ინტერვიუ ნიკოლ ფაშინიანის მეუღლესთან, ანა აკოპიანთან
ხავერდოვან რევოლუციამდე, რომელიც სომხეთში ამ წლის გაზაფხულზე მოხდა, ანა აკოპიანს კოლეგა-ჟურნალისტები უფრო იცნობდნენ. ქვეყნის მაცხოვრებლებმა ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის ცოლი მრავალათასიანი პროტესტების დროს გაიცნეს – ის ყოველთვის მის გვერდით იყო.
ფაშინიანის პრემიერად არჩევის შემდეგ ანა აკოპიანის მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული არც ერთი პოსტი შეუმჩნეველი არ რჩება. მოდის მიმდევრები მის ვარცხნილობასა და ჩაცმის სტილს განიხილავენ. დიასახლისებს ოთხი შვილის დედა ესიმპათიურებათ. ის აქტიურად მუშაობს, ქველმოქმედებას ეწევა.
ამ ყველაფრის შესახებ ანა აკოპიანი JAMnews-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ჰყვება
• ევროკავშირი-სომხეთი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ — რატომ არ მოხდა გარღვევა
• ნიკოლ ფაშინიანის შესახებ:როგორ გახდა ოპოზიციონერი სომხეთის პრემიერი
ქალთა მოძრაობა, რომელიც იმის მიღწევას შეეცდება, რომ ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ჯარისკაცების დაღუპვა შეწყდეს
თავისი ინიციატივის „ქალები მშვიდობისთვის“ შესახებ ანა აკოპიანმა 2018 წლის ივლისში მოსკოვში განაცხადა. მან საკუთარი იდეა ცნობილ რუს ქალებთან შეხვედრის დროს წარმოთქვა და მათ თავის კამპანიასთან შეერთება შესთავაზა.
—რა არის ინიციატივის არსი?
აქ ძალიან კონკრეტული მესიჯია. და ამას მშვიდობის მყოფელობასაც კი ვერ დაარქმევ. არსი ის არის, რომ ვიდრე ყარაბაღის კონფლიქტი გადაუწყვეტელია, სანამ ჯერ ყველა მხარისთვის მისაღები მოგვარების გზები არ გამონახულა, ადამიანური მსხვერპლი თავიდან ავიცილოთ.
ეს კი რთული საკითხია, და ყველას გვესმის, რომ მისი გადაწყვეტა მრავალ წელიწადს შეიძლება გაიწელოს.
მე ეს ლოგიკურად მეჩვენება.
ამ საკითხის სამხედრო გზით, საზღვარზე წელიწადში რამდენიმე ახალგაზრდა ადამიანის მოკვლით გადაწყვეტა რომ იყოს შესაძლებელი, რაიმე შედეგის მიღწევა რომ შეიძლებოდეს – უკვე მიზანთან ახლოს ვიქნებოდით.
—როგორ გაჩნდა ეს იდეა?
ეს პირდაპირ უკავშირდება 2016 წლის აპრილის ომს. იმას, თუ რა გადავიტანე იმ დროს, როდესაც მოვლენების შესახებ როგორც ჟურნალისტი ვყვებოდი. ამან იმდენად ღრმა კვალი დამიტოვა, რომ არ შემეძლო ამ სტატუსით არ მესარგებლა და საჯაროდ არ გამეცხადებინა, რომ ეს აღარ უნდა განმეორდეს.
—რა შედეგებს ელოდებით?
ყველაზე მეტად ჩემი კამპანიით იმის მიღწევა მინდა, რომ არ განმეორდეს ფართომასშტაბიანი ომის მცდელობა, როგორც ეს 2016 წელს მოხდა.
—მხოლოდ სიტყვები თუ კონკრეტული ნაბიჯები?
