რატომ დგება რიგები მკითხავებთან და ექიმბაშებთან" />

ჯადოსნური ბიზნესი აზერბაიჯანულად

რატომ დგება რიგები მკითხავებთან და ექიმბაშებთან

მკითხავების მომსახურება, წინასწარმეტყველები და ექიმბაშები იმდენად პოპულარულია აზერბაიჯანში, რომ ბევრი მათგანი ამით ოჯახებსაც ინახავს. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, როგორ ახერხებენ ისინი ამას.

უკი “ოკულტურ ბაზარს” მთლიანად განვიხილავთ, ჩვენთან სამი მიმართულება გამოიყოფა, ერთმანეთისგან იმით განსხვავდებიან, რომ საკუთარ მომხმარებლებს სხვადასხვა პრობლემის მოგვარებას სთავაზობენ.

  • “სამედიცინო” მაგია, რომელიც ავადმყოფობების აღმოფხვრაზეა ორიენტირებული;
  •  “შავი მაგია”, რომელიც თქვენი შეურაცხმყოფელის დასამარებაზეა მომართული (ამ შემთხვევაში შეგიძლიათ, გამოიყენოთ როგორც სახელდახელო საშუალებები, ისე პროფესიონალის მომსახურება, რომელსაც ჯადოს “შეუკვეთავთ”)
  •  და თეთრი მაგია, რომელიც თქვენი პირადი ცხოვრების მოწესრიგებაზე, იღბლიანობასა და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, შავი მაგიისგან დაცვაზე ზრუნავს.

“სამედიცინო” მაგია კონკრეტულ შედეგებს ითხოვს და ამიტომ ამ პრაქტიკას არც ისე ბევრი მკითხავი მისდევს. ხშირად ასეთი მკითხაობა დაავადების დიაგნოსტიკას გულისხმობს. მაგალითად, ბაქოში მუშაობს ქალი, რომელიც “შინაგანი ორგანოების მესამე თვალით დათვალიერების” სეანსის შედეგად კლიენტებს ბეჭედდასმულ საბუთს გადასცემს [ცხადია, ბეჭედზე თვალია გამოსახული], რომელიც ექოსკოპიის შედეგების შესახებ შედგენილ სამედიცინო დოკუმენტს ჰგავს.

“თეთრი” მაგია უამრავ რიტუალს იყენებს. ეს პროცედურები რელიგიური წეს-ჩვეულებების, ფსიქოთერაპიისა და წარმართობის შეჯერებულ ფორმას წარმოადგენს. ან თქვენ შეგიძლიათ, ეკლესიიდან მოტანილი ნაკურთხი წყლით, რაღაც მცენარეების თესლების ტაფაზე მოხალვითა და ბნელ ოთახში ცვილის სანთლების დანთებით მოხსნათ ოფისს ჯადო, რომელიც თქვენს სამუშაო ადგილს თქვენმა კონკურენტებმა გაუკეთეს.

მაგრამ ყველაზე დიდი შემოქმედებითობით შავი ძალები გამოირჩევიან. ჯადოს გაკეთება შეიძლება როგორც ადამიანისთვის, ისე მთელ ოჯახისთვის. ჯადოს გასაკეთებლად “ობიექტის” სახლში მაგიური ნივთებით სავსე ტომარა უნდა დავაგდოთ. თუ კონკრეტულად რა ნივთები უნდა მოთავსდეს ტომარაში, ბოროტგანმზრახველის ფანტაზიასა და გაქნილობაზეა დამოკიდებული.

ყველაზე უცნაური ისაა, რომ არსებობს ჯადოს გაკეთების შედარებით მარტივი მეთოდები, რომლებსაც აზერბაიჯანში ყველა ეფექტიანად მიიჩნევს; იმდენად ეფექტურად, რომ ამ ნივთებისა და ნივთიერებების სახელების გამოქვეყნება არ შეგვიძლია, რადგან რომ ბევრი ამას იმი სწავლებად აღიქვამს, თუ როგორ უნდა დაამზადო წყალბადის ბომბი სახლის პირობებში.

მარიამი, სევილი და ლეილა

არიამი 17 წლის იყო, როდესაც პირველად მივიდა მკითხავთან. მეგობარს მიჰყვა. თავად აღნიშნავს, რომ ეს “გასართობად” გააკეთა.

“რუსი ქალი, ვისთანაც მივედით, ბანქოთი მკითხაობდა; მითხრა, – მალე გათხოვდები, მილიონერს გაჰყვები, ბევრი შვილი გეყოლება და, საერთოდ, ბედნიერი ცხოვრება გექნებაო”.

