«ალბათ, სწორედ ასეთ შემთხვევაში იკლავს თავს ადამიანი»" />

სექსუალური სკანდალები აზერბაიჯანულ სკოლებში

«ალბათ, სწორედ ასეთ შემთხვევაში იკლავს თავს ადამიანი»

იმ დღემ სენსაციური სიახლეების გარეშე ჩაიარა. როდესაც სიახლეები არ გვაქვს, სამუშაოც არ არის; ამიტომ უბრალოდ სამუშაო დღის დასრულებას ველოდებოდი. სახლში ვაპირებდი წასვლას. მაგრამ მოულოდნელად გაჩნდა სიახლე, რომელიც პუბლიკისათვის საყვარელ თემას, სექსუალურ სკანდალს შეეხება.

ჩემმა ნაცნობმა დამირეკა. ის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელია. მითხრა, რომ ერთ ქალს დახმარება სჭირდება.

ზიიაფეტ ნაბიევა 45-ე სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელია. მას საკუთარი სახელის გამჟღავნებაზე უარი არ უთქვამს, რაც უცნაურად მეჩვენა, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევებში სახელებს მალავენ ხოლმე. მაგრამ შეხვედრაზე უარი მითხრა – გამბედაობა არ ეყო. ტელეფონით ვილაპარაკეთ. თავიდან მოთქმით ტიროდა. ველოდებოდი, როდის დამშვიდდებოდა. დიდხანს მომიწია ლოდინი.

«50 წლის ვარ და უკვე დიდი ხანია, მასწავლებლად ვმუშაობ. მსგავსი სამარცხვინო შემთხვევა ცხოვრებაში არ მქონია. მეუბნებიან, რომ „ხელში უჭირავთ“ მაკომპრომეტირებელი ვიდეო, მაგრამ მე თვითონ ვნახე ეგ ვიდეორგოლი – სულ 50 წამს გრძელდება, მასზე განსაკუთრებული არაფერია აღბეჭდილი და, ამასთან, გადაღების მომენტში სხვა ბავშვებიც კლასში იმყოფებოდნენ».

ზიიაფეტ ნაბიევას თქმით, ვიდეოზე აღბეჭდილია მისი მოსწავლე ადილია [სახელი შეცვლილია – ავტ. შენ], რომელიც მას უახლოვდება და ლოყაზე კოცნის. ვიდეომასალა დირექტორს გოგონას მშობლებმა გადასცეს და განაცხადეს, რომ მასწავლებელსა და მათ ქალიშვილს შორის ინტიმური ურთიერთობები ჩამოყალიბდა. ნაბიევამ დახმარება არასამთავრობო ორგანიზაციებს სთხოვა, იმიტომ რომ სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა.

«ადილია ჩვენს სკოლაში სწავლობდა. ვუყვარდი, როგორც მასწავლებელი და მეც მიყვარს – ისევე, როგორც ჩემი სხვა მოსწავლეები. ახლა კი ისეთი ურთიერთობების დამყარებას გვდებენ ბრალად, რომელიც აზრადაც კი არავის მოსვლია. დირექტორი სხვა სკოლაში გადასვლას მთავაზობს. მაგრამ რატომ უნდა წავიდე სკოლიდან მხოლოდ იმის გამო, რომ ცილი დამწამეს?»

ზიიაფეტ ნაბიევა არ გამორიცხავს, რომ გადაწყვეტილი აქვთ, მის ადგილზე ახალი პედაგოგი დანიშნონ.

სკოლის დირექტორთან ვრეკავ და ვთხოვ, ის ვიდეორგოლი მაჩვენოს, მაგრამ პასუხად კატეგორიულ უარს ვიღებ. სკოლის დირექტორმა, ნაზილია მამედოვამ მითხრა, რომ ვიდეომასალა განათლების სამინისტროსა და ქალაქ ბაქოს განათლების სამმართველოს გადასცა. შევეცადე, გამერკვია, არის თუ არა რაიმე სიახლე ამ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ ორივე ზემოაღნიშნული სტრუქტურის წარმომადგენლებმა განმიცხადეს, რომ „მიმდინარეობს მოკვლევა“.

