“რაციონალიზებული კენჭისყრის“ შედეგად სომხეთში მომავალ არჩევნებზე სხვანაირ პარლამენტს მივიღებთ. პოლიტოლოგის კომენტარი " />

ვინ გახდება დეპუტატი სომხეთში და რატომ მოხდება ასე

“რაციონალიზებული კენჭისყრის“ შედეგად სომხეთში მომავალ არჩევნებზე სხვანაირ პარლამენტს მივიღებთ. პოლიტოლოგის კომენტარი

ფოტო: ლიუსი სარგსიანი

ალექსანდრ ისკანდერიანი, კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი, პოლიტოლოგი

მომავალი პარლამენტი სხვანაირი იქნება – უფრო პლურალისტული და ნაკლებად ოლიგარქიული. ახალი პარლამენტი შეეცდება, უფრო პროფესიონალური გახდეს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს შეძლოს. წინა მოწვევის პარლამენტისგან უფლებამოსილებები გამოარჩევს. ეს იქნება გადაწყვეტილებების მიღების ცენტრი – ადგილი, სადაც ადამიანები შეეცდებიან, კონსენსუსს მიაღწიონ.

2017 წლის 2 აპრილს სომხეთში გაიმართება საპარლამენტო არჩევნები, რომლის შემდეგაც ქვეყანა მმართველობის ნახევრადსაპრეზიდენტო ფორმიდან საპარლამენტო სისტემაზე გადავა

სომხეთის მოქალაქეები ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიღების მთავარ ორგანოს ირჩევენ. ისინი ირჩევენ იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის მართვაში მიიღებენ მონაწილეობას. მანამდე პრეზიდენტის ფიგურა არსებობდა.  ამჟამად კენჭისყრა ნაკლებად პერსონიფიცირებულია. პოლიტიკურ ფიგურებს უფრო ადვილად ირჩევენ, ვიდრე პარტიებს. ყოველ შემთხვევაში, ისეთ სისტემაში, როგორიც ჩვენ გვაქვს – ქვეყანაში, რომელსაც საკმაოდ ახალგაზრდა დემოკრატია აქვს.

პროგნოზები

გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტის ზომა შემცირდა, კონკურენცია ერთიორად გაიზარდა. პრობლემა ის კი არ არის, რომ მანდატების რაოდენობა შემცირდა [მომავალ პარლამენტში ამჟამად არსებული 131-ის ნაცვლად მხოლოდ 105 ადგილი იქნება], არამედ ის, რომ პირველმა პარტიამ ხმების 54% უნდა დააგროვოს. არსებული რელობიდან გამომდინარე, მმართველი რესპუბლიკური პარტია კიდევ უფრო მეტს მიიღებს მიიღებს. ის რაც დარჩება, მეორე პარტიამ უნდა შეავსოს. სავარაუდოდ, ეს იქნება პარტია „აყვავებული სომხეთი“, რომელიც ასევე ხმების სოლიდურ რაოდენობას დააგროვებს. სხვებისთვის კი თითქმის აღარაფერი დარჩება.

ასეთი პირობები თავად ოპოზიციონერებმა შეიქმნეს. ისინი დაჟინებით მოითხოვდნენ პრეზიდენტის მოშორებას, მოგვიანებით კი მაჟორიტარული სიებით კენჭისყრა გააუქმეს. პარტიული სიით კი ერთი ადამიანი ვერ შევა პარლამენტში. პარტიამ ხმების 5% მაინც უნდა დააგროვოს, ბლოკმა კი – 7. ეს კი მძაფრ კონკურენციას ქმნის. ყველასთვის გასაგებია, ვინ იქნება პირველი და ვინ – მეორე. დანარჩენები კი ერთმანეთს ებრძვიან, რადგანაც ხვდებიან, რომ წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ამ არჩევნების დასრულების შემდეგ ბევრი მათგანი თამაშგარე მდგომარეობაში დარჩება.

თამაშის წესები

წარსულში დაფიქსირებული კადენციების შემდეგ საპარლამენტო არჩევნების თამაშის წესების ერთგვარი სისტემა ყალიბდება. ადრე ოპოზიციონერები ამბობდნენ, რომ ყველაფერი არალეგიტიმურია: « პრეზიდენტი არალეგიტიმურია, პარლამენტი არალეგიტიმურია, კონსტიტუცია არალეგიტიმურია, არჩევნები არალეგიტიმურია, ყველაფერი ფალსიფიცირებულია და ამ ყველაფერს ქუჩიდან ვეწინააღმდეგები». ახლა კი ამბობენ: «პრეზიდენტი არალეგიტიმურია, პარლამენტი არალეგიტიმურია, კონსტიტუცია არალეგიტიმურია, არჩევნები არალეგიტიმურია, ყველაფერი ფალსიფიცირებულია, მაგრამ მე კენჭს ვიყრი, გავიმარჯვებ, შევალ პარლამენტში, ვილაპარაკებ იმაზე, თუ როგორი არალეგიტიმურია ყველაფერი და თან ამ კონსენსუსის ერთ-ერთ სეგმენტად გადავიქცევი». ეს პრინციპულად განსხვავებული სიტუაციაა და შეუძლებელია, ამომრჩეველმა ეს გარემოება ვერ შეამჩნიოს.

