ხატიას გათხოვება არ უნდა
სკოლამდე ფეხით 2 კილომეტრია. გაკვეთილები დილის 9 საათზე იწყება. ხატიას სახლიდან 8 საათზე უწევს გასვლა, პირველკლასელების ღია გაკვეთილს უნდა მიუსწროს.
თავიდან ბილიკით გრუნტის გზამდე მიდის, მერე კი ისევ ბილიკით და მინდვრის გავლით. წვიმამ ყველაფერი აატალახა, და ამიტომ, თავის ლამაზი ჩექმებზე რეზინის კალოშები აქვს წამოცმული.
ხატია ჯობაძე ტაბახმელის სკოლის მე-9 კლასში სწავლობს, საქართველოს მაღალმთიანი აჭარის სოფელში. მას ძალიან უხარია, რომ პირველ კლასში სამი ბავშვი მაინც არის, მაგრამ გული სწყდება, რომ თვითონ სკოლას საზეიმო ბოლო ზარისა და გამოსამშვიდობებელი ბანკეტის გარეშე ამთავრებს – უკვე რამდენიმე წელიწადია, რაც ის ერთადერთი მოსწავლეა თავის კლასში.
“მიყვარს სწავლა, განსაკუთრებით ბიოლოგია მომწონს, პედაგოგებიც კარგი მყავს. მაგრამ კლასში მარტოდმარტო ვარ და ეს ძალიან საწყენია. მეგობრები რომ მყავდეს – უფრო დიდი სიამოვნებით და მოტივაციით ვისწავლიდი”.
ხატიას გრძელი შავი თმა აქვს, ნაწნავების გაკეთება არ უყვარს. 15 წლის გოგონა ექიმობაზე ოცნებობს, თუმცა იცის, რომ მის ოჯახს ფული არ აქვს, და უნივერსიტეტში მისთვის სწავლის ფულის გადახდას ალბათ ვერ შეძლებენ.
კიდევ ძალიან ეშინია, რომ მშობლებმა მისი ნაადრევად გათხოვება არ გადაწყვიტონ. მაშინ, სოფლის დანარჩენი გოგონებივით, მასაც დიასახლისობა მოუწევს და ექიმის კარიერაზე ოცნება უკვე საბოლოოდ უნდა დაივიწყოს.
“ძალიან კარგად უნდა ვისწავლო, – ამბობს ის, – და მერე, როცა გავიზრდები, იქნებ კარგი შემოსავალი გამიჩნდეს, და თავად გადავწყვიტო ჩემი ბედი”.
სოფელი ტაბახმელი ზღვის დონიდან 1,050 მეტრზე მდებარეობს და ხულოს მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. ეს მხარე თავისი მკაცრი ზამთრებით არის განთქმული. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ თოვლი მთელ გზებს კეტავს, და დასახლება ცივილიზაციისგან მოწყვეტილი რჩება.
თუმცა, ახალგაზრდებისთვის აქ არც ზაფხულია განსაკუთრებულად პერსპექტიული.
ყველანაირი გასართობი მხოლოდ ადგილობრივი ხასიათისაა. ახალგაზრდა გოგო-ბიჭები სოფლის მოცუცქნულ ცენტრში იკრიბებინ და თავს ბანქოს თამაშით იქცევენ. კიდევ შეიძლება მობილურით ხელში იჯდე და იკითხო, თუ ვინ რას წერს Facebook-ზე.
სოფელში ერთადერთი მაღაზიაა. ხატია ამბობს, რომ ზოგჯერ, თუ გაგიმართლებს, იქ ბათუმიდან ჩამოტანილი სიმპათიური კოლგოტების ყიდვაც შეიძლება.
ყველა ამ მიზეზის გამო, ახალგაზრდები პირველივე შესაძლებლობისთნავე ცდილობენ, სწავლის გასაგრძელებლად ბათუმთან ახლოს, სოფელ დაბა ხულოს სკოლაში გადავიდნენ, ან სულაც თავად ბათუმში.
ერთსართულიანი სკოლის ხის შენობაში სულ 11 მოსწავლეა, მათი განათლებით კი 14 მასწავლებელია დაკავებული. სკოლის დირექტორი ოთარ გობაძე მშვიდად და ემოციების გარეშე ვერ უყურებს მოსაწავლეების მიერ წლების წინათ სკოლის კედლებზე დატოვებულ ნახატებსა და წარწერებს.
მისი თქმით, სკოლა თავიდან 60 მოსწავლეზე იყო გათვლილი. შემდეგ მიგრაცია დაიწყო, და ადამიანები იქით წავიდნენ, სადაც უკეთესი ცხოვრება ეგულებოდათ; ნაწილი – წალკაში, სხვები კი ბათუმში.
“მიგრაციამ პრობლემა დასახლებასაც შეუქმნა და სკოლასაც. ამჯერად მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეცხრე კლასებში თითო მოსწავლე გვყავს. მთელი ცხოვრება ბავშვებთან ერთად ამ სკოლის კედლებში მაქვს გატარებული, დღეს კი იმის მომსწრე ვარ, თუ როგორ ცარიელდება ჩვენი, ერთ დროს აქტიური და მხიარული სოფელი”.
