სასულიერო პირებმა თბილისის ქუჩები აკურთხეს
მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებმა თბილისის ქუჩები აკურთხეს. ისინი სამების საკათედრო ტაძრიდან ჯერ რესპუბლიკის მოედნისკენ, შემდეგ კი ქალაქის სხვადასხვა ქუჩებისკენ გაემართნენ.
„პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სამღვდელოება შევიკრიბეთ, რომ მთელი ქალაქი ეკურთხოს. ვხედავთ, როგორ მძიმე მდგომარეობაშია ქვეყანა და მთელი მსოფლიო, ეს სენი როგორ ვრცელდება მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, ეკლესიამ გადაწყვიტა, რომ ლოცვა ჩაატაროს. ჩვენ შევთხოვთ მაღალ ღმერთს, რომ დაიფაროს და დაიცვას ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.
კორონავირუსი და საქართველოს საპატრიარქო
15 თებერვალს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას კორონავირუსის შესახებ განაცხადა, რომ არ არის შემთხვევითი, რომ სენი, რომელიც მთელს მსოფლიოს მოედო, საქართველოში არ არის.
“საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლის. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ინება საქართველო ყოფილიყო წილხვედრი. ეს ღვთის განგებაა, შემთხვევითი არ არის, რომ ის სენი, რომელიც მოედო მთელს მსოფლიოს, საქართველოში არ არის. მადლობა და დიდება უფალს”, – აღნიშნა კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ.
26 თებერვალს საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა.
• როგორია კორონავირუსის ფაქტები და რიცხვები კავკასიის რეგიონში. განახლებადი
• 18 მარტიდან საქართველოს საზღვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის იკეტება
• საქართველოს მთავრობა აქვეყნებს კონკრეტულ გეგმას ეკონომიკის გადასარჩენად. რა წერია გეგმაში
მიუხედავად ამისა, საქართველოს საპატრიარქომ უარი თქვა ეკლესიაში წირვა-ლოცვის ჩატარებასა და ზიარების წესის შეცვლაზე.
საპატრიარქოს მიერ 29 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საუკუნეების მანძილზე, როცა მსოფლიოში სხვადასხვა ინფექცია ვრცელდებოდა, მორწმუნეები საერთო კოვზით ზიარებას არ უშინდებოდნენ და შესაბამისად, ეკლესია ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს.
“ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენების პრაქტიკა ათასწლოვან ისტორიას ითვლის. ამ ხნის მანძილზე არაერთხელ ჰქონდა ადგილი სხვადასხვა სახის სიცოცხლისათვის საშიში ინფექციის გავრცელებას. ასეთ პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს, რადგან, როგორც ყველამ ვიცით, წმინდა ზიარებისას ადამიანი იღებს ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს, – განმწმენდელსა და მაკურნებელს სულისა და ხორცისა,” – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა კი განაცხადა, რომ ღვინო, რომელსაც ზიარებისთვის იყენებენ, ანტისეპტიკია და მრევლს მოუწოდა, რომ კორონავირუსისგან დაცვის მიზნით, დილა-საღამოს სახლში ნაკურთხი წყალი ასხურონ.
1 მარტს, საკვირაო ქადაგების დროს კათალიკოს პატრიარქმა ილიამ კი თავის “ხილვაზე” ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, იყო ნიშანი, რომ ადამიანი ჯვრის ძალით გაიმარჯვებს ამ სენზე. ილია მეორეს ხილვის მიხედვით, ცხენზე მჯდომმა ადამიანმა გადაუფრინა ჰაერში, მერე მივიდა ბავშვი, დანერწყვა მიწა, აზილა თითით და წაისვა შუბლზე.
• კორონავირუსი: გამოცხადდა პანდემია. რას ნიშნავს ეს და რას უნდა ველოდოთ
მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა, საპატრიარქომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ეკლესიებში დეზინფექციის ჩატარების თხოვნით მიმართა.
სადეზინფექციო ხსნარი საპატრიარქოს საჩუქრად ერთ-ერთმა ბიზნესმენმა გადასცა და 11 მარტს ეკლესიების დეზინფექცია დაიწყო.
როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმ, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემა აღნიშნა, დეზინფექციის პროცესში გაიწმინდა იატაკები, სკამები და კარის სახელურები. “რაც შეეხება ხატებსა და სხვა სიწმინდეებს, მათ ისედაც ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე ასუფთავებენ სპირტნარევი ვარდის წყლით”, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დეზინფექცია ჩატარდა სამების საკათედრო ტაძარშიც.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს COVID-19-ის ინფექცია პანდემიად გამოაცხადა.