ჩვენ ხელთ განსაკუთრებული ბერკეტები არ გვაქვს. „ჩვენ“-ში ვგულისხმობ ყველას, ვინც ამ იდეას იზიარებს. ვხვდებით, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებნი სხვაგან იმყოფებიან. და საუკეთესო ფორმატი, რომელმაც შეიძლება იმუშაოს – ეს სწორედ დედებისადმი, ქალებისადმი მოწოდებაა.
დედებზე უკეთ ვის შეუძლია გადაწყვეტილების მიმღებ მამაკაცებზე გავლენის მოხდენა? თუკი ქალები გაერთიანდებიან და განაცხადებენ: ნუ მოკლავთ ჩვენს შვილებს – მნიშვნელობა არ აქვს, რა ეროვნების არიან, თქვენი ძალები მოლაპარაკებების მაგიდასთან მოსინჯეთ.
რატომ იმალებით და რატომ ეძებთ გადაწყვეტილებას ბავშვების სიცოცხლის ფასად?
კონკრეტული ნაბიჯების შესახებაც მაქვს იდეა, თუმცა ჯერჯერობით ამაზე არაფერს ვიტყვი. ჯერჯერობით რაღაც მაკავებს, ჩემს თავში საიმისო ძალას და გამბედაობას ვერ ვპოულობ, რომ ეს განვახორციელო. მაგრამ, რომ ვიმოქმედებ, ეს ერთმნიშვნელოვანია.
—ვინ შეუერთდა ინიციატივას „ქალები მშვიდობისთვის“ ?
ეს იყვნენ ქალები, რომლებიც მოსკოვში ტრეტიაკოვკის გალერეაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ. მოვლენები შემთხვევითობის პრინციპით უფრო განვითარდა. წინასწარ არ ვგეგმავდი, რომ ამის შესახებ ვილაპარაკებდი. უბრალოდ, გადავწყვიტე ამ ინიციატივაზე ლაპარაკი ამ ვიზიტთან შემეთავსებინა, გამეგო, რა რეაქცია იქნებოდა.
ინიციატივას შეუერთდა მწერალი ლიუდმილა ულიცკაია, სახელმწიფო დუმის დეპუტატი სვეტლანა ჟუროვა, პარტია „ქალური დიალოგის“ ლიდერი ელენა სემერიკოვა, საქველმოქმედო ფონდის „მოხალისეები ობოლი ბავშვების დასახმარებლად“ პრეზიდენტი ელენა ალშანსკაია, საზოგადო მოღვაწე ანა ფედერმესერი, ტელერადიოწამყვანი კირა ალტმანი, კინოდოკუმენტალისტი ეკატერინა გორდეევა, პროდუსერი ელინა არზრუმანოვა, ფონდის „ოცნების თხილამურები“ ხელმძღვანელი ანა შილოვა.
ამ შეხვედრას სხვა ქალებიც რომ დასწრებოდნენ – შესაძლოა, მათ ყარაბაღში ვიზიტში მათ ასევე მიეღოთ მონაწილეობა.
ის ქალები, რომლებიც შეუერთდნენ ინიციატივას „ქალები მშვიდობისთვის“, მთიან ყარაბაღში უკვე იყვნენ. იქ მათ უკვე გაახმოვანეს თავიანთი სამშვიდობო მოწოდებები.
ისევ აღვნიშნავ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა თვალსაზრისს იზიარებთ.
ამიტომ განვაცხადე, რომ იმ მოწოდების შემდეგ, რომელიც სომხეთის მხრიდან გაისმა, სასურველია, რომ [ინიციატივასთან შეერთებული ქალების ჯგუფი] აზერბაიჯანში გაემგზავროს; დიპლომატიაში ასე მნიშვნელოვანი პარიტეტის შესანარჩუნებლად, რათა ეს სომხური მხარის პოზიციის ლობირებად არ შეფასდეს.
თუმცა, ამან ჯერჯერობით არ იმუშავა.
