ღვინის წარმოებამ საქართველოში ორი დიდი კრიზისი გადაიტანა: საბჭოთა კავშირის დაშალა და რუსული ემბარგო. რა მომავალი ელის მას?" />

როგორ გადარჩა ქართული ღვინო

ღვინის წარმოებამ საქართველოში ორი დიდი კრიზისი გადაიტანა: საბჭოთა კავშირის დაშალა და რუსული ემბარგო. რა მომავალი ელის მას?

პირველად გამოქვეყნდა 2016 წლის 18 ნოემბერს
10 w

ფოტო: სოფო აფციაური

გვიანი შემოდგომაა. ამ დროს კახეთში თბილი და ხავერდოვანი ამინდები იცის, თუმცა წელს ოქტომბერი უჩვეულოდ ცივი და წვიმიანი გამოდგა.სოფლის გზებზე წყლის გუბეები დგას. ხეებს გაყვითლებული ფოთლები ჯერ არ დასცვენიათ და შემოდგომის უმზეო პეიზაჟს ნარინჯისფრად ათბობენ.

ყურძნის მოსავალი უკვე დაბინავებულია. აივნებზე ჩურჩხელების და ჩირებს აცმები ფრიალებს, თუმცა სანამ დაზამთრდება, კიდევ ბევრი საქმეა მოსასწრები.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს  საქართველოში 114 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. აქედან 113 ,5 ათასი ტონა მხოლოდ კახეთში, 513 ტონა კი რაჭა-ლეჩხუმში.

ეს მაჩვენებელი, შარშანდელთან შედარებით, თითქმის 30 ათასი ტონით ნაკლებია.

კახეთში, აღმოსავლეთ საქართველოს ამ რეგიონში, სადაც მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყარო ყურძენი და ღვინოა, თითოუელ მტევანს დიდი მნიშვნელობა აქვს.

კახელი გლეხები ჩივიან, რომ წელს მოსავალის ნაწილი ყურძნის დაავადებამ – ჭრაქმა გაანადგურა. შეწამვლის მიუხედავად, დაავადების დამარცხება ვერ მოხერხდა, რადგან მედიკამენტები უხარისხო იყოო, – ამბობენ ისინი და უკვე მომავალ წელზე ფიქრობენ – მთავრობისგან ხარისხიანი მედიკამენტები შემოტანას ითხოვენ.

კახეთი საქართველოს ის კუთხეა, სადაც ქვეყნის ისტორიის არც ერთ ეტაპზე ღვინის წარმოება არ შეუწყვეტიათ, ამიტომ ჭრაქი აქაურებს ვერ შეაშინებსო, – ამბობენ გლეხები.

საქართველოში, რომელიც ვაზის  ერთ-ერთი უძველესი კერაა მსოფლიოში, მეღვინეობა მხოლოდ სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი დარგი არ არის.

კახეთში ხშირად გაიგონებთ, რომ საქართველო მსოფლიო ღვინის აკვანია, რომ მსოფლიოში ღვინის წარმოების მხოლოდ ორი ხერხი არსებობს – ევროპული და კახური, რომლის დროსაც ღვინოს მიწაში ჩაფლულ თიხის ჭურჭელში – ქვევრში ინახავენ.

6 w

მეღვინეობის განვითარება საქართველოში რამდენიმე ეტაპს ითვლის.

ქართული ღვინის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პერიოდად მე-19 საუკუნე მიიჩნევა. პირველად სწორედ მაშინ დაიწყო ქართული ღვინის “რეფორმა” და მისი ევროპულ ღვინოებთან დაახლოება. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის ქართველ პოეტს ალექსანდრე ჭავჭავაძეს, რომელმაც წინანდალში, თავის მამულში დაყენებულ ღვინოებს ევროპული ელეგანტურობა შესძინა.

ფოტო: www.tsinandali.com 

ღვინის ბევრი დღეს ცნობილი დასახელება, სწორედ მე-19 საუკუნეშია შექმნილი.

ევროპეიზაციის პროცესი მას შემდეგ შეჩერდა, რაც საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი გახდა. “გეგმიური ეკონომიკისა” და “ხუთწლედების” ქვეყანაში ევროპული პეწისა და პროდუქციის ხარისხისთვის არავის ეცალა.