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის ლაბორატორიულად დადასტურებისთანავე საჯარო თავშეყრის ადგილებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. გარდა ამისა, სწავლა შეწყდა სკოლამდელ, საშუალო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
ეპიდემიოლოგები და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი თვითიზოლაციის, ხელების ხშირი დაბანის და მხოლოდ საკუთარი ჭურჭლის გამოყენების ინსტრუქციებს გასცემს.
მიუხედავად ამისა, საქართველოს საპატრიარქომ მტკიცედ განაცხადა, რომ ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს და მრევლი, ათობით ადამიანი კვლავ ერთი კოვზით ეზიარება.
“რა თქმა უნდა, ღვთისმსახურება ტაძრებში აღევლინება ჩვეული წესით, თუმცა დასაშვებად მივიჩნევთ, რომ ზიარების შემდგომ სასმელის (“სიტკბოების”) მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით”, – წერია საპატრიაქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საპატრიარქო უარს ამბობს ღვთისმსახურების დროებით შეჩერებაზეც.
კვირას, 15 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში ისევ აღევლინა საკვირაო წირვა, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო. თუმცა, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა 87 წლის კათალიკოს-პატრიარქის მაგივრად მისმა მოსაყდრემ, მეუფე შიომ აღავლინა. რატომ არ იყო წირვაზე პატრიარქი, მრევლისთვის ეს არავის განუმარტავს.
პატრიარქის ბრძანებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, გარკვეული ზომები საპატრიარქომაც მიიღო:
“ეკლესიამაც გადაწყვიტა რომ გარკვეული სახის ზომები მივიღოთ, რაც გამოიხატება ლოცვაში. 12:00 საათზე უნდა დაირეკოს ზარები ყველა ტაძარში. ითქვას საერთო ლოცვით “მამაო ჩვენო” , “ღვთისმშობელო ქალწულო” და “მოწყალებისა კარი განგვიღე”. იგივე ლოცვები ყოველდღიურად უნდა იქნეს წაკითხული სამგზის. ასევე ყოველდღიურად უნდა იყოს წაკითხული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი, რომელიც იწყება ღვთისმშობლის კონდაკით – -“ზესთამბრძოლისა ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველისა”. ეს დაუჯდომელი უნდა იქნეს წაკითხული ყოველდღე თითოეული ჩვენგანის მიერ თავის კანონთან ერთად. ყოველი წირვის შემდეგ მოხდება ნაკურთხი წყლის სხურება ტაძრის გარშემო და მიმდებარე ქუჩებზე,” – წერია ბრძანებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ღიად აცხადებს, რომ მთავრობა ეკლესიის საქმიანობაში ჩარევას არ აპირებს. “ჩვენ გარკვეულ რეკომენდაციებს გავცემთ და ამას გავაგრძელებთ. თუმცა, იმ ეტაპზე ჯერ არ მივსულვართ, როდესაც ამ სფეროში ჩვენ შეგვიძლია გარკვეული აკრძალვის ინსტრუმენტებით ჩავერიოთ“, – ამბობს გახარია.
NDI -ის მიერ გამოქვეყნებული ბოლო სოციოლოგიური კვლევის თანახმად, რომელიც 2020 წლის 16 იანვარს გამოქვეყნდა, საქართველოს პატრიარქს სრულად ენდობა გამოკითხულთა 66,3%, ეკლესიის რეიტინგი კი 50 პროცენტია.
საქართველოში ჩატარებული ბოლო საყოველთაო აღწერის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 83% მართლმადიდებელია.
კორონავირუსის გავრცელების რისკის თავიდან ასარიდებლად ზიარების წესი შეცვალეს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ „ნეტგაზეთთან “ საუბარში აღნიშნა, რომ ზიარების წესი, სადაც ყველა სვამდა ერთი და იმავე თასიდან, “ვირუსის გავრცელების საფრთხეების გამო სრულიად მიუღებელი იყო.“
ზიარების წესი შეცვალა საქართველოს კათოლიკურმა ეკლესიამაც.
17 მარტის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 34 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1008 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 64.
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ის საავდმყოფოდან გუშინ, 16 მარტს გაწერეს.