კავკასიაში შემორჩენილი საბჭოთა სიმბოლიკა. ფოტოისტორიები და ვიდეომოთხრობები" />

ტანკი, ვერტმფრენი, ზაპოროჟეცი და გერბი

კავკასიაში შემორჩენილი საბჭოთა სიმბოლიკა. ფოტოისტორიები და ვიდეომოთხრობები

1991 წლის 8 დეკემბერს საბჭოთა კავშირის დამაარსებელი სახელმწიფოების – რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს ბელოვეჟის შეთანხმებას, რომელიც იმის შესახებ იუწყებოდა, რომ საბჭოთა კავშირი აღარ არსებობდა. ამიერკავკასიის რესპუბლიკებმა, როგორც იმ დროს მათ უწოდებდნენ, თავიანთი სუვერენიტეტის თაობაზე უფრო ადრე განაცხადეს: საქართველომ 1990 წლის 26 მაისს, მის შემდეგ სომხეთმა 1990 წლის 24 აგვისტოს, შემდეგ კი აზერბაიჯანმა – 1991 წლის 18 ოქტომბერს.

შემდეგ იყო ომები, შიმშილობა, უშუქობა, უწყლობა, არც  სითბო იყო და ხშირად არც – საჭმელი. მაგრამ ახლა ამ ამბავს არ ვყვებით. საბჭოთა კავშირში ცხოვრების 70 წლის განმავლობაში კავკასიაში აშენდა და შეიცვალა ქალაქები, გაიზარდა რამდენიმე თაობა. სოციალურ ქსელებში გამართულ დისკუსიაში – დარჩა თუ არა შორეულ წარსულში საბჭოთა კავშირი – ისეთი ახალგაზრდა ადამიანებიც ერთვებიან, რომლებიც მისი დაშლის შემდეგ არიან დაბადებულები.  

და ჩვენც გადავწყვიტეთ, აღგვენიშნა  რეგიონისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ეს თარიღი. და ეს ორნაირად გავაკეთეთ.

ერთი ის, რომ ფოტოებზე აღვბეჭდეთ რეგიონში შემორჩენილი იმ ეპოქის ნაკვალევი, და ვყვებით, თუ რას უკავშირდება ეს ყველაფერი.

და მეორე, რეგიონის სხვადასხვა მხარეში ჩავატარეთ ბლიც-გამოკითხვა, რომლის დროსაც გამვლელებს ვეკითხებოდით  –  რა იყო, მათი აზრით, საბჭოთა კავშირში კარგი, და რა – ცუდი. როგორც ყოველთვის – JAMnews ის მიმოხილვებში, სამხრეთი კავკასიის ქალაქების რიგითობა მკაცრად მიჰყვება ალფავიტს, და მათი დასახელებები ისეა მოცემული, როგორც მათ ადგილობრივი მოსახლეობა უწოდებს, რაც არანაირად არ უკავშირდება ამ საკითხებზე JAMnews-ის აზრსა და შეფასებებს.

ბ ა ქ ო

“ზაპოროჟეცი“

1

ეს “ზაპოროჟეცი” – რაღაც სამუზეუმო ექსპონატის მაგვარია იჩერი შეხერში, ბაქოს “ძველ ქალაქში”. მის გარშემო ასფალტი თეთრი საღებავითაც კი არის შემოხაზული, იმის აღსანიშნავად, რომ ეს მისი კანონიერი ადგილია. 

ძველი “ზაპოროჟეცები” იმდენად ცოტა დარჩა, რომ ისინი თანდათან სარტრანსპორტო საშუალებიდან რარიტეტად იქცა. ეს არის ერთკარიანი საბჭოთა მანქანა, რომელსაც 1994 წლიდან აღარ უშვებენ. 

ათი წლის წინათ ბაქოს “მანქანების ბაზრობაზე” “ზაპოროჟეცის” ყიდვა დაახლოებით ას დოლარად იყო შესაძლებელი.