საბჭოთა საქართველოში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ვენახებს უზარმაზარი ტერიტორიები და ათასობით ჰექტარი მიწა ეკავა; აშენდა ათობით ღვინის მწარმოებელი ქარხანა, რომლებიც მთელ საბჭოთა კავშირს – ერევნიდან ვლადივოსტოკამდე ალკოჰოლური სასმელებით ამარაგებდნენ.

ქართული მევენახეობა-მეღვინეობის მთავარ ამოცანად, ცენტრში დასახული გეგმის შესრულება იქცა. ამისთვის საჭირო იყო ყურძნის მაღალმოსავლიანი ჯიშები, რამაც თანდათან გადაშენების პირას მიიყვანა უნიკალური ქართული ვაზის ჯიშები.

საბჭოთა კავშირის ფარგლებში ჩაკეტილი ქართული მეღვინეობა საბოლოოდ დაშორდა დასავლურ სამყაროს, მოწყდა მსოფლიო მეღვინეობის ბაზარზე არსებულ ტენდენციებს და “ალკოჰოლური სითხის” ჩამოსახმელ კონვეიერად იქცა.

უფროსი ასაკის ადამიანებს ახსოვთ, რომ იმდროინდელ საქართველოში მაღაზიაში ნაყიდი ღვინით სტუმრის გამასპინძლება სირცხვილად ითვლებოდა. სამაგიეროდ, ყველა ოჯახს ჰქონდათ გადანახული სახლში დაყენებული ხარისხიანი კახური ღვინო.

სწორედ საბჭოთა დროს ჩაისახა ის პრობლემა, რომლის გადაჭრაც უკვე თანამედროვე ქართველ მეღვინეებს უწევთ – მასობრივი ხარისხიანი პროდუქციის წარმოების არცოდნა.

საბჭოთა კავშირის უზარმაზარ ბაზარზე განებივრებულ ქართველ მეღვინეებს სსრკ-ს დაშლამ დიდი დარტყმა მიაყენა.

1990-იანი წლების ქაოსში ჩაფლული ქვეყანა გადარჩენისთვის იბრძოდა. ღვინის წარმოება, რომელსაც დამოუკიდებლად არსებობის გამოცდილება არ ჰქონდა, სახელმწიფო სუფსიდიებისა და დახმარების გარეშე დარჩა.

ამას დაემატა ისიც, რომ საზღვრები გაიხსნა და საბჭოთა ადამიანებმა ფრანგულ, ესპანურ, იტალიურ, არგენტინულ და სხვა ღვინოებს გაუსინჯეს გემო.

ახალი დროებისთვის ფეხის აწყობა და ხარისხიან ღვინოებთან კონკურენცია ქართველ მეღვინეებს მაშინ არც უცდიათ – საამისოდ არც ფული იყო და არც შესაბამისი ცოდნა. ნაცვლად ამისა, ქართული ღვინის ფალსიფიკაციამ იმ პერიოდში არნახული მასშტაბები მიიღო.

რუსულ ბაზარზე არსებული ქართული ღვინის დიდ ნაწილს კახეთთან შეხებაც კი არ ჰქონდა, მას ხშირად იქვე რუსეთში ასხამდნენ.

პატარ-პატარა ოაზისები – საწარმოები, სადაც ცოტას, მაგრამ ხარისხიან ღვინოს ასხამდნენ, კახეთში უკვე 90-იანების ბოლოს გაჩნდა. პირველი მსხვილი ნოვატორი ღვინის კომპანიები, როგორებიც იყვნენ GWS, “თბილღვინო”, “თელავის ღვინის მარანი”, ხვდებოდნენ, რომ მხოლოდ მითებისა და ტრადიციების ხარჯზე დიდხანს არსებობა გაუჭირდებოდათ, ამიტომ არათუ ფალსიფიკაციაზე თქვეს უარი, არამედ დაბალ საფასო სეგმენტში მოხვედრისგანაც იხსნეს ქართული ღვინო, რაც მაგალითად, ვერ მოახერხეს მოლდოველმა და უკრაინელმა ღვინის მწარმოებლებმა.