ამ ამბის შემდეგ მარიამი კიდევ დადიოდა მკითხავებთან. ამბობს, რომ ამას სერიოზულად არ აღიქვამდა, მაგრამ რაღაც მომენტში საქმე ძალიან ცუდად წაუვიდა, განსაკუთრებით – პირად ცხოვრებაში. მეგობარმა ურჩია, მიემართა ერთი ქალისთვის, რომელიც ჯადოს ხსნიდა და “ყველა გზის გახსნა” შეეძლო.

“ალმაზი ერქვა. ბანქოთი მკითხაობდა. ამას გარდა, ადამიანს დასვამდა და ეუბნებოდა, რომ ყველაფერს ხედავდა, რაც მასთან იყო დაკავშირებული. მისი თქმით, იგი ამ ყველაფერს ადამიანის თავს ზემოთ არსებულ პატარა ეკრანისებურ ზედაპირზე ხედავდა. მითხრა, რომ ჯადო გამიკეთა ვიღაც დაბალმა ქალმა, რომელსაც ღია ფერის თმა ჰქონდა და სამხრეები ეკეთა. მკითხავის თქმით, იმ ქალის ვაჟთან მქონდა რომანტიკული ურთიერთობა, რაც იმ ჭაბუკის დედას არ მოსწონდა და ყველაფერი იღონა, რომ ერთმანეთისთვის დავეშორებინეთ და მე უბედური და უშვილო ვყოფილიყავი. მკითხავის მიერ აღწერილი ქალბატონი ზუსტად დაემთხვა ჩემი ყოფილი შეყვარებლის დედის გარეგნობას”.

ალმაზმა გოგონას უთხრა, რომ ცვილი მიეტანა და მისულიყო ნებისმიერ დღეს, ორშაბათისა და ოთხშაბათის გარდა. აღნიშნულ დღეებში ჯადოს მოხსნა არ შეიძლება

“ალმაზმა დამდნარი ცვილი წყლით სავსე ქვაბში ჩაასხა. თან რაღაცას ბუტბუტებდა. ალბათ, ლოცულობდა – ალმაზი მუსლიმია. ცვილი ჰაერით დაბერილი ბუშტივით გასკდა. მკითხავმა შესასვლელი კარი გააღო, კარის წინ დამსვა და ლოცვების კითხვა განაგრძო; შემდეგ ტუალეტში შევიდა და იქ დიდხანს დარჩა. მითხრა, რომ მიღებული ნეგატივისგან გასათავისუფლებლად მოიქცა ასე. 100 მანათი [დაახლოებით ასი დოლარი] გამომართვა.”

ამ ამბის შემდეგ სამი თვეც არ იყო გასული, რომ გოგონამ ერთი ჭაბუკი გაიცნო, რომელსაც ცოლად გაჰყვა. მარია ფიქრობს, რომ მას ამაში ალმაზი დაეხმარა.

ევილი ამბობს, რომ მას ყველა ჯურის სახალხო მკურნალებთან ურთიერთობის მდიდარი გამოცდილება აქვს.

“შეიძლება ითქვას, რომ მათთან გავიზარდე. მეზობელ ბინაში მთელ ბაქოში ცნობილი ექსტრასენსი ცხოვრობდა. ეზოს იქით მისი კონკურენტის ბინა იყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს ექსტრასენსები სხვადასხვა კონფესიებს განეკუთვნებოდნენ. ორივე  წესიერი ადამიანი იყო და უდავოდ ორივეს ჰქონდა განსაკუთრებული უნარები, მაგრამ ძალიან საზარლად გამოიყურებოდა მათი გარემოცვა – სხვა ადამიანებზე დამოკიდებული, ავადმყოფურად თვალებანთებული ურჩხულების ბრბო. ამ ექსტრასენსების მიმდევრები თავიანთ “სენსეისთან” შეუთანხმებლად თმასაც კი არ ივარცხნიდნენ.”

სევილის აზრით, მკითხავის წინასწარმეტყველების ახდენა უბრალოდ პრიმიტიული ოინია:

“გეტყვიან, რომ ვიღაც ჯადოქრის რჩევით, გოგონა დილის ექვს საათზე გზაჯვარედინზე მივიდა, თეფში გატეხა და ორ კვირაში სასიძო გამოჩნდა. ეს ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ ყველა ახალგაზრდა გოგონას ადრე თუ გვიან უჩნდება სასიძო – განსაკუთრებით ჩვენს მხარეში, სადაც ყველა დედა გაფაციცებით ცდილობს, თავისი შვილი დააქორწინოს. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, რომ ჭკვიანური სახით აღნიშნო, – მაისში ჭექა-ქუხილი იქნებაო. კლიენტურას რაც შეეხება… მარტივია, დაიჯერო, რომ პრობლემები ჯადოს გამო გაქვს. ამ დაბრკოლებების ნორმალური გზით გადალახვა გაცილებით უფრო რთულია.”