ლენინი

2

ლენინის ეს ბიუსტი, როგორც დაბა მაშტაგის მკვიდრებმა აგვიხსნეს, ვინმე დილვარის ეკუთვნოდა, რომელიც დიდი ხნის წინათ სხვაგან გადავიდა. გამგზავრების წინ მან ლენინის ბიუსტი თავის ნაკვეთიდან გამოიტანა და მეზობლებს უთხრა: ამის წასაღებად მერე დავბრუნდებიო. მას შემდეგ ათი წელი გავიდა, ლენინი მშვენივრადაა შენახული. აი, დილვარი კი არა და არ ჩანს.

პიროვნების კულტი აზერბაიჯანში სტანდარტული იყო. იგივე სახელმძღვანელოები, სადაც ვალოდია ულიანოვის სანქებო სწავლაზე იყო მონათხრობი. “ის კრისტალუტად წესიერი ადამინი იყო”, – გვიხსნიდა 1987 წელს ჩვენი პირველი მასწავლებელი. 

ათი წლის შემდეგ კი ისტორიის გაკვეთილზე სულ სხვა რამ გვიამბეს – თუ როგორ უბრძანა ლენინმა მე-11 არმიას ბაქოს გადაწვა, თუკი ქალაქის აღებას ვერ მოახერხებდნენ. მაშინ ბაქოელებს  დიდი ჯაფა დაადგათ, ვიდრე, რასაც კი შეიძლებოდა, ყველაფერს სახელს შეუცვლიდნენ და ბრინჯაოს მონუმენტებს მოხსნიდნენ.

საბჭოთა “საფირმო” ხაზი

3

იოსიფ ბროდსკიმ თავის ესეში – “ერთიანზე ნაკლები” – მთელი გვერდი დაუთმო კედლების შეღებვის საბჭოთა მეთოდს:

 “ეს ორნამენტი ყველგან გხვდებოდა და ჭკუიდან გადაჰყავდი; რამდენჯერ დამიჭერია თავი,  რომ წვრილ ზოლს ვიყავი მიშტერებული, რომელსაც  ხან ზღვის ჰორიზონტის კიდედ აღვიქვამდი და ხანაც – წმინდა არარას განსხეულებად”.    

ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში კედლებს ასე ღებავდნენ – ზეთის მოცისფრო-მონაცრისფრო  საღებავი იატაკიდან თვალის სიმაღლის  ყავისფერ ზოლამდე, დანარჩენი კი შეთეთრებული.

 ბაქოში ამ “ნიშანდობლივი” ზოლის პოვნა რთული აღმოჩნდა. ყველაფერი უკვე რამდენჯერმე გარემონტდა, დ აბა, ვის მოუვიდოდა თავში ასეთი უცნაური დიზაინი შეენარჩუნებინა? არადა, ის მშვენივრად გამოხატავს საბჭოეთის მემკვიდრეობის მთელ არსს – განურჩევლად ყველაფრის უმოწყალო სტანდარტიზაცია და პათოსურ-იმპერიული ესთეტიკა.  

ფოტო გადაღებულია ბაქოს საბუჩინის რაიონში, ყოფილ ბავშვთა პოლიკლინიკაში. 

ე რ ე ვ ა ნ ი

საბჭოთა გერბი სადგურში

4

ფოტო: გევორქ ყაზარიანი

ერევნის რკინიგზის სადგური, რომლის წინ დავიდ სასუნის ქანდაკება დგას, 1956 წელს გაიხსნა – ოღონდ ახლანდელი ცნობილი “შვერილის” გარეშე. მართალია, პროექტში ეს დეკორატიული კოშკი ადრეც იგულისხმებოდა, მაგრამ მაშინ გადაწყვიტეს, რომ ეს მხოლოდ ზედმეტი ხარჯი იყო და სხვა არაფერი. 55- მეტრიანი კოშკი მხოლოდ წლების შემდეგ დაემატა, მის წვერს კი დღემდე სსრკ-ს გერბი ამშვენებს.