თუმცა, საერთო ფონს ეს მაინც ვერ ცვლიდა.

შემდეგ დადგა ერთი დღე, რომელმაც ყველაფერი თავდაყიდა დააყენა.

ქართველი ღვინის ექსპერტების დიდი ნაწილი, თანამედროვე ქართული მეღვინეობის ათვლის წერტილად და დაბადების დღედ 2006 წლის 27 მარტს მიიჩნევს. ამ დღეს, რუსეთის მთავარი სანიტარის გენადი ონიშენკოს გადაწყვეტილებით, რუსეთში სრულიად აიკრძალა ქართული ღვინის ექსპორტი. მიზეზად, ქართულ ღვინოში აღმოჩენილი პესტიციდები და მისი დაბალი ხარისხი დასახელდა.

ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რამხელა შოკი იყო ეს ქვეყნისთვის, რომლის ღვინის ექსპორტის 80 პროცენტზე მეტი სწორედ რუსულ ბაზარზე მოდიოდა.

იმდროინდელი პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, ამ გადაწყვეტილების პოლიტიკურ სარჩულზე არავინ დავობდა.

არც ის იყო სადავო, რომ ონიშენკოს მიერ დაწუნებული ქართული ღვინის უდიდესი ნაწილი რუსეთის ტერიტორიაზევე მზადდებოდა, თუმცა ემბარგომ ცხადად წარმოაჩინა ის დიდი პრობლემები, რაც ქართულ ღვინის მრეწველობას ჰქონდა.

რუსული ბაზარზე დამოკიდებული და მისგან განდევნილი საქართველო იძულებული გახდა, აღმოეჩინა, რომ ამ სამყაროში, რუსულის გარდა, სხვა ბაზრებიც არსებობს, სადაც შეიძლება ღვინო გაიყიდოს.

დაიწყო ძალიან რთული და დრამატული წლები, რომლებსაც ბევრმა ვერ გაუძლო.  საინფორმაციო საშუალებები გადმოსცემდნენ რეპორტაჟებს კახეთიდან, სადაც თვალზეცრემლმორეული გლეხები წლების გამნავლობაში ნალოლიავებ ვენახებს საკუთარი ხელით ჩეხავდნენ.

2006 წლიდან 2010 წლამდე საქართველოში ვენახის ფართობისა და ყურძნის წარმოების მოცულობა 26 პროცენტით შემცირდა.

ევროპულ ბაზარზე გასვლა მაღალ ხარისხს ითხოვდა, რასაც მეტი შრომა, ცოდნა და ფინანსები სჭირდებოდა. გარდა ამისა, პოსტსაბჭოთა სივრცისგან განსხვავებით, სადაც ქართული ღვინო უკვე ბრენდი იყო, ევროპაში ქართულ ღვინოზე არაფერი იცოდნენ, რაც კიდევ უფრო ართულებდა საქმეს.

თუმცა, მიუხედავად პრობლემებისა, იმ 7 წლის განმავლობაში, როდესაც რუსული ემბარგო მოქმედებდა,  ქართული ღვინო არა თუ გადარჩა, არამედ განვითარების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. ღვინის ექსპორტიდან შემოსული თანხა უკვე 2012 წელს გაუტოლდა 2005 წელს რუსეთში ექსპორტის ანალოგიურ მაჩვენებელს. 

ღვინის სააგენტოს მონაცემებით, დღეს ქართული ღვინო 50 ქვეყანაში იყიდება.

2016 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 32 421 418 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 35%-ით მეტია, ვიდრე 2015 წელს.

ევროპულის გარდა, ამ პერიოდში საქართველომ ისეთ მნიშვნელოვან ბაზარზე მოახერხა შეღწევა, როგორც ჩინეთია. დღეს ჩინეთს ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების 5-ულში, მეორე ადგილი უკავია (მან ამ პოზიციაზე უკრაინა ჩაანაცვლა), მაშინ როდესაც 10 წლის წინ ეს ქვეყანა საერთოდ არ ფიგურირებდა ამ ჩამონათვალში.