მარინა თავართქილაძე ასევე ტაბახმელში ცხოვრობს, მაგრამ სოფლის ცენტრთან უფრო ახლოს, ვიდრე ხატიას ოჯახი. მარინას თქმით, ადამიანები ამ სოფლიდან სამუშაოს არქონის გამოც გადასახლდნენ, მაგრამ იმიტომაც, რომ აქ მე-17 საუკუნის საცხოვრებელი პირობებია. ის სამი შვილის დედაა, მაგრამ მარტო ცხოვრობს – მისი სამივე შვილი ბთუმში გადასახლდა და მათ ხშირად ვერ ნახულობს. ამბობს, რომ კიდევ კარგი, მობილური ტელეფონები არსებობს.
“ახალგაზრდებს ლამაზი მთები და სუფთა ჰაერი საერთოდ არ სჭირდებათ, – ამბობს მარინა, – მათ კინოთატრი, დისკოთეკა და გაკაშკაშებული ქუჩები უნდათ. და, რასაკვირველია – სამუშაო ადგილები”.
ანზორ ბოლქვაძე საქართველოს პარლამენტის დეპუტატია. ის ტაბახმელში არ დაბადებულა და გაზრდილა, მაგრამ იქვე, ხულოს რაიონის მეზობელი სოფლიდანაა. ის პარლამენტში მაღალმთიან რაიონებს წარმოადგენს.
“აჭარაში კიდევ უკეთესი ვითარებაა, ვიდრე საქართველოს სხვა მთიან რეგიონებში. მთიანი რეგიონების დასახმარებლად შექმნილი ახალი კანონი ბევრ შეღავათს ითვალისწინებს – მაგალითად, ამ რეგიონებში მასწავლებლები მნიშვნელოვნად მომატებულ ხელფასს მიიღებენ. ეს ყველფერი მთაში საცხოვრებლად დარჩენილებსაც დაეხმარებათ, და დაბრუნების სტიმულს მისცემს მათაც, ვინც იქიდან გადასახლდა”, – ამბობს დეპუტატი.
ემინე აბულაძე ტაბახმელის სკოლაში, უკვე 15 წელია, ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. მისი ოჯახის წევრები დიდი ხნის წინათ გადასახლდნენ ბათუმში. მან კი ვერ შეძლო სკოლისა და უკვე ნათესავებად ქცეული ადამიანების მიტოვება, და ახლა ტაბახმელში მარტო ცხოვრობს.
“ამ სკოლაში მისი გახსნის დღიდან ვასწავლი. აქტიური ბავშვები გყავს, და რადგან თითოეულ კლასში ცოტანი არინ, მათთან თითქმის ინდივიდუალურ რეჟიმში ვმუშაობთ, ყოველდღიურად ვუმოწმებთ ცოდნას. მაგრამ არის უარყოფითი მხარეც – ჩვენ მოსწავლეებს ჯგუფური მუშაობის გამოცდილება არ აქვთ, რამაც მათ, შესაძლოა, კომუნიკაციის პრობლემები შეუქმნას”.
როგორც ხულოს რესურსების ცენტრის ხელმძღვანელი, ედუარდ მიქელაძე ამბობს, მოსწავლეების დეფიციტი რაიონის 49 საჯარო სკოლიდან 11-ში აღინიშნება. ყველაზე მეტი მოსწავლე – 315 – სოფელ დაბა ხულოს საჯარო სკოლაში ჰყავთ.
ედუარდ მიქელაძის თქმით, რაიონში სამწუხარო დინამიკა შეინიშნება: ვინც სოფელს დროებით ტოვებს – სწავლის ან სადმე მუშაობის მიზნით, როგორც წესი, უკან აღარ ბრუნდება.
“კანონმდებლობის მიხედვით, თუ სკოლაში ერთი მოსწავლე მაინც არის, მან უნდა იმუშაოს, – ამბობს მიქელაძე, – რაიონში თითქმის ყველა სკოლა მოწესრიგებულია, ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილი, მაგრამ ადამიანები მაინც ოჯახებიანად ტოვებენ სოფელს – ვინ სოციალური პირობების გამო, ვინ კიდევ – სხვა მიზეზით. თითქმის ყველგან მხოლოდ მოხუცები რჩებიან”.
ხატია სკოლიდანაც ფეხით ბრუნდება, თუმცა უკვე ბინდდება. გრძელი, თოვლიანი ზამთარი ახლოვდება და სოფლის მოსახლეობამ კარტოფილის მოკრეფა უნდა მოასწროს. ამიტომ, თათია შინ კი არ მიდის, არამედ მინდორში კარტოფილის საკრეფად გასულ მშობლებს უერთდება, რომლებიც იქ დილიდან მუშაობენ. ხატია ჯობაძის ოჯახი ყოველწლიურად დაახლოებით 20 ტონა კარტოფილს კრეფს.