რამდენიმე თვე გავიდა, მაგრამ მოკვლევის შედეგების შესახებ ოფიციალური სტრუქტურების რაიმე კონკრეტული პასუხი მაინც ვერ მივიღეთ. სიტუაციის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ნაბიევა სხვა სკოლაში გადასვლის წინადადებას დასთანხმდა და აღარ შემაწუხოთო, გვთხოვა.

პირველი სკანდალი

ბოლო დროს აზერბაიჯანულ სკოლებში სექსუალური სკანდალების შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა. ან, შესაძლოა, უბრალოდ პრესა უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ამ საკითხს. როგორც წესი, სკოლებს პრობლემების გასაჯაროება არ სურთ და არც დაზარალებულები მიმართავენ პოლიციას. აქედან გამომდინარე, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ გაუპატიურებებისა და სექსუალური შევიწროების ყველა შემთხვევა სკანდალად არ იქცევა.

პირველი ხმაურიანი სკანდალი შვიდი წლის წინ მოხდა. 2010 წელს № 294-ე საშუალო სკოლის მასწავლებელს ცამეტწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მასწავლებელმა თავისი მოსწავლე მისი ძმის თანდასწრებით გააუპატიურა სახლში და ეს პროცესი ტელეფონით გადაიღო.

15 წლის მოსწავლის შვილის მამა მასწავლებელი აღმოჩნდა

მსგავსი ტიპის სენსაციების მხრივ ბოლო წელი განსაკუთრებული „მოსავლიანობით“ გამოირჩევა.

შემახის რაიონის სოფელ პირბეხლიში მცხოვრებ ელნურ იბრაჰიმოვს ინტიმური კავშირი ჰქონდა თავის 15 წლის მოსწავლესთან. შედეგად გოგონამ ბავშვი გააჩინა და მაშინვე უარი თქვა მასზე. ახალშობილი ბავშვთა სახლს გადასცეს. ელნურ იბრაჰიმოვი და მისი ოჯახი ირწმუნებიან, რომ მათ ცილი დასწამეს.

შემახის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ელნურ იბრაჰიმოვს ორ-ნახევარი წლით აეკრძალა პედაგოგიური საქმიანობა. მას 5,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

სასჯელი

იურისტ მალახატ ნაბიევის თქმით, თექვსმეტი წლამდე ასაკის პირთან სქესობრივი აქტის დამყარება, ან სექსუალური ხასიათის სხვა ქმედების ჩადენა სამ წლამდე პატიმრობით ისჯება. თუკი დაზარალებულის ასაკი 14 წელს არ აღემატება, პატიმრობის ვადა 3-დან 6 წლამდე განისაზღვრება. აღმზრდელების, მასწავლებლებისა და ექიმებისთვის უფრო დიდი ვადებია დაწესებული – 4-დან 7 წლამდე.

ნაბიევა ამბობს, რომ დაზარალებულები იშვიათად მიმართავენ პოლიციას: «ძალადობის მსხვერპლს, პირველ რიგში, საზოგადოებრივი გაკიცხვის ეშინია. ის არ საუბრობს პრობლემაზე, იმიტომ რომ გარშემომყოფების, ნათესავებისა და თანამშრომლების რეაქცია აშინებს. პოლიციას მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როდესაც გამჟღავნება გარდაუვალია და პრობლემის იგნორირება შეუძლებელია. მაგალითად, შემახაში ყველაფერი მას შემდეგ გამჟღავნდა, რაც ცნობილი გახდა, რომ მოსწავლე ორსულად იყო. ამას გარდა, პასიურობა პოლიციის დამოკიდებულებითაა განპირობებული. ანუ დაზარალებულს არ აქვს იმის მოლოდინი, რომ პოლიციის თანამშრომლები მის პრობლემას გაითვალისწინებენ».

მასწავლებლებისთვის განკუთვნილი ფსიქოლოგიური ტესტი „გაიჭედა“

სკოლებში მომხდარი ძალადობისა და სექსუალური სკანდალების პასუხად განათლების სამინისტრო დამნაშავეს ან სამსახურიდან ათავისუფლებს, ან სხვა სკოლაში ამწესებს. ჩვენი შეკითხვის პასუხად უწყებამ განაცხადა, რომ თითოეულ შემთხვევას შესაბამისი უწყებები იკვლევენ და სათანადო ზომებს იღებენ.