2016 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (17056936 ბოთლი),  ჩინეთი (3852245 ბოთლი),  უკრაინა (3457028 ბოთლი) ,  ყაზახეთი (2535163 ბოთლი), პოლონეთი (1633514 ბოთლი).

დიახ, რუსეთი, რომელმაც 2013 წელს ქართული ღვინისთვის საკუთარი ბაზარი გახსნა, კვლავ ხუთეულის ლიდერია. საქართველო კი ისევ გზაგასაყარზეა – ნაცნობი, იოლი, მაგრამ ამავე დროს პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების შემცველი რუსული ბაზარი, თუ ახალი, უცნობი და რთული სიმაღლეები?

ქართველი ექსპერტები თანხმდებიან, რომ კვლავინდებურად მხოლოდ რუსულ ბაზარზე ჩამოკიდება ქართული ღვინის მრეწველობისთვის დამღუპველი იქნება.

რუსული ემბარგოს პირობებში გატარებული წლების ერთგვარი დამსახურებაა ისიც, რომ დღეს საშუალო სეგმენტის ღვინოები საგრძნობლად დაუახლოვდა საერთაშორისო სტანდარტს და ასევე დაიწყო პრემიუმ ხარისხის ღვინოების შემქმნა.

მეღვინეობა საქართველოში ყოველთვის პრესტიჟულ პროფესიად ითვლებოდა, თუმცა ბოლო წლებში ეს საქმე კიდევ უფრო პოპულარული გახდა.

მეღვინე

8 w

ხშირად გაიგონებთ ისტორიებს დედაქალაქიდან სოფლად გადასახლებული ახალგაზრდების შესახებ, რომლებმაც საკუთარი ვენახი გააშენეს და ღვინოს აწარმოებენ.

მაგალითად, რამდენიმე ქართულ კაფესა და რესტორანში შეხვდებით ღვინოს სახელწოდებით “ოდა”. მას თბილისელი ცოლ-ქმარი ზაზა გაგუა და ქეთო ნინიძე დასავლეთ საქართველოში გავრცელებული უნიკალური ჯიშის ყურძნის – ოჯალეშისგან აწარმოებენ. ეს მათი საოჯახო ბიზნესია.

ღვინის კეთება კი, ზაზამ და მისმა მეგობრებმა Vino M”Artville-ს წარმოებით დაიწყეს.

ზაზამ მარტვილში დიდი ბებიის დატოვებული ოდა საცხოვრებლად მოაწყო და იქ ოჯახთან ერთად გადასახლდა. ბავშვები მარტვილის საბავშვო ბაღში დადიან, ქეთო და ზაზა კი ბიზნესს უძღვებიან. ადრე ყურძენს ყიდულობდნენ, გასულ წელს კი, პირველად საკუთარი ოჯალეშით ქვევრის ღვინო დააყენეს. 

მათი მოგება ჯერჯერობით არც ისე ბევრია, თუმცა წლიდან წლამდე იზრდება. თანხას ისევ წარმოების გაფართოებაში დებენ. შარშან 2 ათასი ბოთლი ჩამოასხეს, წელს 3 ათასს გეგმავენ.

ადგილობრივი ბაზრის გარდა, ღვინო ექსპორტზეც გააქვთ. შარშან 200 ბოთლი ლონდონში გაყიდეს, 50 ბოთლი ავსტრალიაში.

2 წელიწადში საკუთარი ვენახიდან 2-3 ტონა ყურძენის აღებას გეგმავენ.

ამ საქმეს დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან. ქეთომ გერმანიაში რამდენიმეთვიანი სასწავლო კურსი გაიარა, ღვინის ტურიზმის განვითარებას გეგმავს.

“ოდა”, რომელიც მარტვილის კანიონთან ახლოსაა, ტურისტებისთვის სხვადასხვა მომსახურებას ითვალისწინებს. ღვინის დეგუსტაციის გარდა, აქ ინტერაქტიული ღონისძიებებიც იქნება – ტურისტებს ღომის მოხარშვა და ჩურჩხელის ამოვლება შეეძლებათ.