ამას გარდა, 2008 წლამდე გამართული ყველა არჩევნებისგან განსხვავებით, ხმების უმრავლესობის მოგროვებას არავინ აპირებს. რესპუბლიკური პარტიის გარდა. ყველა ხვდება, რომ უბრალოდ ამის საშუალება არ აქვთ.  ისინი მხოლოდ მთავარი ოპოზიციონერობაზე აცხადებენ პრეტენზიას. ჭეშმარიტ ოპოზიციონერობაზე, ნამდვილ ოპოზიციონერობაზე, პატიოსან ოპოზიციონერობაზე, ინტელიგენტურ ოპოზიციონერობაზე და ა.შ. ანუ ამ ყველაფერს „თამაშის წესების მიღება“ ეწოდება.

მეორე ტური არ ჩატარდება. კლასიკური სიტუაციაა. უბრალოდ ადამიანებს ერიდებათ იმის თქმა, რომ რესპუბლიკელებს მისცემენ ხმას. ამ შემთხვევაში ხმის მიცემის განსხვავებული მოდელი მუშაობს. ზოგიერთ პარტიას საკუთარი მომხრეები, საკუთარი ელექტორატი ჰყავს, რომელიც ზოგიერთი პარტიის შემთხვევაში, განსაკუთრებული მდგრადობით გამოირჩევა. მაგალითად, აღსანიშნავია სომხეთის ეროვნული ფრონტის, დაშნაკცუთიუნის, კომუნისტური პარტიისა და „აყვავებული სომხეთის“ მომხრეთა ჯგუფები. რესპუბლიკელების შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა. არსებობს ჩინოვნიკებისა და ბიზნესმენების გარკვეული რაოდენობა საკუთარი მოსაზრებების საფუძველზე ხმას სომხეთის რესპუბლიკურ პარტიას (სრპ) მისცემს. ამას გარდა,  ადამიანები სრპ-ს  ბოლო მომენტშიც დაუჭერენ მხარს – როდესაც გადაწყვეტენ, რომ უკეთესი ვარიანტი არ არსებობს.

იდეოლოგია ადგილს  არაიდეოლოგიურ თაფლაკვერებს უთმობს

სომხეთში მიმდინარე პროცესების შედეგად იდეოლოგიას მოკლებული ძალები იდეოლოგიურ პოლიტიკურ ძალებს ამარცხებენ. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი არამხოლოდ სომხეთში, არამედ მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს. მძიმე იდეოლოგიური ომები წარსულს ჩაბარდა.  აპათიის მენეჯმენტის პირობებში ადამიანები, როგორც წესი, ხმას არა სიტყვებს, არამედ სოფელში აშენებულ გზას, სახლზე შებმულ კარსა თუ ფანჯარას , ან მისაღებ ხელფასს აძლევენ. უმეტესწილად, ისინი იმ პარტიას ირჩევენენ, რომელსაც მათი სამუშაოს მიმცემი მიეკუთვნება. უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნებზე საცხოვრებელი რაიონიც მოქმედებს.

იდეოლოგია მცირდება და შედეგად დაშნაკციუთიუნისა და სომხეთის ეროვნული კონგრესის მსგავსი პარტიები ამომრჩევლებს კარგავენ, რესპუბლიკელებისა და ცარუკიანის პარტიის[იგულისხმება პარტია „აყვავებული სომხეთი“, რომელსაც მსხვილი ბიზნესმენი, გაგიკ ცარუკიანი ხელმძღვანელობს] ელექტორატი კი პირიქით – იზრდება.

ამავდროულად, ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობონ ოპოზიციურად განწყობილი იდეოლოგიური პარტიები. „ისინი ცუდები არიან, მე კი კარგი ვარ!“ აღარავის სჯერა, რომ სიმართლეა, იმიტომ რომ უკვე 25 წელია, რაც ეს  განცხადება ჟღერს. 2008 წელს ხალხს სჯეროდა. ხალხი მზად იყო გამოსულიყო, ხმა მიეცა და თავი საფრთხეში ჩაეგდო. ახლა კი აღარავის სჯერა. სწორედ ამას გულისხმობს კენჭისყრის რაციონალიზაცია.


ასევე წაიკითხეთ