სომხეთის ახლადარჩეული პრემიერი პირველი ოფიციალური ვიზიტით თბილისში იმყოფება" />

ნიკოლ ფაშინიანი: საქართველოსა და სომხეთს შორის გადაუწყვეტელი საკითხები არ არსებობს

სომხეთის ახლადარჩეული პრემიერი პირველი ოფიციალური ვიზიტით თბილისში იმყოფება

საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრები. საზეიმო დახვედრის ცერემონიალი მთავრობის ადმინისტრაციაში. 30.05. 2018, თბილისი. REUTERS/დავით მძინარიშვილი

საქართველოში  ორდღიანი ვიზიტით იმყოფება სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია მას შემდეგ, რაც მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, 8 მაისს სომხეთის პრემიერად აირჩიეს. ფაშინიანი თბილისს მეუღლესთან ერთად ეწვია.

თბილისის აეროპორტში სომეხ სტუმარს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე დახვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში  გამართულ საზეიმო მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ორი ქვეყნის ჰიმნი მოისმინეს და პირისპირ შეხვედრა გამართეს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში. 30.05.2018. REUTERS/დავით მძინარიშვილი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში. 30.05.2018. REUTERS/დავით მძინარიშვილი

შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდა განცხადებები ჟურნალისტებისთვის:

ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ “სომხურ-ქართულ ურთიერთობებში გადაუწყვეტელი საკითხები არ არსებობს”.

მან ქართველებს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მიულოცა და ორი ქვეყნის მეგობრობაზე ისაუბრა:

„ჩემთვის დიდი პატივია, პირველი ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფებოდე საქართველოში, ვინაიდან ჩვენი პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მე ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი სომხურ-ქართული ურთიერთობების განვითარების ხელშესაწყობად, როგორც ჟურნალისტი, როგორც დეპუტატი, ახლა როგორც პრემიერ-მინისტრი“, – განაცხდა ფაშინიანმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ის პოზიტიური ურთიერთობები, რაც საქართველოსა და სომხეთს შორის ყოველთვის არსებობდა, კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებშიც აისახება.

„ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი და მოკლევადიანი საერთო ინტერესები. ჩვენ საქართველოში გვაქვს მრავალი ერთობლივი პროექტი. უნდა ვიმუშაოთ ახალი პროექტების განხორციელებაზეც. სომხურ-ქართულ ურთიერთობებში არ არის გადაუწყვეტელი საკითხები, მთავარი ფაქტორი აქ არის განწყობა და სურვილი. ჩვენი დელეგაცია თბილისში ჩამოვიდა ამ მზაობის დასაფიქსირებლად“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერმა და თავისი ქართველი კოლეგა სომხეთში დაპატიჟა:

“იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში გიხილავთ ერევანში, ” – თქვა მან.

ფაშინიანმა, რომელიც წარსულში ჟურნალისტი იყო, მადლობა გადაუხადა ქართველ ჟურნალისტებს “იმ დიდი ინტერესისთვის, რასაც ისინი სომხეთის “ხავერდოვანი რევოლუციის” მიმართ იჩენდნენ”.

გიორგი კვირიკაშვილმა თავის მხრივ მიულოცა ნიკოლ ფაშინიანს მაღალ თანამდებობაზე არჩევა და განაცხადა, რომ ის, რაც ბოლო პერიოდში სომეხმა ერმა გააკეთა, იყო დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება.

საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ორი ქვეყნის ინტენსიური თანამშრომლობისა, არის გამოუყენებელი პოტენციალი ბევრი მიმართულებით.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, განვაახლოთ ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მუშაობა. უახლოეს პერიოდში შედგება სამუშაო ჯგუფებს შეხვედრა და მომზადდება ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა. ასევე, გამოვყავით ძირითადი მიმართულებები, რაზეც ამ კომისიის ფარგლებში უნდა გავამახვილოთ ყურადღება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

მისი თქმით, ორმხრივი თანამშრომლობა უნდა გაღრმავდეს ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, კულტურის, განათლების, ინოვაციების მიმართულებით.

მან თქვა, რომ პირისპირ შეხვედრის დროს, ორმხრივი ურთიერთობების გარდა, ისაუბრეს რეგიონული მნიშვნელობის და საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში თანამშრომლობაზე და “რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მნიშვნელობაზე”.

კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლ ფაშინიანი ეთნიკური სომხებით დასახლებულ საქართველოს რეგიონში – ჯავახეთში ჩავა.

კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს სომეხი ეროვნების მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის აღმშენებლობის საკითხში.

„საქართველოს სომეხი ეროვნების მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის აღმშენებლობის საკითხში, რაც მრავალეროვნული საქართველოს ერთიანობის ნათელი დასტურია. ჩვენი მოსახლეობა, მიუხედავად ეროვნული მიკუთვნებისა, ემსახურება საერთო მიზანსა და ამოცანას – საქართველოს გაძლიერებას და რეგიონული და სამეზობლო ურთიერთობების განვითარებას“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ხვალ დატოვებს. ვიზიტის ფარგლებში ის ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს.

31 მაისს ფაშინიანს ჯავახეთში ელოდებიან.

ნიკოლ ფაშინიანის საქართველოში ვიზიტამდე, სომხური პრესა აქტიურად წერდა, რომ თბილისში სომხეთის პრეზიდენტი აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხს დააყენებდა. თუმცა, პრემიერ-მინისტრებს ამის შესახებ განცხადება არ გაუკეთებიათ.

ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტის დაწყებამდე საქართველოს ვიცე-პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ უთხრა ჟურნალისტებს, რომ სომხურ მხარეს აქამდე არასოდეს დაუყენებია აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხი და “სავარაუდოდ, არც ამჯერად იქნება საუბარი ამ თემაზე”.


ასევე წაიკითხეთ