“ძალიან მინდა, რომ ამ საქმეს საგანმანათლებლო დატვირთვაც შევძინო. სკოლის მოსწავლეებისთვის საკვირაო სკოლას ვგეგმავ, სადაც ისინი თავად მოუვლიან ვაზს, მოამზადებენ საჭმელს, სხვადასხვა უნარ-ჩვევას შეიძენენ,” – ამბობს ქეთო.

ზაზა მცირე და საშუალო ღვინის კომპანიების მნიშვნელობაზე საუბრობს. შარშან “ოდამ” სამთავრობო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” [საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2014 წელს შექმნილი პროგრამა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისკენაა მიმართული] ფარგლებში, დაფინანსების მოპოვება სცადა, თუმცა უარი მიიღო.  

“ფეისბუკზე” დავწერეთ, რომ დაფინანსებაზე უარი გვითხრეს, შემთხვევით ერთ-ერთი ღვინის ბარის მეპატრონემ წაიკითხა და  ჩვენი დაფინანსების სურვილი გამოთქვა. ვინც ჩახედულია ამ სფეროში, კარგად ესმის, რომ სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაა მნიშვნელოვანი,” – ამბობს ზაზა.

ქართველი ექსპერტები და მეღვინეებიც თანხმდებიან, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში და შემდგომ რთულ წლებში ქართული ღვინის ტრადიციები საბოლოოდ რომ არ განადგურდა, ეს სწორედ პირველ რიგში ქართველი გლეხების და  მცირე მეწარმეების დამსახურებაა. იმ ფაქტს, რომ საქართველოში დღესაც არსებობს უძველესი, უნიკალური ვაზის ჯიშები და ქვევრში ღვინის დაყენების უნიკალური ტექნოლოგია, სწორედ მათ უნდა ვუმადლოდეთ.

ილია ბერიანიძე, სოფელი კარდენახი

გურჯაანისკენ მიმავალ გზაზე, ბურუსით დაფარულ საგზარო ტრაფარეტებზე სოფელ კარდენახის გადასახვევს ძლივს ვპოულობთ.

სოფლის გზაზე წელში მოხრილი, საშუალო ასაკის კაცი წყლით სავსე სათლით ხელში ვიწრო ქუჩას მიუყვება. მანქანის დანახვაზე ჩერდება.

“ღვინის ამოსარევად მივდივარ, თუ გინდათ, შემომიერთდით,”- გვეუბნება ის, როდესაც გებულობს, რომ ჟურნალისტები ვართ და რთველის ამბები გვაინტერესებს.

ილია ბერიანიძე 50 წლისაა. წლების წინათ თბილისში ცხოვრობდა და ყასბად მუშაობდა. ცხოვრება რომ გაჭირდა, დედაქალაქი დატოვა და ხანდაზმულ მშობლებთან ერთად მშობლიურ სოფელში დაბრუნდა.

“აბა, აქ ვენახის გარეშე რა გამაჩერებდა,” – ამბობს ილია და თავისი მარნის დასათვალიერებლად გვეპატიჟება. 

სანამ იქ შეგვიყვანს, სახლის მეორე სართულისკენ მიგვიძღვება, თავისი ვენახები რომ გვანახოს.

3

ილიას სახლი მე-19 საუკუნეშია აშენებული. სიძველისგან ალაგ-ალაგ ჩამონგრეულია. ხის ჭრიალა კარით პატარა, ცისფერკედლებიანი ოთახის აივანზე ვხვდებით.  ქვემოთ ვენახებით სავსე მიწები ჩანს.

ილია ვენახს უყურებს და გვიყვება:

“ნელ-ნელა ჩემი დანაზოგით ნახევარ ჰექტრამდე მიწა ვიყიდე. ორი ჯიშის ყურძენი მაქვს – საფერავი და რქაწითელი. ცოტა ალადასტურიც. ღვინო უკვე კასრებში მაქვს განაწილებული. ქვევრში რაც დარჩა, მაგით, ჭაჭა უნდა გამოვხადო.  კარგი მოსავალი არ იყო. ყურძენს ჭრაქი გაუჩნდა და გააფუჭა. რა აღარ ვუქენი, გადავყევი ზედ, მაგრამ რად გინდა, მაინც არ უშველა. წამალი უხარისხო იყო, ჭრაქს ვერ მოერია. სახელმწიფომ 200-ლარიანი ვაუჩერი მომცა წამლისთვის, მაგრამ ეს რას მეყოფოდა. 10-ჯერ მოვწამლე ვენახი, 1200 ლარი მაინც დამიჯდა.”

