სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები
“ა, ბ, გ, დ, ე, ვ, ზ, თ, ი, კ, ლ” – ეს ქართული ანბანის ის ნაწილია, რომელიც 6 წლის ანანოს დედამ სახლში ასწავლა. ის სექტემბერში პირველ კლასში უნდა წასულიყო, თუმცა დედა ამბობს, რომ უსახსრობის გამო ეს ვერ შეძლო.
სკოლა დაახლოებით ერთი წლის წინ მიატოვა 13 წლის აჩიმაც. ჰყვება, რომ სწავლა და ბავშვებთან ერთად თამაში ძალიან მოსწონდა. სურს ისევ დაბრუნდეს იქ, სადაც მათემატიკას, ბუნებას და სხვა საგნებს სწავლობდა, თამაშობდა ფეხბურთს და ჰყავდა მეგობრები. ახლა ძირითადად სახლშია და დედას ეხმარება, რადგან ოჯახში ყველაზე უფროსი შვილია. მეზობლად მცხოვრებ ბავშვებთან არ ურთიერთობს.
ბავშვები დედასთან და კიდევ სამ და-ძმასთან ერთად თემქაზე, გორაკის პირას, მიტოვებულ შენობაში ცხოვრობენ. არც გაზი აქვთ და არც ელექტროენერგია. რამდენიმე თვის წინ სახლში წყალიც შედიოდა, თუმცა ერთ-ერთი ფონდის დახმარებით ორი ოთახი გადახურეს და შეშის შეგროვებაც შეძლეს. გათბობის ერთადერთი საშუალება სწორედ შეშის ღუმელია, რომლის გამო ისედაც მცირე სახლში ხანდახან კვამლის გამო სუნთქვა ჭირს.
• 6 რამ, რაც საქართველოში ბავშვების მიმართ გულგრილობაზე მეტყველებს
• მშობლების ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვები აზერბაიჯანში
• “მხოლოდ შემთხვევითობაა, უფრო მეტი ბავშვი რომ არ იღუპება”
“რომელ დედას არ უნდა თავისმა შვილმა ისწავლოს?”, – გვეუბნება 41 წლის ნინო კაპანაძე, რომელიც შვილებთან ერთად სახანძროს ყოფილ შენობაში დაახლოებით ერთი წელია ცხოვრობს.
ის ბავშვებს მარტო უვლის. ჰყვება, რომ წლების განმავლობაში ნაქირავებ ბინებში ცხოვრობდა, თუმცა, იმის გამო, რომ არ მუშაობს და სახელმწიფოსგან მხოლოდ მრავალშვილიანობის 250-ლარიან დახმარებას იღებს, იჯარის გადახდა ვერ შეძლო, რის გამოც ბინის პატრონმა გამოაგდო.
“ქირა რომ ვერ გადავუხადე, ყველაფერი გადაგვიყარა – ავეჯიც, ტანსაცმელიც, ბავშვების საბუთებიც… სოციალურად დაუცველობაზე რომ შევიტანო განცხადება, ამ საბუთების აღდგენა მჭირდება, ამის არც სახსრები მაქვს, არც დრო”, – ჰყვება ნინო.
მისი თქმით, დახმარებისთვის ისნის გამგეობას მიმართა, რომელმაც ერთი თვის ქირა გადაუხადა, შემდეგ კი თემქაზე, მიტოვებულ შენობაში შვილებთან ერთად შესახლდა.
გამგეობაში დახმარებისთვის მისულს, არც ის დაუმალავს, რომ ბავშვები სკოლაში ვერ დადიოდნენ. ინფორმაცია ჰქონდა სკოლასაც, რომელიც ვალდებულია გაარკვიოს მასთან ჩარიცხული მოსწავლის არგამოცხადების მიზეზი და სოციალურ სამსახურს აცნობოს. აჩის მასწავლებელმა ნინოს რამდენჯერმე დაურეკა – დედამ მას პირდაპირ უთხრა, რომ ბავშვს სკოლაში ტანსაცმლის უქონლობის გამო ვერ გაუშვებს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით საბაზისო განათლება ბავშვის უფლებაა და მისი შეზღუდვა არ შეიძლება, სახელმწიფო მხოლოდ სოციალური მუშაკის გაგზავნით შემოიფარგლა, რომელმაც, როგორც ნინო ამბობს, ვერაფერი ნახა და თავი დაანება.