განათლების სფეროს ექსპერტი, ქიამრან ასადოვი მიიჩნევს, რომ გამოსავალი არსებობს. მისი აზრით, პედაგოგებმა და დირექტორებმა ფსიქოლოგიური ტესტები უნდა გაიარონ. ეს პროექტი, რომელიც ქალაქ ბაქოს განათლების სამმართველომ მოამზადა, 2006 წლიდან არსებობს. კანონპროექტი მინისტრთა კაბინეტს გადაეცა და დღემდე მთავრობის „კულუარებში“ რჩება.

ოჯახის, ქალებისა და ბავშვების საკითხების სახელმწიფო კომიტეტიც სტანდარტული ფორმულირებით პასუხობს: ამ საკითხებს შესაბამისი სტრუქტურები (განათლების სამინისტრო, პროკურატურა) იკვლევენ.

«გოგონებს სკოლაში აღარ გაუშვებენ»

ორგანიზაცია «Təmiz dünya»-ს («სუფთა სამყარო») ხელმძღვანელი მეჰრიბან ზეინალოვი:

«ასეთი „სიახლეები“ იქამდე მიგვიყვანს, რომ მშობლებს გოგონების სკოლაში გაშვების შეეშინდებათ. და ეს ადრეული ქორწინებების ფონზე მოხდება».

მთლიანობაში საზოგადოება შეშფოთებულია:. «რა გამოდის, რომ ბავშვების სკოლაშიც გაშვებაც კი სახიფათოა. რა უმსგავსობაა!» – ამბობს ორი გოგონას დედა, სევდა ჯუმაევა.

მიუხედავად ამისა, იგივე საზოგადოება, როგორც წესი, დაზარალებულ მხარეს კიცხავს ხოლმე. მაგალითად, უკანასკნელი გახმაურებული შემთხვევა ბეილაგანში მოხდა, სადაც 17 წლის გოგონას მისმა მეგობარმა შანტაჟის გამოყენებით აიძულა, ინტიმური კავშირი დაემყარებინა ჯერ მასთან, შემდეგ კი კიდევ სამ ადამიანთან. დამნაშავემ ეს ყველაფერი ტელეფონით გადაიღო. ვიდეომასალა ინტერნეტში მოხვდა და სკანდალი გამოიწვია. ამ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში დებატები გაიმართა. ამასთან, კამათის დროს აქტიურობდნენ სკეპტიკოსები, რომლებიც ამტკიცებდნენ რომ ეს გოგონა და მისი ოჯახის წევრები მოძალადეებს აშანტაჟებდნენ, ვიდეომ კი მხოლოდ იმიტომ „გაჟონა“, რომ „მათ საკმარისი თანხა არ გადაუხადეს“.

ასეა თუ ისე, ინციდენტის გამჟღავნების შემდეგ სახელისუფლებო სტრუქტურებმა ამ საკითხის შესწავლა დაიწყეს. ამჟამად ორი ეჭვმიტანილი დააკავეს, კიდევ ორი პირი კი პოლიციის ზედამხედველობის ქვეშაა. ამის შესახებ მილი მეჯლისის დეპუტატმა, ბეილაგანის წარმომადგენელმა, შაჰინ ისმაილოვმა განაცხადა.

ადილიამ – გოგონამ, რომელიც თითქოსდა ინტიმურ კავშირი ჰქონდა მასწავლებელთან – უკვე დაამთავრა სკოლა და მიუხედავად იმისა, რომ ძალადობას არ ჰქონია ადგილი და მას და მის მასწავლებელს ცილისწამებისა და ეჭვის გარდა არაფერი დაუპირისპირეს, ამ ინციდენტის შედეგები მისთვის მაინც მძიმე აღმოჩნდა: «ალბათ, ყველას შევიძულებდი. კიდევ კარგი, დამიჯერეს. ასე რომ არ მომხდარიყო, გაფიქრებისაც კი მეშინია, რა შეიძლებოდა, დამმართნოდა. ალბათ, ადამიანი სწორედ ასეთ შემთხვევაში იკლავს თავს».

«წავალ», – ამბობს ის, არ ელოდება შეკვეთილ ჩაის და მიდის. როგორც ჩანს, კიდევ დიდი დრო დასჭირდება ამ ყველაფრის დასავიწყებლად.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