უმცა, ყველა კლიენტი კმაყოფილი არ რჩება. მაგალითად, ლეილა ექსტრასენსთან “გართობის მიზნით” მივიდა და ეს ვიზიტი ხუმრობადვე დარჩა.

“ეს დიდი ხნის წინათ, ჯერ კიდევ სტუდენტურ პერიოდში მოხდა. მაშინ ძალიან აქებდნენ ერთ ექსტრასენსს, რომელსაც როვშანი ერქვა. მასთან მისვლა ჩემმა ჯგუფელმა მირჩია. ექსტრასენსმა მითხრა, – თქვენში დიდ პოტენციალს ვხედავ, შეგეძლოთ, მაგისტრატურაში ჩაგებარებინათ, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გაინტერესებთო. იმ მომენტში გულში გამეცინა, რადგან  ყოველთვის სწავლასა და კარიერაზე ვიყავი ორიენტირებული (უნდა ითქვას, რომ ლეილამ სწავლა საზღვარგარეთ გააგრძელა და წარმატებით დაასრულა). ვფიქრობ, ეს არასწორი დასკვნა ჩემი გარეგნობის გათვალისწინებით გამოიტანა – მოკლე ქვედაბოლო და ვარდისფერი კოლჰოტები მეცვა.” 

ჯადოქრის გარეგნობაში რაიმე არაბუნებრივი არ შეიმჩნეოდა – შუახნის, ძალიან ჩვეულებრივი, რუსულენოვანი მამაკაცი გახლდათ.

გარმალა — მცენარე, რომელიც აზერბაიჯანში უვნებელი ყოფითი მაგიისთვის გამოიყენება.  მას აშრობენ  და სახლებში წვავენ გათვალვის  თავიდან ასაცილებლად

საზოგადოება და მედია

მკითხავებთან მისვლა ის თემაა, რომელიც უახლოეს სამეგობროში განიხილება ხოლმე. მთლიანობაში, საზოგადოება ამ საკითხის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი.

პოპულარულ მედიასაშუალებებში ვერ გადააწყდებით ისტორიებს სახალხო მკურნალების გასაოცარი შესაძლებლობების შესახებ, მაგრამ ადვილად იპოვით სიუჟეტებსა და პუბლიკაციებს, რომლებშიც ამ ადამიანებს ამხელენ. ამავდროულად, ნებისმიერ გაზეთის განცხადებების განყოფილებაში ასეთი ტიპის შემოთავაზებებს მთელი გვერდები ეთმობა.

“ნათელმხილველთა საგვარეულოს წარმომადგენელი ძველი, ბოშური მეთოდით აგხსნით ჯადოს, გაგიკეთებთ ძლიერ დამცავ შელოცვებს. გარანტია 100%” არსებობენ მაღალგანვითარებული ბიზნესმენებიც, რომლებიც ფოტოს საშუალებით უდგენენ ან ხსნიან ჯადოს ადამიანს და ამისათვის “სკაიპსა” და სოციალურ ქსელებს იყენებენ, მომსახურეობისათვის მისაღებ თანხებს კი საბანკო ანგარიშზე იღებენ.

ამასთან,  ექსტრასენსებს ადგილობრივ არხებზე არც  თუ ისე იშვიათად იწვევენ. ყველაზე ცნობილი აზერბაიჯანელი წინასწარმეტყველი, ზირადინ რზაევი რუსული “ექსტრასენთა ბრძოლის” (“Битва экстрасенсов”)მონაწილეა.

ზირადდინ რზაევი. cosmopolitan.ru

მაგრამ პატივი და დიდება არც ადგილობრივ “ვარსკვლავებს” აკლიათ. რაც შეეხება მათი ჰონორარების მოცულობას…  მაგალითად, გავრცელებული ჭორების თანახმად, ანარ აბდულაევის ჰონორარი შეადგენს 100 მანათს 15 წუთში. იგი სულებისა და ეშმაკების განდევნაზეა სპეციალიზებული. “ადამიანები სასაფლაოზე მიმყავს, სადაც ეშმაკებს ვიჭერ და ვახრჩობ,” – ამბობს ის და აღნიშნავს, რომ ასეთ საქმეში 1000 მანათზე ნაკლებს არ იღებს.