სურს, რომ მისი შვილები სკოლაში დაბრუნდნენ და განათლების მიღება გააგრძელონ. მისი თქმით, ბავშვებიც განიცდიან იმას, რომ სწავლის შესაძლებლობა არ აქვთ.
“კვირაობით ცარიელ ჩაიზე და მშივრებს დაგვიძინია, მაგრამ სამათხოვროდ არასდროს გამიმეტებია ჩემი შვილები, თითით საჩვენებლები არიან. თვითონაც ძალიან განიცდიან, რომ სკოლაში ვერ დადიან. რომ მქონდეს საშუალება, ერთი წყვილი ფეხსაცმელი რომ ჰქონდეთ და დაბადების მოწმობა აღდგენილი მქონდეს, დიდი სიამოვნებით დავაბრუნებდი”, – ამბობს ის.
რას აკეთებს სახელმწიფო
საქართველოში განათლების უფლება დაცულია კონსტიტუციით. ქვეყანაში დაწყებითი და საბაზისო განათლება სავალდებულოა.
ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, სახელმწიფომ თითოეული მოსწავლისთვის უნდა უზრუნველყოს საცხოვრებელ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს ზოგადი განათლების მიღების უფლება. კანონში ასევე წერია, რომ თუ ეს სტანდარტული დაფინანსებით შეუძლებელია, ქვეყანამ ასეთი მოსწავლე გაზრდილი ვაუჩერით ან დამატებითი დაფინანსებით უნდა უზრუნველყოს.
განათლების სამინისტრომ არ იცის, საქართველოში მცხოვრები რამდენი ბავშვი ვერ იღებს სავალდებულო განათლებას – სხვადასხვა მონაცემზე დაყრდნობით, ვარაუდობს, რომ ასეთი დაახლოებით 30 ათასი ბავშვია. საქსტატის მონაცემებით, 2018-2019 სასწავლო წელს ყველა სკოლის (საჯარო და კერძო) მოსწავლეთა რაოდენობამ 584 ათასი შეადგინა. შესაბამისად, სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვების რაოდენობა მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 5 პროცენტზე მეტია.
სახელმწიფოს არც იმაზე აქვს უტყუარი პასუხი, რატომ ამბობენ უარს განათლებაზე – ამის გასარკვევად ჯერ ასეთი ბავშვების იდენტიფიცირება უნდა შეძლონ.
თუმცა, სფეროს სპეციალისტების გამოცდილებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში განათლების მიღმა ძირითადად რჩებიან ბავშვები ღარიბი ოჯახებიდან, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, მიუსაფარი, შშმ ბავშვები, ასევე, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები.
რატომ არ დადიან ბავშვები სკოლაში – განათლების სამინისტრო ამის გარკვევასაც მას შემდეგ გეგმავს, რაც ზუსტი სტატისტიკა ექნება. უწყებაში განმარტავენ, რომ წლების განმავლობაში მონაცემების შეგროვებაში ერთ-ერთი ხელისშემშლელი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონიც იყო, თუმცა სხვადასხვა სამინისტროს კოორდინაციის შედეგად პრობლემა მოგვარდა – შეიქმნა პროგრამა, რომელიც სხვადასხვა უწყების ჩართულობით შეძლებს მოიძიოს ბავშვები, რომლებიც არიან განათლების მიღმა.
“ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ზუსტად დავინახოთ სად არის ეს ბავშვი, მშობელს მივუკაკუნოთ კარზე და ვკითხოთ, რატომ არ დადის მისი შვილი სკოლაში. ამან შეიძლება ასევე გამოიწვიოს დამატებითი სერვისების შექმნა, თუ გამოჩნდება, რომ არის რაღაც ბარიერი, რის გამოც ბავშვი ვერ მიდის სკოლაში. ესეც არის იმის წინაპირობა, რომ სისტემა დაფიქრდეს, კიდევ შეიმუშავოს მნიშვნელოვანი სერვისი, ცვლილება, პროგრამა, პროექტი…”, – ამბობს ეკატერინე დგებუაძე, განათლების სამინისტროს ინკლუზიური განვითარების სამმართველოს უფროსი.
