როდის და რატომ დაიკარგა ბოთლის ღვინის კულტურა საქართველოში
ქართველები საკუთარ ქვეყანას სიამაყით “ღვინის სამშობლოს” უწოდებენ. თუმცა, ბევრი წესი, რომელიც დღეს ღვინოს უკავშირდება, ამ მოსაზრებას ეჭვქვეშ აყენებს.
JAMnews-ის ავტორი ლევან სებისკვერაძე ჰყვება რა გზა გაიარა ქართულმა ღვინომ საბჭოთა პერიოდიდან დღემდე და სად გაქრა ქართული ღვინის სმის კულტურა.
______________
საბჭოთა ქართული ღვინო
ახალგაზრდებს, რომლებსაც საბჭოთა საქართველოში არასოდეს უცხოვრიათ, ალბათ ძველ ქართულ ფილმებში მაინც უნახავთ, რომ სუფრის სცენებში ღვინო ძირითადად სხვადახვა ზომისა და სტილის ბოთლებში ასხია.
მიუხედავად იმისა, რომ სუფრაზე ღვინის გასატანად თიხის დოქსა და მინის “გრაფინსაც” იყენებდნენ, მთავარი ჭურჭელი, ტრადიციულად, მაინც შუშის ბოთლი იყო.
თუმცა, ეს ქართული ღვინის ძალიან შორეული წარსულია.
საბჭოთა ეპოქაში საქართველოში ღვინის სმის კულტურამ დიდი ტრანსფორმაცია განიცადა. გაჩნდა ახალი, საბჭოთა ეპოქაზე და მასობრივ, სწრაფ და უხარისხო წარმოებაზე მორგებული წესები.
• საქართველოში ყველაზე ძველი ღვინო აღმოაჩინეს
• 9 რამ, რაც უცხოელს საქართველოში აკვირვებს
• თქვენც გინახავთ ჟირაფი თბილისის ზოოპარკში? ანუ როგორ მუშაობს ჩვენი მეხსიერება
ხალხმა მალე დაივიწყა ძველი ღვინის გემოც, მისი ჩამოსხმის ტექნოლოგიაც და სმის კულტურაც.
კომუნისტურ ეპოქაში გაჩენილი წესები ისე დამკვიდრდა, რომ ხალხმა ამ წესებს უწოდა “ძველი ქართული ტრადიცია”. სამწუხაროდ, ბევრს დღესაც ასე სჯერა.
განსაკუთრებით თვალშისაცემი ცვლილება, რაც საბჭოთა პერიოდის ქართულმა ღვინომ განიცადა, ეს ბოთლზე უარის თქმა იყო, რადგან შუშის ბოთლი აძვირებდა წარმოებას.
ბოთლის ღვინის მოხმარების კულტურა თანდათან დავიწყებას მიეცა. ღვინის ხარისხის დაცემამ და მასობრივად ე.წ. გაკეთებულ ღვინოზე გადასვლამ ღვინის დიდი რაოდენობით მოხმარება განაპირობა.
ამ პერიოდშივე გაჩნდა წესი, როდესაც ღვინის სმა სრულიად დაუჯერებელი საგნებიდან დაიწყეს, რაც არასოდეს ყოფილა ქართული ტრადიცია.
სიდედრის ფეხსაცმელი, როგორც სასმისი
რა სასმისით აღარ სვამდნენ გასული საუკუნის საქართველოში?!
განსაკუთრებით კრეატიული ამ მხრივ უშუქო, უფულო და ცივი პოსტსაბჭოთა პერიოდი – 90-იანი წლები იყო.
ღვინო ისმებოდა ყველაფრიდან – დაწყებული ბავშვის ღამის ქოთნით (ბავშვების და მომავლის სადღეგრძელო), დამთავრებული სიდედრის ფეხსაცმლით (დედების სადღეგრძელო).
ფეხსაცმელი ძალიან პოპულარული სასმისი იყო (ზოგ წრეებში ახლაც რჩება):
იყო კიდევ უფრო წარმოუდგენელი შემთხვევებიც.
მაგალითად, ვანში დამკვიდრდა წესი, როდესაც მასპინძელი ღვინის დოქით ხელში სახლის სახურავზე ადიოდა, დადგებოდა წვიმის სადინარი ღარის (ე.წ. ჟოლობის) თავზე, შიგნით ასხამდა ღვინოს და ქვევით ჩამომდინარე სასმელს დაბლა მდგომი ადამიანი უშვერდა პირს.
