თვითიზოლაცია, სტაგნაცია, აგრესიულობა - რუსეთის უახლოესი პერსპექტივების ჩამონათვალში მთავარ ადგილს იკავებს" />

რას უნდა ელოდეს რუსეთი და მსოფლიო ვლადიმირ პუტინის გამარჯვებისგან?

თვითიზოლაცია, სტაგნაცია, აგრესიულობა - რუსეთის უახლოესი პერსპექტივების ჩამონათვალში მთავარ ადგილს იკავებს

ზეიმი მოსკოვში, მანეჟის მოედანზე, ვლადიმირ პუტინის რუსეთის პრეზიდენტად მეოთხედ გახდომის აღსანიშნავად. მაისურზე პუტინის პორტრეტს აწერია „ყირიმი. 18 მარტი. 2018 წელი“. REUTERS/ მაქსიმ შემეტოვი

რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებზე 2018 წლის 18 მარტს ამომრჩეველთა აქტივობამ 67, 5 პროცენტი შეადგინა. ვლადიმირ პუტინმა ხმათა 76,7-პროცენტით გაიმარჯვა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ პუტინს ხმა 55,2-მა მილიონმა ადამიანმა მისცა – ეს რუსეთის არჩევნების მთელი ისტორიის განმავლობაში აბსოლუტური რეკორდია.

ამ არჩევნებში ვლადიმირ პუტინისადმი უპრეცედენტო მხარდაჭერა უბრალოდ აიხსნება – ის გუშინ არ აღმოცენებულა, არამედ დიდხანს გროვდებოდა – წლების და ათწლეულების განმავლობაში პოლიციური განუკითხაობით და პროპაგანდით. ამიტომაც, როდესაც რუსეთის მოქალაქეებს უთხრეს, რომ ვალდებულები იყვნენ, საარჩევნო უბნებზე გამოცხადებულიყვნენ და ხმა მოქმედი ხელისუფლებისთვის მიეცათ – მათ გადაწყვიტეს, რომ დამორჩილება უფრო უსაფრთხო იქნებოდა. თუმცა, 30 მილიონი ამომრჩეველი, რომელსაც ამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, იმაზე მეტყველებს, რომ ყველა არ შეშინდა და პროპაგანდას არ დაემორჩილა.

რას უნდა ელოდეს ამ გამარჯვებისგან რუსეთი და გარემომცველი სამყარო?

საშინაო პოლიტიკა

ვლადიმირ პუტინის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი თემა დაახლოებით ასე ჟღერდა: „რუსეთი – მტრების გარემოცვაშია“. სწორედ ამ თეზისით გაამართლა მან ჯარისა და სპეცსამსახურებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო ხარჯების ზრდა, ამ დროს კი ჯანდაცვის და განათლებისთვის ხარჯების შემცირება. პუტინი მომავალშიც ამ პოლიტიკას გაატარებს.

მხოლოდ გასული წლის განმავლობაში რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა 397 უცხოელი აგენტის გამოვლენის შესახებ ჩააბარა ანგარიში.

ვლადიმირ პუტინისა და მისი იდეების მოწინააღმდეგეები რთული დროებისთვის უნდა მოემზადონ. მათ პოლიტიკური და ფიზიკური ზეწოლა ელით.

პირველი დარტყმა მოსახლეობასთან მათი კომუნიკაციის მთავარ საშუალებას – ინტერნეტს მიადგება. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ინტერნეტის პრობლემებთან დაკავშირებით პუტინის თანაშემწემ, გერმან კლიმენკომ განაცხადა, რომ რუსეთი ტექნიკურად მზად არის გამოეთიშოს მსოფლიო ქსელს.

2018 წლის დასაწყისში სახელმწიფო სოციოლოგიურმა სამსახურმა მოსახლეობის საგანგებო გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. რესპონდენტებს ჰკითხეს: ისურვებდნენ თუ არა, რომ ჰქონდეთ განცალკევებული, საიმედოდ დაცული ინეტერნეტი, რომელიც მხოლოდ რჩეული ქვეყნებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. გაირკვა, რომ ყოველ მესამე რესპონდენტს მსოფლიო ქსელიდან გამოთიშვა და ბელარუსსა და ჩინეთთან ერთად ცალკე ინტერნეტის შექმნა კარგ აზრად მიაჩნია.

„კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ – ქვეყანა საშიში უფსკრულის პირასაა, წინ ცუდი დრო გველის, და ამის აღსაკვეთად სულ უფრო ცოტა შესაძლებლობა გვაქვს“, – ნათქვამია ამ არჩევნებში პუტინის მეტოქის, გრიგორი იავლინსკის განცხადებაში.