ამ ეტაპზე სამინისტროს მხოლოდ იმ ბავშვების მონაცემებთან აქვს წვდომა, ვინც განათლების სისტემაში ოდესმე დაფიქსირებულა – ანუ სკოლაში თუნდაც ერთი დღე უვლია. თუ ასეთი ბავშვი გაკვეთილებზე აღარ დადის, სკოლა ვალდებულია მიზეზი გასარკვევად მშობელს მიმართოს, საჭიროების შემთხვევაში, კი სოციალურ სამსახურს.
მოქმედი კანონმდებლობით, ბავშვის უფლების დარღვევის შემთხვევაში მშობელს ან მეურვეს შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს. თუმცა, ეს დამოკიდებულია კონკრეტულ საქმეზე და სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებაზე.
ეკატერინე დგებუაძე ამბობს, რომ უკვე კარგი მაგალითია, როცა დარღვევების იდენტიფიცირება მოხდა, შეატყობინეს შესაბამის უწყებას და მშობელი, რომელიც განათლების უფლებას არღვევს, პასუხისგებაში მიეცა.
“განათლების მეორე შესაძლებლობა”
ასე ჰქვია სახელმწიფო პროგრამას, რომელიც 2013 წლიდან არსებობს და 2015 წლიდან განათლების მიღმა დარჩენილ ბავშვებს შესაძლებლობას აძლევს სკოლაში დაბრუნდნენ. თავდაპირველად ისინი სწავლობენ აუცილებელ, სასიცოცხლო უნარ-ჩვევებს, იღებენ იმ მინიმალურ ცოდნას, რომელიც აუცილებელია, რათა თანატოლებთან კომუნიკაცია შეძლონ.
პროგრამა ქვეყნაში არსებულ ექვს დღის ცენტრში ხორციელდება და მოიცავს კულტურულ და სპორტულ აქტივობებს. ამავე პროგრამის ფარგლებში იმართება შეხვედრები მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან, ტრენინგებს გადიან მასწავლებლები და დირექტორები.
პროგრამის კოორდინატორი ლელა გაფრინდაშვილი გვიყვება, რომ ყველაზე რთულია ისეთი ბავშვების რეაბილიტაცია და სოციალიზაცია, რომლებსაც აქვთ ფსიქიკური პრობლემები, ასოციალური ქცევა ან არიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლები.
გაფრინდაშვილი საუბრობს მშობლების დამოკიდებულებაზეც:
“ხშირად მათ არ აქვთ გაცნობიერებული პასუხისმგებლობა შვილების მიმართ… მშობლებთან და მეურვეებთან მუშაობის გარეშე ამ ბავშვების მხარდაჭერა იქნება მხოლოდ დროებითი და ეპიზოდური, რეალური ცვლილებები გაგვიჭირდება”.
მისი ინფორმაციით, პროგრამის არსებობის პერიოდში სერვისით დაახლოებით 350-მა ბავშვმა ისარგებლა, თუმცა რთულია იმის თქმა, რომ ყველა მათგანი დაბრუნდა სკოლაში.
პრობლემა – სკოლა და მშობლები
12 წლის გიორგის (სახელი შეცვლილია) სწავლა ძალიან უნდოდა, განათლების სამინისტროს პროგრამაშიც ჩაერთო და დღის ცენტრის დახმარებით სკოლაში დაბრუნება შეძლო, თუმცა რამდენიმე დღეში გაკვეთილების გაცდენა დაიწყო. სოციალურ მუშაკს გიორგი მოუყვა, რომ როცა თანაკლასელები შესვენებაზე რაღაცებს ჭამენ, ნაგავს მის მერხზე ყრიან და დასცინიან. გიორგის სკოლაში სიარული აღარ სურს.
