„თუკი აივ დაავადებულს სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია, ექიმი, როგორც კი მის სტატუსს იგებს, მაშინვე უარს ამბობს ავადმყოფზე“" />

აივ ინფიცირებული ადამიანების დისკრიმინაცია სომხეთში – სწორედ ექიმებისგან

„თუკი აივ დაავადებულს სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია, ექიმი, როგორც კი მის სტატუსს იგებს, მაშინვე უარს ამბობს ავადმყოფზე“

ლაურას ისტორია

„მშობიარობის დღეს ექიმებმა მითხრეს, რომ სახიფათო პაციენტი ვიყავი და ცალკე, ფასიანი პალატა მჭირდებოდა, ასევე, თავად უნდა მეყიდა ყველა საჭირო ნივთი ოპერაციისთვის“, – ჰყვება 29 წლის ლაურა სიმონიანი.

ასეთი რეაქცია ჰქონდათ ექიმებს, როდესაც ლაურამ მათ უთხრა, რომ აივ ინფიცირებული იყო.

„ექიმების აზრით, რაკი აივ დაავადებული ვარ, „გართობის მოყვარული ქალი“ ვიყავი, ისინი უხეშად და შეურაცხმყოფელად მელაპარაკებოდნენ. თავიდან ცალკე პალატის აღება და დღეში 10 ათასი დრამის (დაახლოებით, 20 დოლარი) გადახდა შემომთავაზეს, თუკი მინდოდა, რომ ვინმეს ყურადღება მოექცია. შემდეგ მაცნობეს, რომ 50 ათასი დრამი (დაახლოებით 100 დოლარი) უნდა გადამეხადა ხელთათმანებისთვის, ხალათისთვის, ქსოვილისა და ოპერაციისთვის საჭირო თეთრეულისთვის.

ვუთხარი, რომ ასეთი ფული არ მქონდა, ერევანში მშობიარობისთვის ექიმის მიმართვით ჩამოვედი და არ შემეძლო თანხის გადახდა. ისინი კი მეკითხებოდნენ, როგორ ვაპირებდი ბავშვის აღზრდას, თუკი გადახდისუუნარო ვიყავი“, – ჰყვება ლაურა.

ფოტორეპორტაჟი სომხური კაფედან, სადაც შშმ ადამიანები მუშაობენ

დედა მოითხოვს ხუთი წლის შვილის დაბრუნებას, რომელიც მას სამშობიაროდან გამოწერისას წაართვეს

იმის შესახებ, რომ აივ ინფიცირებული იყო, ლაურამ ხუთი წლის წინ გაიგო. მას ქმრისგან გადაედო დაავადება. ჰყვება, რომ ორი წლის წინ გადაწყვიტეს ბავშვის გაჩენა, თუმცა, მღელვარება და განცდები, რომელიც შვილის დაბადებას უკავშირდება, დისკრიმინაციასა და შეურაცხყოფას შეეჯახა.

„ოპერაციის მეორე დღეს გაუსაძლისი ტკივილი მქონდა, მაგრამ ჩემთან არავინ მოდიოდა – არც მკურნალი ექიმი, არც მედდა. დედაჩემი მოვიდა მოსანახულებლად, საავადმყოფოში დიდი ხმაური ატეხა და მხოლოდ ამის შემდეგ შემოვიდნენ ექიმები ჩემს პალატაში. ისინი იმდენად უტაქტოები იყვნენ, იმის ნაცვლად, რომ თავიანთი საქმე ეკეთებინათ, მისვამდნენ კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორ გავხდი აივ ინფიცირებული და როდის გავიგე ამის შესახებ. საავადმყოფოდან გაწერის დღეს კი მირჩიეს, რომ მეტი შვილი აღარ გამეჩინა“, – იხსენებს ლაურა.

2018 წელს, სომხეთში ჩაატარეს „კვლევა აივ/შიდსით ინფიცირებული ადამიანების, ლგბტ თემის წარმომადგენლებისა და ნარკოდამოკიდებულების მიმართ დისკრიმინაციის გამოვლენის შესასწავლად“. მისი დასკვნა ასეთია: სამედიცინო დაწესებულებებში ყველაზე დიდ დისკრიმინაციას განიცდიან აივ/შიდსით ინფიცირებული ადამიანები.

გამოკითხვა ჩაუტარდა 74 აივ ინფიცირებულ ადამიანს. მათმა 76,2 პროცენტმა განაცხადა, რომ პოლიკლინიკებსა და საავადმყოფოებში დისკრიმინაცია განიცადეს და არ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება.

1988 წლიდან 2019 წლის 28 თებერვლამდე სომხეთში აივ ინფიცირების 3 409 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 429 – 2018 წელს.

დაავადებულთა შორის მამაკაცები წარმოადგენენ უმრავლესობას (2365 ადამიანი, 69 პროცენტი).