კიდევ საბჭოთა გერბი

5

ფოტო: გევორქ ყაზარიანი

ყოფილ ლენინის მოედანზე, რომელსაც ახლა რესპუბლიკის მოედანი ჰქვია, შენარჩუნებულია საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ძირითადი სიმბოლო – ვარდისფერ ტუფის ქვაზე ამოტვიფრული სომხეთის საბჭოთა სოცილისტური რესპუბლიკის გერბი. ის სომხეთის სამთავრობო შენობის ერთ-ერთი შესასვლელის თავზეა, ზედ კურანტების ქვეშ. ტუფის ქვაზე წარწერებიც არის შემორჩენილი: “სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რეპუბლიკა”, ასევე საბჭოთა კავშირის მთავარი და ყველაზე ცნობილი ლოზუნგი – “პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით!”

კიდევ ლენინი

6

ფოტო: გევორქ ყაზარიანი

ლენინის უთავო სტატუა სომხეთის ეროვნული გალერეის უკანა ეზოში დგას. მოტეხილი თავი გალერეის შენობში ინახება, თუმცა – არა როგორც ექსპონატი. სტატუა 1940 წელს რესპუბლიკის მოედანზე დადგეს, ხოლო 1993 წლის 13 აპრილს ჩამოხსნეს. კვარცხლბეკი კი, რომელზეც ლენინი იდგა, მოედნიდან მხოლოდ 1996 წელს აიღეს.  

ს ო ხ უ მ ი

 

ვიდეო: ანაიდ გოგორიანი 

თ ბ ი ლ ი ს ი

მოზაიკა

7

ფოტო: იანა კორბეზაშვილი

ეს მოზაიკა ცხვარიჭამიას ავტობუსის გაჩერებაზეა, სოფელი თბილისიდან ერთი საათის სავალზეა. ეს ადგილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო როგორც საზაფხულო აგარაკი. საბჭოთა სკოლის მოსწავლეები კი აქაურ პიონერთა ბანაკებში მთელ ზაფხულს ატარებდნენ. ტყე, მთები და უამრავი სუფთა ჰაერი. იმ ეპოქის ადამიანები სოციალურ ქსელებში ხშირად იხსენებენ  გემრიელ კოქტეილებს, დილის გამამხნევებელ ვარჯიშსა და პირველ სიყვარულს.  ამ საკმაოდ  არახალხმრავალ ავტობუსის გაჩერებაზე უქმე დღეებში დილიდან თავს იყრიდნენ ბავშვები – მათ მოსანახულებლად ჩასული მშობლების დასახვედრად.

საბჭოთა ტანკი

8

ფოტო: იანა კორბეზაშვილი

ეს 22 წლის გოგონა თათია მურაჩაშვილია, რომელიც  საქართველოში ალბათ სტალინის ყველაზე ნორჩი  თაყვანისმცემელია.  საბჭოთა ტანკზე სტალინის გამოსახულებიან მაისურაში გამოწყობილი პოზირებს. თათია – დიდი ბელადის თავგადაკლული თაყვანისმცემლის შვილიშვილია. ტანკი თბილისში, “კუკიას” სასაფლაოზე დგას, და არავინ იცის, იქ როგორ მოხვდა.

და ისევ ლენინი. უფრო სწორად, ლენინები

9

ფოტო: იანა კორბეზაშვილი

თბილისის გარეუბანში არის უზარმაზარი საყოფაცხოვრებო ბაზრობა – ლილო. საბჭოთა დროს კი აქ რამდენიმე ქარხანა და ცეხი იყო. ერთ-ერთში ბელადების, რიგითი საბჭოთა მშრომელების და შრომის გმირების ქანდაკებებისთვის დეტალებს ასხამდნენ. დღეს ეს ცეხი ისევ არსებობს, თუმცა მიტოვებულია და მტვრით არის სავსე.  იქვე ახლომახლოს ნაგავსაყრელზე ლენინები და სტალინებია დაყრილი.