სკოლაში დაბრუნდა კიდევ ერთი 12 წლის ბიჭი, რომელიც ეთნიკურ უმცირესობას განეკუთვნება. რეაბილიტაციის შემდეგ კი ის გაკვეთილზე პირველად მივიდა. კლასელები თბილად შეხვდნენ, სანდროს იქ ყოფნა მოეწონა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მასწავლებელმა წერა-კითხვის არცოდნის გამო უსაყვედურა და მიანიშნა, რომ მისი წარმომავლობაც არ მოეწონა, ბავშვი ჩაიკეტა, დაკომპლექსდა, გახდა აგრესიული და კლასელზე ფიზიკურად იძალადა.
მშობლები სანდროს კლასიდან გარიცხვას ითხოვდნენ. სოციალურმა მუშაკმა მათ დღის ცენტრში მისვლა თხოვა, სადაც მშობლებს და ბავშვებს წვეულება მოუწყვეს – ტორტით, ბუშტებით, მუსიკით… სკოლიდან მართლაც მოვიდნენ და ნელ-ნელა სიტუაცია განიმუხტა. ცოტა ხანში სოციალურმა მუშაკმა დაინახა, რომ სანდრო ცეკვავდა, შეკრებილები კი ტაშს უკრავდნენ. ბავშვთან ერთად ყველაზე მეტად ის ქალი ერთობოდა, ვინც მის მიმართ ყველაზე აგრესიული იყო. ბიჭს სკოლაში დაბრუნება სურს.
ამ ისტორიებს სოციალური მუშაკი, ირინა წერეთელი გვიყვება. ამბობს, რომ სანდროს ამბავი არასდროს დაავიწყდება და ის ცეკვა მთელი ცხოვრების განმავლობაში კადრებად ემახსოვრება.
ირინა ხშირად თვითონ დადის მშობლების ნაცვლად დოკუმენტების მოსაწესრიგებლად, განცხადების დასაწერად. დღის ცენტრში მონაწილეობს ბავშვებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებისთვის ჩამოყალიბებაში, ასწავლის მერხთან ჯდომას, გაკვეთილზე მიყვანამდე ათვალიერებინებს სკოლას, უხსნის როდის და როგორ დაირეკება ზარი… უნახავს როგორი სიხარულით მიდიან ისინი სკოლაში და როგორ განწყობაზე ბრუნდებიან უკან. იმის გამო, რომ ქუჩაში მცხოვრებ ან მომუშავე ბავშვებს ხშირად აქვთ ჰიგიენის, სოციალიზაციის პრობლემა, არ აცვიათ სეზონის შესაბამისად და ა.შ., სკოლაში ბულინგის მსხვერპლნი ხშირად ხდებიან.
“ხშირად კლასელი არ ჯდება მათ გვერდით, მიდის მასწავლებელთან და ეუბნება, რომ სუნი აქვს. ისიც გრძნობს, რომ ეს პრობლემაა, მაგრამ ამის მოგვარების უნარი არ აქვს”, – ამბობს ირინა.
წლების განმავლობაში მან სკოლებთან ურთიერთობაც ისწავლა და იცის, უნდა ესაუბროს დირექტორს, რომელსაც ქუჩაში მცხოვრები ბავშვის მიღება არ სურს.
“ვეუბნები დირექტორს, რომ ბავშვი უნდა მოვიყვანო მე-9 კლასში და მომენტალურად მპასუხობს, რომ ადგილი არ აქვს. ან მერხი არ აქვს და ა.შ. ეძებენ მიზეზებს, მეკითხებიან – თუ ესეთი რთული ბავშვია, რატომ მოიყვანეთ ჩვენთან. არადა, არ მითქვამს, რომ რთული ბავშვია. რომც იყოს რთული ბავშვი, რა უფლება აქვს უარი მითხრას? ჭიდაობა გვიწევს სულ…”, – ამბობს ის.