აზერბაიჯანის მხარემ სასწრაფოდ თავის ცნობილ მეთოდებს მიმართა და [ინიციატივის მონაწილეები] თავის „შავ სიაში“ შეიყვანა [იმის გამო, რომ ისინი ყარაბაღში ჩავიდნენ]. ასე რომ, კონკრეტულად ამ ქალებს აზერბაიჯანში სამშვიდობო მოწოდებებით გამოსვლის საშუალება უკვე აღარ ექნებათ.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს „შავ სიაში“ შეჰყავს ის ადამიანები, რომლებიც სომხეთის მხრიდან მთიან ყარაბაღში შედიან. მათ, ვინც ამ შავ სიაში ხვდება, აზერბაიჯანში ჩასვლის უფლება აღარ აქვთ.
—მოლაპარაკებების გზით საკითხის გადაწყვეტისას ორივე მხარე კომპრომისზე უნდა წავიდეს. არის თუ არა საზოგადოება ამისთვის მზად?
ახლახან ჩემი მეუღლეც ამაზე ლაპარაკობდა, და მე მის თვალსაზრისს სრულიად ვიზიარებ: ჩვენ ახლა იმაზე არ უნდა ვლაპარაკობდეთ, მზად არის თუ არა ჩვენი საზოგადოება კომპრომისისთვის. რასაკვირველია, არ არის მზად.
და მე მგონია, რომ მზად არ იქნება მანამდე, ვიდრე მეორე მხრიდან არ მივიღებთ მესიჯს იმის შესახებ, რომ ისინიც მზად არიან. ცალმხრივი კომპრომისისთვის საზოგადოება მზად არასდროს იქნება. და გულწრფელად რომ გითხრათ, ამისთვის მათ მომზადებას არც არავინ აპირებს.
ხოლო ორი საზოგადოების ერთდროულად , ერთსა და იმავე ვადაში კომპრომისის ერთნაირი ვარიანტისთვის მომზადება – ძალიან რთული ამოცანაა. ამიტომაც, კონფლიქტის მოგვარების მხრივ განსაკუთრებული ოპტიმიზმი არ არსებობს.
„გაზეთში დაბრუნებას ვისურვებდი“
ანა აკოპიანი და ნიკოლ ფაშინიანი ჟურნალისტები არიან. 2008 წლის მარტიდან ანამ გაზეთ „აიკაკან ჟამანაკის“ („სომხეთის დრო“) მთავრი რედაქტორის თანამდებობაზე თვისი ქმარი შეცვალა. 2008 წლის 1 მარტს ოპოზიციური მოღვაწე, მასობრივი არეულობების ორგანიზების ბრალდების გამო, წელიწადითა და ოთხი თვით იატაკქვეშეთში წავიდა.
2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ფაშინიანი პრეზიდენტობის კანდიდატის ლევონ ტერ-პეტროსიანის ინტერესებს წარმოადგენდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ამ არჩევნებში ექს-პრეზიდენტი დამარცხდა. მაგრამ მის გამარჯვებაში დარწმუნებული მისი მომხრეები ქუჩებში გავიდნენ, და არჩევნების შედეგების გადახედვას ითხოვდნენ. სწორედ ეს მოვლენები შეფასდა მასობრივ არეულობად.
2010 წელს ფაშინიანი პროკურატურაში საკუთარი ნებით გამოცხადდა, ის დააპატიმრეს და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. წლისა და 11 თვის შემდეგ მას შეეხო ამნისტია, რომელიც სომხეთის დამოუკიდებლობის 20 წლისთავს მიეძღვნა.
ის მცირე ხნით გაზეთის რედაქტორობას დაუბრუნდა. 2012 წელს პარლამენტის დეპუტატად აირჩიეს – და გამოცემის ხელმძღვანელი ისევ ანა აკოპიანი გახდა.