რუსეთის ბევრ საარჩევნო უბანზე კრეატიული მიდგომა გამოავლინეს. ზოგან, პირდაპირ ხმის მისაცემ დარბაზში ტარდებოდა კონცერტი, სხვაგან ფუნთუშებს, ღვეზელებსა და ბოსტნეულს იაფად ყიდდნენ. ზოგ ადგილას კი მედდები ისხდნენ და ყველას წნევას უსინჯავდნენ – უფასოდ. ვიდეო Reuters

საგარეო პოლიტიკა

რუსეთში არჩევნებზე კონკურენცია პრაქტიკულად არ არსებობდა, მისი შედეგები წინაწარ იყო ცნობილი – ნათქვამია ეუთოს განცხადებაში. ეს ერთადერთი ორგანიზაცია იყო, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებზე დამკვირვებლები გაგზავნა.

საგულისხმოა ასევე იმ სახელმწიფოების მეთაურთა სია, რომლებმაც ვლადიმირ პუტინს გამარჯვება არჩევნების დასრულებისთანავე მიულოცეს. მსოფლიო ლიდერებიდან ამ სიაში მხოლოდ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ცზინპინია, რომელმაც ახლახან თავი პრაქტიკულად ქვეყნის სამუდამო ლიდერად აქცია. სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ლიდერებიდან ვლადიმირ პუტინს გამარჯვება ყველაზე პირველად აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მიულოცა.

ვლადიმირ პუტინის საერთაშორისო იზოლაცია უახლოეს ხანში გაძლიერდება შემდეგ ვითარებებთან დაკავშირებით:

• საერთაშორისო სანქციების შენარჩუნება ყირიმის ანექსიისა და დონბასში ჩარევისთვის;

• აშშ-ს სანქციების გამკაცრება 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამო;

• ახალი სანქციების შემოღების მაღალი ალბათობა მალაიზიური „ბოინგის“ თაობაზე ტრიბუნალის შედეგების, დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე სამხედრო მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებისა და სირიაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამო.

შედეგი

„ახალი პოლიტიკური ციკლი სამი არასასურველი ფაქტორის ზეწოლით განვითარდება: ეკონომიკის სტაგნაციის გაგრძელება, რუსეთის საერთაშორისო იზოლაცია და 2024 წლის შემდეგ რეჟიმის შენარჩუნების აუცილებლობა“, – უთხრა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა წამყვანმა რუსმა პოლიტოლოგმა კირილ როგოვმა.

მისი აზრით, „საკითხავი მხოლოდ ის არის, დათანხმდება თუ არა ელიტა და ხალხი საომარ დროში დაბრუნებას, საითკენაც მას ახლანდელი ხელისუფლება უბიძგებს“.

„ახლანდელი ავტორიტარული რეჟიმი, თავის უსუსურობის მიუხედავად, სრული ძალაუფლებისკენ მიისწრაფვის და ის იმით არის საშიში, რომ მისი გადარჩენის საშუალება წესებისა და ტაბუების ნგრევა ხდება“, – ამგვარ კომენტარს აკეთებს მიმდინარე მოვლენების შესახებ რუსეთის საგარეო პოლიტიკის საკითხების ავტორიტეტული სპეციალისტი ლილია შევცოვა.

მოსალოდნელია, რომ უახლოეს ხანში ვლადიმირ პუტინის რეჟიმის შიდა სისუსტე მას აუცილებლად უბიძგებს საგარეო პოლიტიკის უფრო აგრესიულად წარმართვისკენ, რათა საკუთარ მოსახლეობას დაუმტკიცოს, რომ მხოლოდ მას შეუძლია მათი საგარეო საფრთხეებისგან დაცვა.

პუტინს ალბათ აშშ-სთან და ევროკავშირთან პირდაპირი კონფლიქტის შეეშინდება და ეს მას განსაკუთრებით საშიშს გახდის მათთვის, ვისზე შურისძიებას ის არ მოერიდება – მთელი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, და პირველ რიგში – სამხრეთი კავკასიის სახელმწიფოებისთვის.

ვიდეო რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში 2018 წლის 18 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ გამართულ ქუჩის პოლიტიკურ აქციას ასახავს. აქციის ლოზუნგი უცენზუროდ ჟღერს: „…გვკიდია, ვცეკვავთ“. 100 ადამიანი, 50 წყვილი დათოვლილი ტბორის გაყინულ ზედაპირზე ვალსს ცეკვავს. გარკვეულ მომენტში წყვილები ჩერდებიან, პარტნიორები რამდენიმე ნაბიჯით ერთმანეთს შორდებიან და – ჩიტის გაფრენის სიმაღლიდან შესაძლებელი ხდება ადამიანების ფიგურებით დაწერილი ამ ლოზუნგის წაკითხვა. ამის შემდეგ წყვილები ისევ ერთდებიან და ცეკვა გრძელდება.


ასევე წაიკითხეთ