სოციალური მუშაკი პრობლემას მხოლოდ სკოლაში არ ხედავს. ამბობს, რომ განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების შემთხვევაში ძალიან ხშირია მშობლების მხრიდან უგულებელყოფა. პრაქტიკაში ჰქონია გამოცდილება, როცა ბავშვი სკოლაში მხოლოდ იმიტომ არ მიდის, რომ მშობელი, “ვერ აღვიძებს”.
“ძალიან კარგად იციან, რომ ამით მათ უფლებებს არღვევენ, მაგრამ გეუბნებიან – “რა გავაკეთო, ძალით ხომ არ გავაგდებ? არ მიდის”. ან გეტყვის, რომ ფეხსაცმელი ან ტანსაცმელი არ აქვს ბავშვს. ამ მიზეზს ძალიან ხშირად ასახელებენ და ხანდახან ეს სიმართლეა. იმიტომ, რომ ბავშვებს სკოლაში დასცინიან, როცა არ აქვთ შესაბამისი სეზონის ტანსაცმელი, ქურთუკი, ფეხსაცმელი და ა.შ. არიან მშობლები, რომლებსაც უნდათ, რომ ბავშვებმა სკოლაში იარონ. უკვე დადგა მათ ცხოვრებაში ისეთი ეტაპი, რომ აღარც მუშაობას და მოწყალების მიღებას აიძულებენ, მაგრამ მერე ბავშვისთვის არის ძალიან რთული, ის უკვე მიჩვეულია ამ „თავისუფლებას“, არ უნდა ჩარჩოებში მოქცევა, წესრიგი და გაკვეთილზე ჯდომა”, – ამბობს ირინა.
რა არის გამოსავალი?
კონკრეტულ გამოსავალზე საუბარი სპეციალისტებს უჭირთ. თუმცა თანხმდებიან იმაზე, რომ სკოლაში დასაბრუნებლად აუცილებელია ბავშვის წინასწარი მომზადება. გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, მაია ყუფარაძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია დღის ცენტრების გაძლიერება და კარგად დაგეგმილი პროგრამები. ის საუბრობს სკოლის მზაობასა და მასწავლებლების კომპეტენციაზეც.
“უნდა შეიქმნას კეთილგანწყობილი გარემო ბავშვისთვის, რომელიც ზრუნავს მის განათლებაზე და განვითარებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ ექნება ცოდნა, სოციალური უნარები და ის მოხვდება მავნე ზეგავლენების ძალიან დიდი რისკის ქვეშ. ბავშვი გარკვეულ ასაკში უნდა იმყოფებოდეს როგორც მშობლის ზრუნვის ქვეშ, ასევე განათლების სივრცეში, რომელსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს. ეს არის სკოლა, რომლითაც სახელმწიფო უნდა ასრულებდეს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების ვალდებულებას, რაც ბავშვს აუცილებლად სჭირდება განვითარებისათვის, ფორმირებისათვის და მზაობისთვის ცხოვრებაში”, – ამბობს UNICEF-ის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი.
განათლების ექსპერტ, შალვა ტაბატაძის აზრით, საჭიროა პროაქტიური მუშაობა, რათა განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების სკოლაში დასაბრუნებლად გარკვეული მექანიზმები შეიქმნას.
“იდენტიფიცირებული უნდა იყოს ყველა ბავშვი და ყველა პრობლემა, რაც განაპირობებს მათ საგანმანათლებლო ისტორიის არქონას. რეაგირება უნდა მოხდეს პროაქტიურად და არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ მშობლის ან თვითონ ბავშვის კეთილ ნებაზე. საჭიროა მშობლის დარწმუნება, მასთან მუშაობა, რათა ბავშვი დაბრუნდეს სკოლაში”, – დასძენს ის.
რას გააკეთებს განათლების სამინისტრო, ჯერ უცნობია. უკეთეს შემთხვევაში, მიმდინარე წლის სექტემბერში უკვე მზად იქნება პროგრამა, რომლის საშუალებით სახელმწიფო აპირებს განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების მონაცემები შეაგროვოს და ამის მიხედვით დაიწყოს მუშაობა პრობლემის აღმოსაფხვრელად.