რუსეთს მისთვის 63 ათასი ევროს კომპენსაციის გადახდა მოუწევს" />

ევროპის სასამართლო აღიარებს, რომ ნავალნი პოლიტიკური ნიშნით იდევნება

რუსეთს მისთვის 63 ათასი ევროს კომპენსაციის გადახდა მოუწევს

ფოტო: იური საფრონოვი/ „ნოვაია გაზეტა“

სტრასბურგში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მიერ „რუსეთის ფედერაციის წინაღმდეგ“ შეტანილ სარჩელზე  გადაწყვეტილება გამოიტანა. როგორც „ნოვაია გაზეტა“ წერს, სასამართლომ ნავალნის დაკავებები და დაპატიმრებები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნია. ბოლოს რუსეთის მიმართ ამგვარი ვერდიქტი თოთხმეტი წლის წინათ, 2004 წელს გამოიტანეს.

საქმეს განიხილავდა ოცი მოსამართლე, იტალიელი გიუდო რაიმონდის მეთაურობით. ნავალნი სხდომაზე ძმასთან – ოლეგთან, და ორ ადვოკატთან ერთად მივიდა.

რას ფიქრობს რუსეთის პოტენციური პრეზიდენტობის კანდიდატი კავკასიის შესახებ

როგორ შექმნა რუსმა ოპოზიციონერმა მედიაიმპერია სოციალურ ქსელებში

რას უნდა ველოდეთ რუსეთის პრეზიდენტ ნავალნისგან?

სასამართლომ დაადგინა, რომ ნავალნის მიმართ დარღვეული იყო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 18-ე მუხლი. ფორმალურად ამ მუხლს ეწოდება „უფლებების შეზღუდვის გამოყენების ზღვარი“, და მასში ბუნდოვნად ნათქვამია იმის შესახებ, რომ „ამჟამინდელი კონვენციით დაშვებული შეზღუდვები ხსენებული უფლებებისა და თავისუფლებების მიმართ, არ უნდა გამოიყენებოდეს სხვა მიზნით, გარდა იმ მიზნებისა, რისთვისაც ისინი იყო გათვალისწინებული. თუმცა, მე-18 მუხლის კონვენციის დანარჩენ მუხლებთან კავშირში (რის მიხედვითაც ევროპულმა სასამართლომ ნავალნის უფლებები ადრე უკვე დარღვეულად აღიარა) სასამართლოს საშუალება მისცა, რომ პოლიტიკური მოტივებით დევნის შესახებ  გამოეტანა დასკვნა.

საქმე ეხება სხვადასხვა საპროტესტო აქციაზე ნავალნის დაკავებებსა და „ადმინისტრაციული სამართალდრღვევებისთვის მის შემდეგომ სასამართლო დევნას“, ასევე ორ ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 და 15 დღით. ჩამოთვლილი შემთხვევები 2012 წლის მარტიდან 2014 წლის თებერვლამდე მოხდა.

დღევანდელ საქმეზე პირველი გადაწყვეტილება სასამართლომ 2017 წლის 2 თებერვალს გამოიტანა. სასამართლომ აღიარა, რომ დაკავების შვიდივე შემთხვევაში კონვენციის ის მუხლები დაირღვა, რომლებიც შეკრების უფლებას, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლებას, ასევე სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას ითვალისწინებს.

მაშინ შვიდმა მოსამართლემ ასევე უარი განაცხადა ნავალნის ადვოკატების მოთხოვნის დაკმაყოფილებასა და ზემოთ მითითებული მუხლების მე-18 მუხლთან შეერთებაზე, იმ  მიზნით, რომ ოპოზიციონერის დევნაში პოლიტიკური მოტივები ეღიარებინათ. გარდა ამისა, სასამართლომ დაადგინა, რომ ნავალნისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად რუსეთის ხაზინიდან გადაეხადათ  50 000 ევრო, გაწეული ხარჯების დასაფარად –12653 ევრო, და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად – 1025 ევრო.

რუსეთის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თავად პოლიტიკოსმა კი მოითხოვა, რომ ხელისუფლებას პოლიტიკური დევნის ფაქტი ეღიარებინა. საბოლოოდ 2017 წლის მაისში საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდ პალატას გადაეცა, 2018 წლის 24 იანვარს სასამართლომ მხარეთა აზრები მოისმინა, ახლა კი გადაწყვეტილება გამოიტანა.


ასევე წაიკითხეთ