აივ ინფიცირების ძირითადი წყარო სომხეთში ჰეტეროსექსუალური კავშირებია (70 პროცენტი). ქალთა შორის ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია – 97 პროცენტი.

ორგანიზაციის, „რეალური სამყარო, რეალური ადამიანები“, ხელმძღვანელი, ჟენია მაილიანი ამბობს, რომ სომხეთში აივ დაავადება შესაძლოა გახდეს იმის საფუძველი, რომ ადამიანმა სამედიცინო დახმარება ვერ მიიღოს:

„თუკი აივ დაავადებულ ადამიანს სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია, ექიმი, როგორც კი მის სტატუსს იგებს, მაშინვე უარს ამბობს ავადმყოფზე. შესაძლოა, ავადმყოფს უთხრან, რომ ჯერჯერობით ოპერაცია არ ესაჭიროება, რადგან შეიძლება კიდევ უფრო ცუდად გახდეს. ხდება პირიქითაც, ფულს სძალავენ, ეუბნებიან, რომ ინსტრუმენტების გადაყრა და ახლის ყიდვა მოუწევთ, რის გამოც დამატებითი თანხები უნდა გადაიხადონ“.

არტიომის ისტორია

32 წლის არტიომ მარგარიანმა, რომელსაც ვენების გაფართოება აქვს, ორი წლის განმავლობაში ოთხ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა ოპერაციისთვის, მაგრამ ყველგან უარი უთხრეს.

„გამოკვლევის დასრულებისთანავე მეუბნებოდნენ – ოპერაცია გჭირდება, ჩვენ გაგიკეთებთ. მაგრამ როგორც კი აივ ინფექციის შესახებ ვატყობინებდი, მეუბნებოდნენ: მოიცადე, ხელმძღვანელობას ვკითხავთ, შეგვიძლია ამ ოპერაციის ჩატარება თუ არა. ანდაც მეუბნებოდნენ: მოიცადე, სანამ ჭრილობა შეხორცდება, ასეთ სიტუაციაში ოპერაცია აუცილებელი არ არის, შესაძლოა, მდგომარეობა გართულდეს და მოჰქონდათ სხვადასხვა დასკვნა, რათა ოპერაციაზე უარი ეთქვათ“, – ჰყვება არტიომი.

მისი ცოლი, სიუზი აბგარიანი ამბობს, რომ ორი წლის განმავლობაში, სანამ სხვადასხვა ექიმისგან უარს იღებდნენ, არტიომის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა:

„ფეხებზე მუდმივად უჩნდებოდა ღია ჭრილობები, სამედიცინო წინდებს ატარებდა ვენების დასაჭერად. უკვე ჭკუიდან გადავდიოდი, ვფიქრობდი – მორჩა, ჩემი ქმარი ვეღარასოდეს გამოჯანმრთელდება, ოპერაცია არ იქნება, ასეთ მდგომარეობაში მოუწევს ცხოვრება, რამდენსაც მოახერხებს. და მანაც ასევე დაკარგა იმედი, უკვე აღარავისთვის აღარ უნდოდა მიმართვა“.

სიუზი ჰყვება, რომ უკვე მეხუთე სამედიცინო დაწესებულებაში, მათდა გასაკვირად, ექიმი ოპერაციის ჩატარებაზე დათანხმდა.

აივ/შიდსით ინფიცირებული ადამიანის მიერ სამედიცინო დახმარების მიღების უფლება გამაგრებულია კონსტიტუციით,

ასევე სომხური კანონებით

• „სამედიცინო დახმარებისა და მოსახლეობის მომსახურების შესახებ“

• „ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ“

ამასთან, უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ცალკე კანონი დისკრიმინაციის ასაკრძალად, რომელშიც დაფიქსირებული იქნება დისკრიმინაციის სახეები და გაწერილი იქნება მისი აღსაკვეთი კონკრეტული მექანიზმები.

დისკრიმინაციის მიზეზები და მასთან ბრძოლა

უფლებადამცველების შეფასებით, დისკრიმინაციის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს:

• ინფორმაციის ნაკლებობა,

• შიში,

• სასჯელისა და პასუხისმგებლობის ნაკლებობა.

შიდსის პრევენციის რესპუბლიკური ცენტრის განყოფილების უფროსი ჟანეტა პეტროსიანი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ექიმებისთვის სპეციალური კურსის ჩატარებას. ფიქრობს, რომ ეს დაეხმარებათ პაციენტების დისკრიმინაციის შემთხვევების თავიდან აცილებაში.

2010 წლიდან 1500-მა სამედიცინო მუშაკმა გაიარა „აივ ინფექციის“ კურსი. 2017 წელს კურსის ონლაინვერსია მომზადდა.

