამბობს ჰამლეტი.

ეთნიკური იდენტობისა და სარწმუნოების შენარჩუნების საკითხებთან დაკავშირებით იეზიდურ თემის წევრებს ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიციები აქვთ. უფროსი თაობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ყველაფერი რიგზეა. ისინი დუმილს ამჯობინებენ და ცდილობენ, პრობლემებს ყურადღება არ მიაქციონ, მაგრამ ჰამლეტი დარწმუნებულია რომ ის და მისი თანამოაზრეები სიტუაციის შეცვლას შეძლებენ. მას სჯერა, რომ პროგრესული და განათლებული ახალგაზრდობა სომხურ საზოგადოებასთან ინტეგრაციასაც შეძლებს და, ამავდროულად, არც ეთნიკურ და რელიგიურ იდენტობას დაკარგავს.

«ამჟამად ჩემი ძმა ჯარშია და სამხედრო ნაწილში მსახურობს, სადაც, ჭამის წინ ლოცულობენ ხოლმე. ლოცვის დროს ჩემი ძმა, ისევე, როგორც იქ მყოფი ყველა სხვა სამხედრო პირი, ფეხზე დგება – მიუხედავად იმისა, რომ არც ლოცულობს, და არც პირჯვარს იწერს. თავაზიანმა, კარგად აღზრდილმა ადამიანმა არამხოლოდ საკუთარ რწმენა-წარმოდგენებს, არამედ სხვის რელიგიურ გრძნობებსაც უნდა სცეს პატივი», – ამბობს ჰამლეტი.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