“ბიზნესი? არა, რა ბიზნესი, ხუმრობთ? ჩემი ვენახით ერთ-ორ კაპიკს თუ ვიშოვი, ოჯახი რომ ვარჩინო. ცოტა ღვინო აქვე სამეზობლოში გავყიდე. 80 ლიტრამდე თბილისობაზე გავყიდე წელს. დანარჩენი ნათესავებს დავურიგე – ყველა ჩემს ღვონოს ელოდება. სხვა გზა არაა, ხომ იცით, ქართული ტრადიცია ხელგაშლილობასაც მოითხოვს. თუ არ გასცემ, არაფერი მოვა. ამიტომ, ღვინოდან შემოსული ფული მხოლოდ არსებობისთვისაა საკმარისი,” – ამბობს ილია და ჭიქაში წითელ ღვინოს ასხამს.

ჩვენც სიამოვნებით ვაგემოვნებთ. ეტყობა, რომ სუფთაა, მინარევების გარეშე. სადღეგრძელოსაც თავად მასპინძელი ამბობს, – ამ ჭიქით ჩემს წინაპრებს გაუმარჯოს,  ვინც ეს მარანი დამიტოვა

ნიკოლოზი და თამარი, სოფელი კარდენახი

41 წლის ნიკოლოზი ბავშვობიდან ღვინის კეთებას უყურებს – მეღვინეების ოჯახიდანაა. 20 წელია, თავის სახლთან ახლოს პატარა ქარხანა გააკეთა. 2 ჰექტარი მიწა აქვს. ბანკიდან სესხი გამოიტანა, რომ ვენახისთვის სათანადოდ მოევლო, თუმცა მოსავალმა არ გაამართლა – ჭრაქი მოერია. სესხის ნაწილი რომ დაეფარა, რამდენიმე დღის წინათ ნახევარი ჰექტარი მიწა 8,300 დოლარად გაყიდა.

გადაღება და მონტაჟი - დავით ფიფია

“7 წელი ვუვლიდი ამ ვენახს ბავშვივით, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა, გავყიდე.  დაავადების გამო, მოსავალი გაფუჭდა.  უხარისხო მედიკამენტები იყო შემოტანილი, ძალიან დაგვაზარალა ხალხი,” – ამბობს ნიკოლოზი.

მისი ეზოს შუაგულში ცეცხლი გიზგიზებს. ნიკოლოზი ჭაჭას ხდის. თან საუბრობს, და თან ამ პროცესს თვალს არ აშორებს. ამბობს, რომ კარგი ჭაჭის გამოხდას გაფაციცებული ყურადღება სჭირდება.

ჭაჭა დიდი რკინის გამოსახდელიდან ნელ-ნელა ჟონავს.

გვერდით სუფრაა გაშლილი, მწვადი, ყველი, პური.

საოჯახო ბიზნესზე ვეკითხები, რომელსაც ცოლთან და უფროს შვილთან ერთად უძღვება.   

“ძალიან შრომატევადი საქმეა და შემოვასავალი კი არც ისე,- ამბობს თამრო, ნიკოლოზის მეუღლე, – ყურძნის დაბალ ფასში ჩაბარებას, გვირჩევნია, ღვინო თავად დაწუროთ, ჭაჭა გამოვხადოთ და თვითოვნე გავყიდოთ. ჭაჭა 3 ლარად თუ გავყიდეთ, უკვე კარგია. ახლა დაბალი ფასი აქვს, ამიტომ გაზაფხულამდე ვიცდით და მერე ვყიდით. ხარჯიც დიდია. ვაზის შეწამვლას წელს 3000 ლარი დასჭირდა. რთველის დღეებში თითო დამხმარეს 25 ლარს ვუხდით. ამდენი შრომის შემდეგ ცოტა ფული გვრჩება, რომ ოჯახს ასე თუ ისე საჭმლის ფული არ მოაკლდეს.”

 

ფოტო: სოფო აფციაური
Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