ისტორიას ახსოვს შემთხვევები, როდესაც ღვინოს სვამდნენ სამედიცინო გადასხმის აპარატით (ჯანმთელობის სადღეგრძელო), მსხვილფეხა საქონლის ასაცრელი დიდი შპრიცით (ბარაქის სადღეგრძელო);
ასევე დატენილი თოფის ლულით (წინაპრების სადღეგრძელო),
თავმოკრული შარვლის ტოტით (კაცობის სადღეგრძელო); საზამთროს, ნესვის ან გოგრის ქერქით:
და ჩართული ბლენდერითაც კი (მეგობრების სადღეგრძელო).
ქართველ პოეტსა და მწერალს გოგლა ლეონიძეს ერთ-ერთ მოთხრობაში აღწერილი აქვს ამბავი, როდესაც ახალმოყვანილი პატარძლის ნაწნავებს ღვინის ფიალაში ჩაყოფენ და მერე ამ ფიალით სვამენ ღვინოს. ეს სცენა ეპატაჟურად ღვინის სმის ტრადიციის ერთ-ერთ საწყისად უნდა მივიჩნიოთ.
ეს “ტრადიცია” არსად წასულა. მას ზოგიერთები დღესაც მიმართავენ.
90-იანი წლები და “გარაჟში” ჩამოსხმული ღვინო
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა.
90-იანი წლებში პრაქტიკულად სრულად გაქრა ბოთლირებული სახის ღვინის მოხმარების კულტურა და მთელი ქვეყანა ე.წ. “გარაჟის მეღვინეობაზე” გადავიდა. ასეთ ღვინოებს პლასტმასის ჭურჭელში ასხამდნენ.
უშუქო და უფულო ქვეყანაში სვამდნენ ბევრს, უხარისხოს და თვრებოდნენ უგონოდ. ესეც ქართულ ტრადიციად იქცა.
90-იანი წლების შუა ხანებში რამდენიმე ღვინის საწარმო გაჩნდა, რომლებმაც გარეგნულად მაინც მოინდომეს ქართული ღვინისთვის ძველი ფორმის დაბრუნება და ღვინოს ბოთლში ჩამოსხმა დაიწყეს.
თუმცა, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, საქართველოში სხვა მრავალ ქარხანასთან ერთად, ღვინის ბოთლის მწარმოებელი ქარხნებიც გაჩერდა, ამიტომ ისინი იძულებულნი იყვნენ ბოთლები ევროპიდან, რუსეთიდან ან მეზობელი სომხეთიდან შემოეტანათ.
ბოთლი ბრუნდება
დღეს საბჭოთა ტრადიციები ნელა, მაგრამ თანმიმდევრულად იცვლება.
დღეს დიდი თუ პატარა, საოჯახო მარნები ძირითადად მხოლოდ ბოთლით აწარმოებენ სხვადასხვა ტიპის ღვინოს.
მეღვინეობა მნიშვნელოვნად წინ წავიდა, თუმცა ეკონომიკა უფრო განვითარების საშუალებას ჯერ არ იძლევა. მაგალითად, საკუთარი მოხმარებისთვის, მეღვინეებიც კი, თითქმის არასოდეს ხმარობენ ბოთლში ჩამოსხმულ ღვინოს და ამას იმით ხსნიან, რომ მინის ბოთლი წარმოებას აძვირებს. ეს იმ გლეხის საქციელს ჰგავს, რომელიც გემრიელ და ხარისხიან ხილს ბაზარში გასაყიდად ამზადებს, თავისთვის კი ენანება.
ბოთლის მნიშვნელობა რომ ბოლომდე გაცნობიერებული არ არის, ამას ისიც მოწმობს, რომ დღეს საქართველოში, ღვინის ბოთლის მწამროებელი ერთადერთი ქარხანა ფუნქციონირებს. ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანიების ნაწილი ბოთლის უცხოეთიდან შემოტანას დღესაც აგრძელებს.
ბოთლის ღვინის მოხმარების ტრადიცია, ცხადია, ქართული ფენომენი არაა და მას ევროპაშიც და აზიაშიც საუკუნეებია მიმართავენ.