მეცნიერება და რელიგია

კარტისა და ყავის გარდა, არსებობს მკითხაობის კიდევ ერთი, ადგილობრივი მეთოდი, რომელსაც “ყურან აჩდირმა” [სიტყვასიტყვით “ყურანის გადაშლა”] ჰქვია. ამ პრაქტიკის არსი ისაა, რომ ადამიანი გულში სვამს კითხვას, მკითხავი კი მუსლიმების წმინდა წიგნს ალალბედზე შლის და იქ ეძებს პასუხს კლიენტის შეკითხვაზე.

ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ღვთისმეტყველი აქრამ ჰასანოვი მიიჩნევს, რომ მკითხავებთან სიარული ალაჰის საქმეებში ჩარევის მცდელობას ნიშნავს, ეს კი დიდი ცოდვაა. “თავის სურაში “ალ ბაკარა” (აიათი 102) ალაჰი ჯადოს დამდგენების შესახებ ამბობს:

“ისინი მათთვის უსარგებლო საქმით არიან დაკავებულნი, რომელიც მავნებელია”.

ღვთისმეტყველის აზრით, ისლამური კანონებით, ჯადოქრები სიკვდილით უნდა დაისაჯონ, მაგრამ, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენთან სიკვდილით დასჯა გაუქმებულია, ასეთ ადამიანებს სამუდამო პატიმრობა უნდა მიუსაჯონ.

ექიმი-ნევროლოგის ქერიმა ქერიმოვას აზრით, სამყაროში ყველაფერი ფიზიკის კანონებით ვერ იხსნება, ექსტრასენსები კი, შესაძლოა, მართლაც ხედავდნენ მომავლის ერთ-ერთ ვარიანტს:

“აზრი ერთეულია, რომელიც ფიზიკას ჯერჯერობით არ აღუწერია. ტვინი ჯერჯერობით ბოლომდე არ არის შესწავლილი. შესაძლოა, 50-100 წლის შემდეგ ადამიანებმა მაღალი მქკ-ს მქონე თავის ტვინის პოტენციალით სარგებლობა ისწავლონ და მაშინ ტელეპატიურ ურთიერთობასთან დაკავშირებული თანამედროვე ფანტასტიკა აღარ იქნება ფანტასტიკა და ყოფით ნორმად იქცევა. ასობით წლის წინათ თვითმფრინავით ფრენა და ოკეანეში ჩასვლაც ფანტასტიკად მიაჩნდათ.

ფიზიოლოგიის თვალსაზრით, ექსტრასენსორული უნარები მაგიურ შესაძლებლობებს არ არის. ეს უბრალოდ განსაკუთრებული მგრძნობელობაა შედარებით სუსტი გამაღიზიანებლების მიმართ.”

ფსიქოლოგ-კონსულტანტი ელადა გორინა ამბობს რომ არსებობს ე.წ. “თვითახდენადი წინასწარმეტყველების” ფენომენი. ასეთ შემთხვევებში ადამიანი ცდილობს, შეასრულოს ის, რაც, მაგალითად, მკითხავმა უწინასწარმეტყველა.

რატომ არიან ადამიანები ზებუნებრივი ძალებისგან დახმარების მიღებისადმი მიდრეკილნი? ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ყველაფრის მიზეზი ქვეყნის ისტორიაა. ჩვენი ერის ისტორია არც ისე ხანგრძლივია და მცირე ხნის წინათ ჩვენ მედიუმებთან, ექიმბაშებთან და ნათელმხილველებთან დავდიოდით.

“რაც უნდა ნაკითხი და განათლებული იყოს ადამიანი, როგორც კი მოწყვლადი ხდება, მაშინვე სწრაფად და მარტივად მიმართავს ოკულტიზმს. და ზოგ შემთხვევაში, ეს პრაქტიკა ეფექტიანია.”

ფსიქოლოგი განმარტავს, რომ მკურნალების “მუშაობაში” “განწესების თერაპიის” (იგულისხმება პრაქტიკული ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მიმართულება) ნიშნები ჩანს. “ჩვენ პრობლემის დიაგნოსტიკას ვახდენთ. ეს რთული და ხანგრძლივი სამუშაოა, რომლის დიდ ნაწილსაც თავად კლიენტი/პაციენტი ასრულებს; მკურნალი ან ექსტრასენსი პრობლემას “ჯინებსა” და “შაითანს” უწოდებს. ფსიქოლოგის მუშაობისთვის ადამიანის პირადი გადაწყვეტილება და ცვლილებების მოხდენის ნებაა საჭირო. სწორედ ის ასრულებს ძირითად სამუშაოს.”