ვიდეო: ხატია გოგოხია

ც ხ ი ნ ვ ა ლ ი

ებრაული მაღაზია

10

ფოტო: ირინა იანოვსკაია

მაღაზია № 22, აბრით “პური”,  ეგრეთ წოდებულ “ებრაულ უბანში” მდებარეობს, გაგლოევის ქუჩაზე, 13 ნომერში (ყოფილ ტელმანზე). საბჭოთა დროს აქ დიდი ებრაული თემი ცხოვრობდა და  ეს უბანი ცხინვალის ღირსშესანიშნაობად ითვლებოდა. თითქმის მთელი თემი 1889 წელს გადასახლდა, როდესაც ოსურ-ქართული დაპირისპირება უკვე აშკარა გახდა.

ირინა პარასტაევა ახლა 64 წლის არის, და მას ეს მაღაზია ოთხი წლის ასაკიდან ახსოვს. ცხინვალში ის ზნაურის რაიონის სოფელ ბაკატიკაუდან ბებიასთან ერთად ჩამოდიოდა ხოლმე, სტუმრად ბებიას მულთან – ევასთან, რომელიც მაღაზიის მახლობლად გოგებაშვილის შესახვევში ცხოვრობდა. ევა გაუთხოვარი იყო და თავი სულ იმით მოჰქონდა, რომ 17 წლის ასაკიდან პარტიის წევრი გახლდათ.

იმ წლებში ეს მაღაზია ნაჭრებით ვაჭრობდა, და ერთ ადგილობრივ ებრაულ ოჯახს ეკუთვნოდა. აქ ნაჭრების გარდა არაფერი იყიდებოდა, თუმცა ერთ-ერთ ჩამოსვლაზე მაღაზიის დახლზე პატარა თოჯინა გაჩნდა, და ირინამ ბებიას მისი ყიდვა სთხოვა. მაგრამ, გამყიდველმა არ მიჰყიდა, რადგან თოჯინა გაფუჭებული იყო; ირინას დღემდე ახსოვს,  როგორ განაწყენდა. რაღაც ტოტები მოძებნა, თოჯინას ფეხები დაამზადა, თავი და ფეხებიც გაუკეთა, ნაჭერი მოაკერა და მერე დიდხანს თამაშობდა. 

1970-იანი წლების შემდეგ ეს მაღაზია პროდუქტების გახდა, მარცხნივ დახლზე პროდუქტები ეწყო, მარჯვნივ კი პური იყიდებოდა. საბოლოოდ მას შემდეგ შეწყვიტა მუშაობა, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანდა.

სასტუმრო “ირისტონი”

11

ფოტო: ირინა იანოვსკაია

სასტუმრო “ირისტონი” სევდის მომგვრელად ცნობილ 1937 წელს აშენდა. გეორგი ბეტეევი პირველად იქ 1957 წელს გაჩერდა, როდესაც თბილისიდან კვაისაში გაუშვეს მივლინებით, სადაც მან  დაახლოებით ერთ წელიწადს იმუშავა წიაღისეულის მართვის უფროსად და ხშირად ჩადიოდა ცხინვალში. ის ჰყვება, რომ იმ დროს ცხინვალში სიამოვნებით ჩადიოდა ხოლმე დასარჩენად, რადგან ქალაქი სუფთა და ძალიან წყნარი იყო. კიდევ მას დაამახსოვრდა ღვინის წერტი სასტუმროს მახლობლად, და რომ ბაზარში, რასაც ისურვებდი, ყველაფრის ყიდვა შეიძლებოდა – თან ძალიან იაფად – ხაბიძგინებით დაწყებული, შემწვარი გოჭებით დამთავრებული.

ვერტმფრენი

12

ფოტო: ირინა იანოვსკაია

ვერტმფენი ბამზე (ცხინვალის ერთ-ერთი უბანი) 1970 -იან წლებში დადგეს. მაშინ ეს საქართველოს სამხრეთოსური ავტონომიური ოლქი იყო და აქ ვერტმფრენების პოლკი იყო განლაგებული. თავად პოლკი სოფელ ნიქოზის მახლობლად იდგა. მისი შტაბი შანხაის (ცხინვალის უბანი) განაპირას იყო. ხოლო მფრინავებს სახლები ბამზე აუშენეს.

ვიდეო: ირინა იანოვსკაია

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.


ასევე წაიკითხეთ