მინის ბოთლი ღვინის შესანახად საუკეთესო საშუალება რომაა, ამას ასეული წლების წინ ჩაძირული გემებიდან ამოღებული, ბოთლებში ჩასხმული ღვინოც ადასტურებს. ასეთი ღვინოები ხშირად დღესაც კი დასალევად ვარგისია და მათი ფასი განუზომლად დიდია.
რესტორნების ღვინის ხარისხს არაფერი ეშველა
მეღვინეობა წინ მიდის, მაგრამ, აი, ქართულ რესტორნებს მაინც არაფერი ეშველა.
საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გახსნილი ღვინის ბარები თუ რესტორნები გვაჩვენებს, რომ უკანასკნელ პერიოდში ჩვენს ღვინოს დამფასებლები მოუმრავლდნენ.
ხშირად ნახავთ ჩვეულებრივ მოქალაქეს, რომელიც ღვინოს მრავალკაციანი ქეიფისათვის კი არა, საკუთარი სიამოვნებისათვის – საწრუპად ყიდულობს.
მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენი რესტორნების მიერ შემოთავაზებული ღვინის ხარისხზე ვერც ამ ნამდვილად კარგმა ტენდენციამ მოახდინა გავლენა.
გურიაში, იმერეთში, ქართლში, სამეგრელოში, აჭარაში და თქვენ წარმოიდგინეთ, ხშირად კახეთშიც კი, რესტორანში უხარისხო ღვინოს მოგიტანენ.
რესტორნის მფლობელები, როგორც წესი, მაინც ე.წ. გაკეთებულ, დაბალფასიან ღვინოზე აკეთებენ აქცენტს და ხშირ შემთხვევაში, (ხარჯების შემცირების მიზნით) თავადაც კი აყენებენ გაურკვეველი ხარისხის ღვინოს და კლიენტებს ამ ღვინოს სთავაზობენ.
ისევ და ისევ ეკონომიკურ პრობლემებამდე მივდივართ – ამ ღვინოს მუშთარი ჰყავს, იაფია და იმიტომ.
როდესაც სადმე მეგობრებთან ვახშამს ვაპირებთ, ხშირად ვცდილობთ, რაც შეიძლება იაფად ქეიფის ვარიანტი ვნახოთ.
თუმცა, მხოლოდ ეკონომიკურ პრობლემებსაც ვერ დავაბრალებთ იმას, რომ ბევრ რესტორანში (განსაკუთრებით რეგიონებში) ღვინო უბრალოდ არ დაილევა.
უკანასკნელი ბოლო რამდენიმე წელია, რაც დიდმა ღვინის კომპანიებმა სხვადასხვა რესტორნებთან ექსკლუზიური ხელშეკრულებები გააფორმეს.
ხელშეკრულების პირობების თანახმად, ამ რესტორნებს გაყიდვაში მხოლოდ კონტრაქტორი კომპანიის ღვინო უნდა ჰქონდეთ.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ხელშეკრულებები პირველ რიგში მომხმარებელს აზარალებს, რადგან თითქმის არ უტოვებს არჩევანს,
ბევრი რესტორნის მფლობელი მაინც თანხმდება ასეთი პირობებს, რადგან კონტრაქტორი კომპანიები ღვინოს საბაზრო ღირებულებაზე ბევრად დაბალ ფასად აწვდიან, რაც რესტორნებს დიდი მოგების უტოვებს.
ღვინის ექსპერტების ერთი ნაწილი ამბობს, რომ ღვინის ბიზნესის ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია, არც მეტი არც ნაკლები, საქართველოში გავრცელებული ჭამის წესი. ესაა სუფრის უამრავი კერძით გადატვირთვა.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველები საკუთარ ქვეყანას “ღვინის სამშობლოს” უწოდებენ, საჭმლისთვის ფული არავის ენანება, მაშინ როცა კარგი ღვინისთვის უმეტესობა თანხას ვერ იმეტებს.
ამ დროს საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, თუკი ადამიანი, მისი ჯიბის შესაბამისად, შეუკვეთდა, მაგალითად, ორი-სამ თავ კერძს და ამ სადილს მიაყოლებდა კარგ ქართულ ღვინოს.