„ამ კურსებზე მიეწოდებოდათ ინფორმაცია აივ ინფექციის პოსტკონტაქტური პროფილაქტიკის შესახებ. აივ დაავადების გადადების რისკის, მაგალითად, თუკი ექიმმა რამე გაიჭრა ოპერაციის დროს ან პაციენტის სისხლი მოხვდა თვალში, 72 საათის განმავლობაში ექიმს უფასოდ მიეწოდება ანტირეტროვირუსული პრეპარატები. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში შიდსის პროფილაქტიკის ცენტრში პოსტკონტაქტური პროფილაქტიკა გაიარა 85-მა სამედიცინო მოსამსახურემ, შედეგად, არცერთი მათგანი არ დაავადებულა აივ ინფექციით“, – ამბობს ჟანეტა პეტროსიანი.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „დისკრიმინაციის წინააღმდეგ და თანასწორობისთვის ბრძოლის კოალიციის“ ხელმძღვანელი, ოგანეს მადოიანი მნიშვნელოვნად მიიჩნევს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას – სხვა ქვეყნების მაგალითზე. მისი თქმით, სადაც ნამდვილად ეფექტურია აივ ინფიცირებული ადამიანების დაცვის სასამართლო და არასასამართლო მეთოდები, დისკრიმინაცია ფაქტობრივად არ შეინიშნება. ასეთ ქვეყნებს შორის არის – აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი.

„ამ ქვეყნებში სამედიცინო დაწესებულებებში ეშინიათ, არ დაარღვიონ პაციენტის სამედიცინო დახმარების მიღების უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ეს ძვირად დაუჯდებათ. აქ დიდ როლს ასრულებს ექიმის დასჯის მეთოდები და შესაძლებლობები, ანდაც პაციენტის დისკრიმინაციის სანაცვლოდ მორალური კომპენსაცია. სომხეთსა და დსთ-ის სხვა ქვეყნებში ეს ყველაფერი არ არსებობს“, – ამბობს მადოიანი.

დაცვა – კანონით

იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა კანონი „უფლებრივი თანასწორობის შესახებ“. 2018 წელს ის წარმოადგინეს ვებგვერდ e-draft.am-ზე იმისათვის, რათა საკითხით დაინტერესებულ სომხეთის მცხოვრებლებს შეძლებოდათ მის განხილვაში ჩართვა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ვიგენ ქოჩარიანი ამბობს, რომ კანონპროექტის შემუშავებისას გაითვალისწინეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინადადებებიც.

„სომხეთის კონსტიტუცია დისკრიმინაციის აკრძალვას ითვალისწინებს, თუმცა, პრაქტიკაში ეს მექანიზმები არ არსებობს, ისინი არ ფუნქციონირებს. ხელისუფლების პროგრამის თანახმად, მოქალაქეთა უფლებრივი თანასწორობისათვის აუცილებელია გავითვალისწინოთ და შევიმუშაოთ შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები“.

მინისტრის მოადგილის თქმით, მოქალაქის უფლების დარღვევის შემთხვევაში, კანონპროექტი ითვალისწინებს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, მათ შორის, მორალურის:

„ამ მიზნის მისაღწევად გათვალისწინებულია შესაბამისი მექანიზმები. პირველი – სასამართლოს გზით. და სასამართლო პროცესის დროს უნდა არსებობდეს მტკიცებულებათა ტვირთის სამართლიანი განაწილება – ანუ, ვინ რა უნდა დაამტკიცოს. ეს ნიშნავს, რომ მოსარჩელემ ან მსხვერპლმა უნდა წარადგინოს დისკრიმინაციის ფაქტის აშკარა მტკიცებულება, მოპასუხემ კი, ამ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებამ, უნდა დაამტკიცოს, რომ კონკრეტული მოქალაქის მიმართ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია“.

ვიგენ ქოჩარიანი ამბობს, რომ კანონპროექტი ზოგიერთ არასასამართლო მექანიზმსაც ითვალისწინებს:

„ომბუდსმენმა უნდა შეასრულოს სახელმწიფო ორგანოს ფუნქცია, რომელიც მოქალაქეთა უფლებების თანასწორობას უზრუნველყოფს. და მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი შესაძლებლობები, მოქალაქეთა განცხადების საფუძველზე ჩაერიოს სადავო სიტუაციაში და მოძებნოს გადაწყვეტილებების მიღების გზები“.

ეს საკანონმდებლო რეგულაციები, მინისტრის მოადგილის აზრით, გაამარტივებს ბრძოლას დისკრიმინაციის გამოვლენის წინააღმდეგ და დაზარალებულთა უფლების დაცვას.

მალე კანონპროექტს განიხილავს ხელისუფლება და ეროვნული კრება.


ასევე წაიკითხეთ