აზერბაიჯანისა და საქართველოს შემდეგ თურქი დისიდენტი გიულენის მომხრე მასწავლებლების დევნა მოლდოვაშიც გრძელდება" />

მოლდოვაში თურქული ლიცეუმის დირექტორის მიმართ სისხლის სამართლის დევნა შეწყვიტეს

აზერბაიჯანისა და საქართველოს შემდეგ თურქი დისიდენტი გიულენის მომხრე მასწავლებლების დევნა მოლდოვაშიც გრძელდება

ხელისუფლების მიერ ფეთულჰ გიულენთან კავშირების გამო დაკეტილი გოგონების საერთო საცხოვრებლის დალუქული კარი თურქეთში. REUTERS/Umit Bektas

 Ziarul de Garda-ს მასალების მიხედვით 

მოლდოვაში თურქეთის მოქალაქისა და თურქული ლიცეუმის დირექტორის ტურღაი შენის მიმართ სისხლის სამართლის დევნა შეწყვიტეს. ლიცეუმ „ჰორიზონტს“ დევნილი განმანათლებლისა და მქადაგებლის ფეთულაჰ გიულენის სახელს უკავშირებენ. გიულენი – მთელ მსოფლიოში პრესტიჟული სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების ქსელის დამფუძნებელია. წინათ ის თურქეთის პრეზიდენტის თანამოაზრე იყო, მაგრამ შემდეგ მათი გზები გაიყო და ახლა თურქეთის ხელისუფლება გიულენს ტერორიზმში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობაში ადანაშაულებს. „გიულენიზმთან“ კავშირის გამო, თურქეთის მთავრობამ ბოლო რამდენიმე წელიწადში ათობით ათასი ადამიანი დააპატიმრა.

ვარაუდობენ, რომ შენი სწორედ გიულენიზმში ბრალდების გამო დააკავეს. ოფიციალური განმარტებები იმის თაობაზე, თუ ზუსტად რაში იყო შენი ეჭვმიტანილი, არ შემოსულა. მოლდოვას ორგანიზებული დანაშაულისა და განსაკუთრებულ საქმეთა წინააღმდეგ ბრძოლის პროკურატურამ 11 აპრილს მხოლოდ ის განაცხადა, რომ გამოძიებამ ტურღაი შენის ქმედებებში დანაშაულის ნიშნების შემცველობა ვერ აღმოაჩინა.

შენი შიშობდა, რომ მოლდოვას მისი თურქეთისთვის გადაცემა შეეძლო, ამიტომ გათავისუფლებისთანავე ხელისუფლებას თავშესაფრის მინიჭება მოსთხოვა. მისი თქმით, განცხადება დიდი გაჭირვებით მიიღეს – მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქმეში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის „ადვოკატთა სამართლებრივი ცენტრისა“ და მოლდოვაში დევნილთა საქმეების გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენლები ჩაერივნენ. ამჟამად თურქული სკოლის დირექტორი პასუხს ელოდება.

10-მილიონიანი რემონტი

შენი 31 მარტს საზღვარზე დააკავეს, როდესაც ის ბუქარესტში კონფერენციაზე მიემგზავრებოდა და პროკურატურაში დასაკითხად წაიყვანეს. დაკითხვა 7 საათს გრძელდებოდა, შემდეგ შენი ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს.

თურქული ლიცეუმის დირექტორმა თქვა, რომ დაკავებასთან დაკავშირებით მან ვერანაირი განმარტების მიღება ვერ შეძლო. თუმცა ვარაუდობს, რომ მას, შესაძლოა, ტერორიზმის დაფინანსებაში დასდონ ბრალი. სისხლის სამართლის დევნა „თურქეთის მითითებით“ არის დაწყებული, – თქვა ლიცეუმის დირექტორმა Ziarul de Garda-სთან ინტერვიუში. და დასძინა, რომ თურქეთს, ფინანსური შენატანების წყალობით, მოლდოვას ხელისუფლებაზე გავლენა აქვს. კერძოდ, თურქეთმა ახლახან დააფინანსა მოლდოვას პრეზიდენტის ადმინისტრაციის რემონტი, რაც 10 მილიონ ევროზე მეტი დაჯდა.

ტურღაი შენი – მოლდოვაში დაკავებული პირველი „გიულენისტია“. თურქეთმა მოლდოვაში სასკოლო ქსელი „ჰორიზონტის“ არსებობით უკმაყოფილება პირველად ერთი წლის წინათ, 2017 წლის მაისში გამოხატა. მოლდოვასა და თურქეთის პრემიერების პაველ ფილიპისა და ბინალი ილდირიმის შეხვედრის დროს ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ამ სკოლების ხელმძღვანელობა დაკავშირებულია გიულენთან, რომელსაც თურქეთში ტერორიზმსა და გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ. პაველ ფილიპმა თურქ კოლეგას უპასუხა, რომ ლიცეუმის დასაკეტად მას მტკიცებულებები ესაჭიროება.

 ვინ არის შემდეგი?

შენის დაპატიმრება ევროპის ტერიტორიზე გიულენისტებზე ნადირობის მეორე შემთხვევა აღმოჩნდა (აქამდე თურქეთი ამას,ძირითადად, საქართველოსა და აზერბაიჯანში აკეთებდა). 29 მარტს თურქეთის ექვსი მოქალაქე კოსოვოში  დააპატიმრეს.  ეს მოხდა ქვეყანაში თურქეთის იუსტიციის მინისტრის ბილჯალ უჯარის ვიზიტის შემდეგ, რომელმაც გიულენის თანამოაზრეების ქმედებების გამო შეშფოთება გამოთქვა.

ქსელ „ჰორიზონტში“ ხუთი სკოლა შედის, სამი მათგანი კიშინიოვში მდებარეობს, ერთი სიდიდით მეორე ქალაქ ბელციში, და ერთიც ქალაქ ჩადირ-ლუნგაში, რომელიც მოლდოვას შემადგენლობაში არსებულ ავტონომიაში გაგაუზიაშია. მისი მოსახლეობის უმეტესობას გაგუზიელები შეადგენენ, ხალხი, რომელიც თურქეთთან კულტურულად ახლოს არის.

 


ასევე წაიკითხეთ