კიდევ ერთი პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, აინურა ბუნიათოვა მკითხავების პოპულარობის რამდენიმე მიზეზს ასახელებს – ესენია: მომავლის შიში, ცნობისმოყვარეობა და სულიერების დაცემა.

“ადამიანებმა საკუთარი თავის რწმენა დაკარგეს და იმის ნაცვლად, რომ განვითარდნენ და ცხოვრებაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ, მარტივ, პრიმიტიულ გზას ირჩევენ – მიდიან მკითხავთან და მთელ პასუხისმგებლობას სხვა ადამიანს აკისრებენ – მას, ვინც ყველა პრობლემას გადაუჭრით და ეტყვით, როგორ უნდა იცხოვრონ.”

აინურა ბუნიათოვას მიაჩნია, რომ მკითხავებს კლიენტებზე ზემოქმედების განსაკუთრებული მეთოდი აქვთ, და იმისათვის, რომ ადამიანებმა დაუჯერონ, ზოგიერთმა მათგანმა ნეიროლინგვისტური პროგრამირების კურსებიც კი გაირა, ან ჰიპნოზი შეისწავლა.

სახელმწიფო და სამართალი

იურისტი ელნურ გულიევის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ექსტრასენსების, მკითხავებისა და ნათელმხილველების საქმიანობა კანონმდებლობით არ რეგულირდება, “ფულის გამორთმევა იმ დაპირებით, რომ ყველა პრობლემა მოგვარდება და აღქმული კეთილდღეობის არარსებობა შეიძლება, შეფასდეს, როგორც ტყუილი და თაღლითობა.” იურისტის თქმით, აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მიხედვით, ნდობის ბოროტად გამოყენებით ქონების მისაკუთრება ან ტყუილის გზით ქონებაზე უფლების მითვისება თაღლითობის ნიშნებს შეიცავს.

პრეცედენტები კი გვხვდება, მაგრამ – იშვიათად. მაგალითად, გასულ წელს პარაფსიქოლოგიურ ცენტრ “ჯიანიათის” დირექტორი, რომელიც ცნობილია სახელით “ჰიაზრიათ საბირი” (წმინდა საბირი). კლიენტებმა ის თაღლითობაში დაადანაშაულეს,რადგან საბირს დიდი თანხები გადაუხადეს, მაგრამ დაპირებული ბედნიერება და წარმატება არ მიუღიათ.

ბაქოში ცნობილმა ექსტრასენსმა, თამილა სალამოვმა, რომელმაც ადგილობრივ ტელეარხის ერთ-ერთ შოუ-კონკურსში გაიმარჯვა, სახელი იმით გაითქვა, რომ შოუში გამოცხადდა გველთან ერთად, რომელიც მას მუშაობაში ეხმარებოდა. თამილა წინასწარმეტყველობდა და ადამიანებისგან და სახლებიდან ბოროტ სულებს დევნიდა. იგი “დაზარალდა” მისი ერთ-ერთი კლიენტის, თარანა ბაბაევას საჩივრის გამო. აღმოჩნდა, რომ პრობლემების მოგვარებისთვის (რომლებიც, როგორც ჩანს, ვერ მოგვარდა) სალამოვამ ბაბაევას 4200 მანათი [დაახლოებით 1 500 დოლარი] გამოართვა.

თავად ექსტრასენსები, როგორც წესი, ჩივიან, რომ ამ “სფეროში” ძალიან ბევრი შარლატანია: “მკითხავებისა და ნათელმხილველების უმრავლესობა, დაახლოებით ოთხმოცდაათი პროცენტი, შარლატანია, – ამბობს ერთ-ერთი სახალხო მკურნალი, – ნამდვილი შესაძლებლობების მქონე ადამიანების რიცხვი ძალიან მცირეა. როგორ უნდა დავიზღვიოთ თავი თაღლითებისგან?

არ მიხვიდეთ იმ მკითხავებთან, რომლებიც კარტის, ყავისა და მსგავსი საშუალებებით ცდილობენ თქვენი ბედის წინასწარმეტყველებას. ეს სრულიად უსარგებლო საქმეა. ყოველთვის არსებობს თქვენი ბედის განვითარების რამდენიმე ვარიანტი. მკითხავი მხოლოდ ერთ გზას გაჩვენებთ და ამით ეს გზა თქვენს რეალობად იქცევა. თუკი გადაწყვეტთ, ექსტრასენსს მიმართოთ, ის ადამიანები აირჩიეთ, ვისაც მიენდობით – ის ექსტრასენსები, რომელთა ნამუშევარიც თქვენს ნაცნობებზე დადებითად აისახა.”


ასევე წაიკითხეთ