• სომხეთის ახალი ლიდერის ხელისუფლებაში ყოფნის100 დღე – ნიკოლ ფაშინიანმა ანგარიში მოედანზე ჩააბარა
• სომხეთის ექს-პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი მის გვერდით აღარ იცხოვრებს, ვინც მას გადადგომა აიძულა
—კმაყოფილი იყო თუ არა ნიკოლ ფაშინიანი გაზეთის მუშაობით, როდესაც საკუთარი უფლებამოსილება თქვენ გადმოგცათ?
ის კმაყოფილი არასდროს არის. ყოველთვის, როდესაც იატაკქვეშეთში ან ციხეში ყოფნის დროს გაზეთის გამოცემას წააწყდებოდა – მისგან წერილები მოგვდიოდა. პირველი სიტყვიდან ბოლომდე ყველაფერი მკაცრად იყო გაკრიტიკებული. და დაახლოებით ისე გამოდიოდა, რომ ჩვენ საერთოდ არ ვიცით ის, რასაც ვაკეთებთ.
– შესაძლებელია თუ არა გაზეთ „აიკაკან ჟამანაკის სტატუსის შეცვლა – ოპოზიციურიდან პროსამთავრობომდე?
პროსამთავრობო სტატუსზე გადასვლა, იმედი მაქვს, არასდროს მოხდება. მაგრამ ამჟამად ყველა ჟურნალისტისთვის უჩვეულო სიტუაციაა.
გასაგებია, როდესაც ჟურნალისტები პრობლემების, ადამიანის უფლებების დარღვევის, ოკუპაციის შესახებ იუწყებიან. მაგრამ, როდესაც თავად ხელისუფლებამ დაიწყო ამ ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლა – ჟურნალისტებს კრიტიკისთვის სწორი სამიზნის მოძებნა, ოპოზიციურ და თავისუფალ მედიად დარჩენა უკვე უჭირთ.
ნიკოლ ფაშინიანისა და ოჯახის შესახებ
—როგორ ვლინდება ნიკოლ ფაშინიანის ხასიათის დადებითი და უარყოფითი თვისებები?
მე მგონი, ის თავისი მოღვაწეობის დროს იმდენად გახსნილი და გულწრფელია, რომ მისი ხასიათი ყველასთვის თვალსაჩინოა. შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ სახლშიც ასეთივეა.
—მეუღლეები სომხური ბრენდების სამოსის ტარებას გააგრძელებენ ?
ჩემთან მუშაობს სხვადასხვა დიზაინერი, რომლებიც საგანგებოდ ჩემთვის ქმნიან ტანსაცმელს. და მე ამ სამოსს დიდი სიამოვნებით ვატარებ. ყველაფერს საჯაროდ მოვყვები – თუ რომელმა დიზაინერმა და დიზაინერულმა სტუდიამ შექმნა ესა თუ ის სამოსი. ასევეა მის შემთხვევაშიც. ძალიან სასიამოვნოა, და დიდი სიამაყით გაცვია ის, რაც შენს ქვეყანაში იწარმოება.
—რა შეიცვალა საზოგადოების მხრიდან თქვენი ოჯახისადმი დამოკიდებულებაში მას შემდეგ, როდესაც ფაშინიანი პოლიტპატიმარი იყო ?
ჩვენდამი ცუდი დამოკიდებულება არასდროს ყოფილა. ვერც ერთ ასეთ შემთხვევას ვერ ვიხსენებ. ყველაზე რთული იყო 2008 წლის შემდგომი რეპრესიის პერიოდი. მაგრამ მე და ჩემი შვილები ამისგან მაქსიმალურად ჩამოშორებულები ვიყავით. და ვერ ვიტყვი, რომ იმ დროს ძალიან ვიტანჯებოდით. თუმცა, მთლიანობაში დამთრგუნველი ატმოსფერო იყო.
ჩემი მეუღლის პრემიერად არჩევის შემდეგ შეიძლებოდა დამოკიდებულება შეცვლილიყო – როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების მიმართ. თუმცა, ასეთი დამოკიდებულების აღკვეთას ყველანაირად ვცდილობ.